სცენოგრაფის ვირტუალური და მგრძნობიარე თამაშები
© თამრი ოხიკიანი

სცენოგრაფის ვირტუალური და მგრძნობიარე თამაშები

წაკითხვა
8 წუთში წასაკითხი

თამრი ოხიკიანი – ქართველი მხატვარი და სცენოგრაფი

◉ BOGART: როგორ ფიქრობ, როდის შეიძინა თეატრმა შენთვის მნიშვნელობა? რატომ გადაწყვიტე, რომ თეატრის მხატვარი გამხდარიყავი?

ალბათ, მნიშვნელოვანი წლების მერე გახდა, თავიდან იყო ინტერესი: ყველაზე მეტად – როგორც მაშინ, ისე ახლა – ბევრ ადამიანთან ერთად მნიშვნელოვანი რაღაცების კეთება მხიბლავს და თან ისე, თითქოს ეს შენი პირადი ამბავიცაა, ასევე საერთოც. გააზრებული არ მქონდა თეატრის მხატვრობა, უბრალოდ მგონია, რომ ქვეცნობიერად სულ ვფიქრობდი. მიმაჩნია, რომ თეატრის მხატვრობას ვერ გადაწყვეტ, სანამ არ იმუშავებ თავად სპექტაკლზე. მერე უფრო გასაგები ხდება პროფესია და შენი როლი და სურვილებიც ამ პროფესიაში.

◉ BOGART: ძირითადი გამოწვევები დღეს, რომლის წინაშეც თეატრის მხატვარი დგას?

სამწუხაროდ, დარგის განვითარებისთვის არაფერი კეთდება და ეს არ ეხება მხოლოდ კულტურის პოლიტიკას ან განათლების მეთოდს. სცენოგრაფია, პირველ რიგში, ურთიერთობაა რეჟისორთან და მსახიობებთან და როდესაც ამის საშუალება არა აქვს თეატრის მხატვარს, უნდა ითქვას, რომ მხოლოდ წიგნების კითხვით ვერ განვითარდები. მიუხედავად მატერიალური პრობლემებისა, დღეს ბევრ თეატრს შეუძლია, რომ მხატვარი მოიწვიოს და მისცეს საშუალება, გაიცნოს სფეროს სპეციფიკა. სამწუხაროდ, ასე მასშტაბურად არავინ უყურებს აღნიშნულ საკითხს და მხოლოდ საკუთარ სპექტაკლიდან და თეატრიდან გამომდინარე იღებენ ხოლმე გადაწყვეტილებებს.

◉ BOGART: როგორ გგონია, სჭირდება თუ არა თეატრის მხატვარს თანამედროვე სახელოვნებო ტენდენციების ცოდნა და გააზრება? ხელოვნებაში არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ხელოვანები მხოლოდ ერთი მედიუმით ინტერესდებიან და ცდილობენ მათი შემოქმედების დიდი ნაწილი სწორედ ამ მედიუმში არსებული გამოცდილების ხარჯზე შეიქმნას. რანდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია თეატრის მხატვრისთვის განსხვავებული მედიუმების კარგად ცოდნა და რაც მთავარია, გამოყენება? რას საჭიროებს დღეს თეატრი და სცენა?

თეატრის მხატვრობა უკვე თავისთავად შედგება სხვადასხვა მედიუმისგან. საუკუნეზე მეტია გავიაზრეთ, რომ მხატვარი არ არის მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც ფუნჯი და პალიტრა უჭირავს. იმდენად საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ ვერ წარმომიდგინებია, დღეს როგორ უნდა შეზღუდო თავი და მხოლოდ ერთი მიმართულებით იფიქრო ან იმოქმედო. ხელოვნებაში მყოფი ადამიანი მუდამდღე რაღაცის ძიების პროცესშია. ზოგჯერ ისეთის, რასაც სახელსაც კი ვერ არქმევს. ასეთ დროს, როგორ შეიძლება ზუსტი ინსტრუმენტი გაგაჩნდეს, როცა ისიც კი არ იცი, თუ რას დაეძებ. უფრო სწორად, იცი, ოღონდ შეგრძნების დონეზე.

რამდენიმე წლის წინ მქონდა შეხვედრა ახალგაზრდა მხატვრებთან, სადაც მეოცე საუკუნის მნიშვნელოვან პერსონებს (მხატვრებს, პერფორმერებს, რეჟისორებს) ვადარებდით თანამედროვე მხატვრობასა და თეატრში. აღმოვაჩინეთ, რომ ზუსტად ერთი და იგივე პერიოდში, სხვადასხვა ადგილას ზუსტად ერთი და იგივე ნივთი აქვთ გამოყენებული. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ზუსტად ერთნაირად უპოვნიათ ინსტრუმენტი რაღაცის გადმოსაცემად, ამიტომ არ გავმიჯნავ სახელოვნებო დარგებს, მით უმეტეს, მხატვრობას.

