© ნაილი ვახანია
© ნაილი ვახანია

ნაილი ვახანია – ლამაზად შემოთავაზებული ყოველდღიურობა

წაკითხვა
6 წუთში წასაკითხი

ხატვით პირველივე ჯერზე მოვიხიბლე, როდესაც ხელში ფანქარი ავიღე და შეიძლება ითქვას, მას მერე არ გავჩერებულვარ. ყველაზე ადრეული მოგონება ჩემს მეხსიერებაში უკავშირდება გამოფენას, რომელიც სკოლაში გვქონდა – პირველ კლასში. მახსოვს, ჩემს ნახატებს რომ შევხედე, ვიფიქრე, რომ ეს სწორედ ის იყო, რის კეთებაც მთელი ცხოვრება მინდოდა.

 BOGART: როგორ გგონიათ, ხატვა როგორ გეხმარებათ და რა როლს ასრულებს ის თქვენს ცხოვრებაში?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხატვა არის მთავარი მამოძრავებელი წყარო ჩემს ცხოვრებაში. მეხმარება, რომ ჩემს გრძნობებს და ფიქრებს მივცე ხორციელი სახე. როდესაც ხატავ, შენ შეგიძლია ისტორია მოჰყვე, რომელიც ფრიად მნიშვნელოვანია – გინდა, რომ სხვებმა არა მხოლოდ გაიგონ, არამედ აღიქვან კიდეც.

 BOGART: უბრალოება და ესთეტიკა – ეს სიტყვები რას ნიშნავს თქვენთვის?

ჩემთვის უბრალოება და ესთეტიკა ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილებია. სინამდვილეში, ცხოვრება შედგება უბრალო, პატარ-პატარა დეტალებისგან, რომლებიც შემდგომში ჩვენი წარმოსახვით დიდდება და ზვიადდება. ესთეტიკა კი არის სწორედ ის უნარი, რომელიც მცირე დეტალებში ბედნიერებისა და მნიშვნელობის დანახვის საშუალებას იძლევა.

 BOGART: თქვენს ნამუშევრებში ვხედავთ ლამაზ გარემოს ყვავილებით, ფერადი სახლებითა და ჭრელი დეტალებით. სად ეძებთ ამ ყველაფერს?

ბუნება და ადამიანი ორივე შემოქმედია. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, აღმოვაჩინო ის გარემო, რაც შექმნა ადამიანმა და ბუნებამ ერთმანეთის გავლენით, რომელიც ხან ლამაზია, ხანაც კი პირიქით – პირქუში, სასტიკი და გრანდიოზული… ჩემი აზრით, უმეტეს ადგილებში შეგიძლია იპოვო ის რაღაც, რაც ლამაზია და მნიშვნელოვანია, თუმცა აქამდე ყურადღებას არ ვაქცევთ. ვცდილობ, საგულდაგულოდ დავაკვირდე ყველაფერს, რასაც ვხედავ და მკაფიოდ შევინახო ჩემს მეხსიერებაში. თითქმის ყველა ნივთი და ადგილი, რაც ჩემს ნამუშევრებშია, რეალურია. ყველაფერი, რაც გავლენას ახდენს ჩემს ცხოვრებაზე, რაღაცნაირად ნივთებისა და ფერების სახით ილექება ჩემს მეხსიერებაში და შემდგომ ნამუშევრებში ვაცოცხლებ მათ.

 BOGART: რატომ გადაწყვიტეთ, გადმოგეცათ ის, რასაც ადამიანი ასე ხშირად შეიძლება ხედავდეს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში?

თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შედგება იმ დეტალებისგან, რომლებსაც ვეხებით და ვხედავთ. ჩემს ნამუშევრებში, უმეტესწილად, ვცდილობ, შევქმნა ისეთი გარემო, რომელიც ყველასთვის ნაცნობი იქნება, რათა პირადი გადმოსახედიდან აღიქვან ის, რაც რეალურად ხდება. თითქოს, ვცდილობ, რომ ჩემი ნამუშევრის ტყავში გავახვიო მნახველი, რათა ცხადად შეიგრძნოს, იმ მომენტში რის თქმა მსურდა.

 BOGART: კრეატიულობა – მოგვიყევით თქვენს საქმიანობაზე. გვესაუბრეთ საპოს კონცეფციასა და იმაზე, ადამიანებს რატომ შეიძლება ის მოსწონდეთ?

მჯერა, რომ თუკი ადამიანი მოინდომებს, შეუძლია ყველაფერი ისწავლოს, შექმნას ისეთი რამ, რაც მანამდე წარმოუდგენლად აღიქმებოდა. საპო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გამიკეთებია. ხელოვნებას შეიძლება მრავალნაირი სახე ჰქონდეს; ამ შემთხვევაში, ჩემთვის ხელოვნებას საპნის სახე აქვს, რომელიც თან წარმავალია, ქრება და თან გიტოვებს მნიშვნელოვან გზავნილებს. რამდენიმე წელია, რაც დავიწყე საპოს კეთება. საპო არის ხელნაკეთი საპნები, რომლებსაც ვამზადებ. ყველა საპონს აქვს თავისი კონცეფცია. პირველი იყო საპო ცხოველებზე: ცხოველის ფორმის საპნებს მოჰყვებათ თავიანთი ზღაპრები. ყველა ზღაპარს აკლია ბოლო გვერდი, რომელიც საპონში არის დამალული. საპნის კონცეფცია არის სწორედ ის ჩანაფიქრი, რომ პატარებს შევაყვაროთ ხელების დაბანა დაძალების გარეშე და ინტერესის აღძვრა იყოს მთავარი დამხმარე ძალა.