◉ BOGART: კოლაბორაციის პროცესი – რამდენად რთულია შეთანხმებულად მუშაობა თეატრში, რადგანაც ცნობილია, რომ ეს ის სივრცეა, სადაც ადამიანებს სხვადასხვა მოვალეობები აკისრიათ და პასუხისმგებლობებსაც შესაბამისად ინაწილებენ. ამ პროცესში რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება?

ეს არის მთავარი განმასხვავებელი პროფესიაში, ამის გარეშე შეუძლებელია ამ პროფესიაში ყოფნა. და საერთოდ, მგონია, რომ ადამიანი სხვა ადამიანთან ურთიერთობაში ამოიცნობს საკუთარ თავს. საკუთარი თავის აღმოჩენა სხვასთან ერთად ფიქრის პროცეში – შეუდარებელი გრძნობაა. მგონია, რომ გუნდთან მუშაობა, თუკი საერთო ფასეულობებით გადაიკვეთეთ, ადვილია.

◉ BOGART: ხშირად ჰგონიათ, რომ ნიჭი და გარკვეული რესურსები საკამრისია იმისთვის, რომ რაიმე ღირებული შეიქმნას. რამდენად იზიარებ ამ შეხედულებას? 

ამ მომენტში ყველაზე დიდი ნაკლებობა გულწრფელობასა და სიმართლეშია, ვიდრე სხვა რამეში. ვიღაცას შეიძლება რომანტიულად მოეჩვენოს ეს პასუხი, მაგრამ ეს სიმართლეა. ძალიან ცოტა სივრცე მეგულება, სადაც და საიდანაც სიმართლეს გავიგებთ, სადაც ერთმანეთის მიმართ გულწრფელები არიან და შემდეგ უკვე მაყურებელსაც სიმართლეს ეუბნებიან. შეიძლება პარადოქსია, როცა თეატრი თავისთავად თამაშს, ხელოვნურად შექმნილ სამყაროს ნიშნავს და ამავდროულად, სიმართლეს ითხოვ მისგან. თუმცა სწორედ თეატრში არის ამის შესაძლებლობა – მონტაჟის გარეშე როდესაც შეგიძლია თვალყურის დევნება. ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვატყუებთ სცენიდანაც და კულისებშიც…

რა თქმა უნდა, მატერიალური პრობლემებიც ბევრია და ისიც, რომ გარკვეულ წრეებში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა – უბრალოდ არ არსებობს შესაბამისი სწავლება, ტექნიკური აღჭურვილობა და სხვ.

◉ BOGART: სპექტაკლები, რომლებიც საკუთარი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა.

ყველა სპექტაკლი წინ გადადგმული ნაბიჯია. ყველა სპექტაკლზე ისე ვმუშაობ, თითქოს პირველად ვაკეთებ. ახლა გამახსენდა „რომეო და ჯულიეტა“, სადაც მივხვდი მექანიზმს, სტრუქტურას, როგორ შეიძლება მიხვიდე შედეგამდე.

მაგრამ ყველა ნამუშევარი რაღაცას გასწავლის და სხვადასხვა ხედვის კუთხეა – ამიტომაა ეს პროფესია ასე საინტერესო და ამოუწურავი.

◉ BOGART: მნახველმა კარგა ხანია გაგიცნო თეატრის მიღმაც, ციფრული ნამუშევრებით.  რატომ გადაწყვიტე, რომ ამ მიმართულებით გემუშავა?  რა შესაძლებლობებს გაძლევს ის?

სულ თავიდან, თეატრამდეც, ფოტოგრაფია მაინტერესებდა. ბევრს ვიღებდი. რაღაც დროს მივატოვე, თუმცა პერიოდულად ვუბრუნდები და მგონია, რომ ფოტოგრაფიის სხვა სახეობა და თავად თეატრია ფოტოგრაფიაში. და კიდევ წერის სურვილი, რაზეც ვისურვებდი, რომ უკეთესად გამომდიოდეს.