© ნაილი ვახანია
© ნაილი ვახანია

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საპოში არის საპო „ხელებიც დამიბანია“. ძალიან შემტკივა გული იმაზე, რომ არქიტექტურა, რომელიც დასაფასებელია და მოსაფრთხილებელი, თვალსა და ხელს შუა ნადგურდება. სწორედ ამიტომ, შევქმენი საპნები, რომლებსაც თბილისის კულტურული მემვიდრეობის ძეგლების ფორმა აქვს. ეს სახლები შეგიძლიათ დღესაც იპოვნოთ თბილისში, სავალალო მდგომარებაში. საპნებისთვის ვქმნი პატარა წიგნებს, სადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ შენობების ისტორია და იპოვნოთ რუკაც კონკრეტული სახლის მისაგნებად. სახელიც სიმბოლურია – საბოლოოდ, ეს საპონიც გაქრება, როგორც ეს შენობები ინგრევა…

საპოსთვის ზღაპრებს, ილუსტრაციებსა და ფორმებს უშუალოდ მე ვქმნი. მუდმივად ვცდილობ, რომ ეს საპნები იყოს გზავნილის მატარებელი, რომელიც ეცდება რაღაცის სასიკეთოდ შეცვლას ამოდენა სამყაროში.

 BOGART: ცოტა რამ პროექტების შესახებაც.

ჩემ მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის მინდა, რომ გამოვყო ორი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც განმავითარა, როგორც ხელოვანი. წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელოვანებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი პროექტში „ურბან სკეჩინგი“. თემების მიხედვით, დავდიოდით საქართველოში სხვადასხვა საინტერესო ადგილებზე, ვიგებდით ისტორიებს ამ ადგილების შესახებ, ვხვდებოდით საინტერესო ხალხს. ჩვენ, მხატვრებიც და სხვებიც, ვაკეთებდით ჩანახატებს. სწორედ „ურბან სკეჩინგი“ დამეხმარა, მეპოვნა ჩემი თავი დეტალებში და ტექნიკურად დამეხვეწა საკუთარი ნამუშევრები.

მეორე პროექტი, რომელმაც დიდი სულიერი ზეგავლენა იქონია ჩემზე, არის „აქთუშეთის“ რეზიდენცია, სადაც რამდენჯერმე მივიღე მონაწილეობა. თუშეთი გახდა ჩემთვის სიცოცხლის ელექსირივით. ის ენერგეტიკა, რაც იქ ტრიალებს, თავიდან ბოლომდე მორევში გითრევს და, ალბათ, იქიდან ვეღარც გამოხვალ. ადამიანები, მითოლოგია, ბუნება, მცენარეები, სოფლები, ისტორია – იმდენი შთაგონების წყაროა ჩემთვის, რომ ალბათ, მთელი ცხოვრება ვერ ამოვწურავ იმ მარაგს, რასაც ეს საოცარი გარემო მაძლევს.

 BOGART: სამომავლო გეგმები, რომლებსაც უნდა ველოდოთ.

ამ ეტაპზე ვმუშაობ ძალიან საინტერესო პროექტზე, რამდენიმე ხელოვანსა და ბოტანიკოსთან ერთად. ზაფხულში, 1-თვიანი კვლევის შედეგად, მაღალმთიან აჭარაში გავიცანით 35-მდე ქალი, რომელიც ფლობს ცოდნას მცენარეებზე. ისინი სხვადასხვა დატვირთვით გამოიყენებენ მცენარეებს: მკურნალობისთვის, საკვებად, საყოფაცხოვრებო და სარიტუალო დანიშნულებისთვის. ჩვენ ვაპირებთ ამ ცოდნის შეკვრას და წიგნის სახით გამოცემას, შემდეგ კი გამოფენის მოწყობას თბილისსა და ბათუმში.

 BOGART: და ბოლოს, რა არის ის, რაც ხელოვნებაში ყველაზე მეტად მოგწონთ და ვინაა თქვენი ფავორიტი ხელოვანი?

ხელოვნებაში ყველაფრის შექმნა შეგიძლია – აქ შენ ხარ შემოქმედი, ზღვარი წაშლილია ცნობიერსა და ქვეცნობიერს, რეალურსა და არარეალურს შორის. დაბრკოლება არ გაქვს იმისა, რომ გადმოსცე ის, რაც გინდა, რომ გახდეს ცხადი და აღქმადი. შენი ხელოვნებით შეგიძლია დაანახო ადამიანს ის, რასაც მანამდე ვერ ხედავდა. ხელოვნებით შეგიძლია ბევრი პრობლემა გამოააშკარავო და სცადო მათი მოგვარება.

რაც შეეხება ფავორიტ ხელოვანს, ჩემთვის ძალიან მიმზიდველი და დასაფასებელია თამარ ბოჭორიშვილს სიზმრისეული, მაგიური სამყარო.