◉ BOGART: ამბავი – შენ მიერ შექმნილი გამოსახულებები სავსეა სხვადასხვა განწყობებით: ქალების, კაცების, ბავშვების ამბებით და ზოგადად, სამყაროში არსებული დრამატული ან თუნდაც ნაკლებად დრამატული მოცემულობებით. რატომ ირჩევ თემებს, რომლებიც ზოგჯერ მელანქოლიურია და ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ეგზისტენციალიზმზეც მიგვანიშნებდეს?  

გულწრფელად, არ ვირჩევ ხოლმე თემებს – ყველა ჩემი ნამუშევარი არის დაკავშირებული კონკრეტულ მოვლენასთან. რეალურად, ვირჩევ ან სპეციალურად ვაკეთებ ისეთ თემაზე, რომელიც მაწუხებს სოციალურ ცხოვრებაში. მაგალითად, ფესტინოვაზე გაკეთებული „ოქროს მეხსიერება“-  ინსტალაცია საყდრისის თემაზე, ან იგივე გარიყულაში „პლასტმასის მუზეუმი”. გარდა პირადი განცდებისა, როცა გაქვს ფუფუნება, საჯაროდ თქვა რამე და, მით უმეტეს, როცა გყავს შესაბამისი აუდიტორია, დაუშვებელია, გვერდი აუარო ამ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარს, სხვებისა თუ საერთო სათქმელის გაჟღერებას.

◉ BOGART: რატომ აერთიანებ რეალობიდან აღებულ გამოსახულებებს ხელოვნურად შექმნილ ფრაგმენტებთან?

როცა დავიწყე კოლაჟების კეთება, ფონად ვიყენებდი ჩემ მიერ გადაღებულ ფოტოებს და მაინტერესებდა მათი ტრანსფორმაცია და შერწყმა, როგორც ორი ცნობიერის შეკავშირება. შემდეგ არ შევზღუდე თავი და მივხვდი, რომ ისედაც შეიძლებოდა ამის გაკეთება.

◉ BOGART: ვინ არიან შენი პერსონაჟები? მნახველისთვის ზოგჯერ აშკარაა მათი გრძნობები: სიყვარული, სევდა და სიამოვნების განცდაც…

კოლაჟებს თუ გულისხმობთ, ძირითადი პერსონაჟი ქალია და პირველ რიგში, ეს მე ვარ.

◉ BOGART: გავლენებზე თუ კი ვისაუბრებთ, დავინახავთ, რომ ამ გამოსახულებებში უამრავი რამაა ხელოვნების ისტორიიდან და აწმყოდან. მათ გარდა კიდევ გვხვდება სხვადასხვა ვიზუალურად საინტერესო დეტალები: უცნაური და წარმოსახვითი გარემო, რომელსაც თავად ქმნი. ძირითადად, როგორ ხდება ამ დეტალების ერთმანეთთან გადაკვეთა? რასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული?

ყველაფერი დაკავშირებულია ზღაპრების გმირების გახსენებასთან, ბავშვობის ისტორიებთან, მითოლოგიასთანაც. ნაწილი წინასწარ ვიცი, ნაწილი კეთების პროცესში მახსენდება ხოლმე.

◉ BOGART: რა იწვევს ხელოვანში თავისუფლების შეგრძნებას? როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია სითამამე და გამბედაობა?

იმდენად, რამდენადაც შეგიძლია სიმართლის თქმა, როდესაც საკუთარ თავს არ ატყუებ და კიდევ – ცოდნა გაძლევს თავისუფლებას!

◉ BOGART: პროექტი/პროექტები, რომლებზეც ახლა მუშაობ.

საინტერესო წელი მქონდა – ვიმუშავე ქართულ ანიმაციაზე, კომიქსზე, სერიალზე, სპექტაკლებზე, ბევრი ახალი იყო 2022-ში. ახლა სპექტაკლზე ვმუშაობ: რაინერ ვერნერ ფასბინდერის „პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები“ და ძალიან მაინტერესებს, რას გავაკეთებ…

◉ BOGART: ბევრი მუშაობის გარდა, რა დაგეხმარა წარმატების მიღწევაში და რა რჩევას მისცემ მათ, ვინც ახლა იწყებს ამ სფეროში თავის დამკვიდრებას?

ჩვენს ქვეყანაში სიტყვა წარმატება ცოტა უცნაურად ჟღერს… არ ვიცი, რას ნიშნავს. ჩემი რჩევაა, რომ არ მოიტყუო საკუთარი თავი და არ მოატყუოთ სხვები. ხელოვნებაში ყოფნაც პასუხისმგებლობაა. სინამდვლეში, მარტივია ამ გზის არჩევა – იყავი გულწრფელი.