ქეთა გავაშელის პირველი სოლო გამოფენა - „ჟანგიანი ცრემლები“

ქეთა გავაშელის პირველი სოლო გამოფენა – „ჟანგიანი ცრემლები“

წაკითხვა
2 წუთში წასაკითხი

ქეთა გავაშელი მულტიმედია ხელოვანია. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის სწავლის შემდეგ გავაშელი საცხოვრებლად გერმანიაში, დიუსელდორფში გადავიდა. ავტორი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია ინსტალაციებითა და პერფორმანსებით.

ისევ ვიღვიძებ შუაღამეს. ნაცნობი უცნაური გრძნობით, თითქოს ფიზიკურ სხეულს ვშორდებოდე. იმ ღამეს დილის 3 საათზე გავიღვიძე. აბაზანაში ჩავედი, შუქები ჯერ კიდევ გამორთული იყო, ცივი წყალი მოდიოდა და იდაყვებზე დაყრდნობილი ბნელ კანალიზაციას მივშტერებოდი.  მასში რაღაც უსაზღვრო და უცნაურად მიმზიდველი იყო და მე მერი მაკლეინივით მოხიბლული ვიდექი. ჩემი გონება წყალთან ერთად მიედინებოდა – ბგერის სისწრაფით მიდიოდა მილებსა და არხებში. მთელი სისტემა, ისევე როგორც კაპილარული ქსელი, უფრო დიდი სხეულის ნაწილს წარმოადგენდა, რომელსაც ჩემს ნიჟარის ნახვრეტში ვუყურებდი.

ქეთა გავაშელი (The Bones of February, in: WORMHOLE Newspaper, No. 3, June 2021).

გამოფენა LWL-Museum für Kunst und Kultur-სა და The Westfälischer Kunstverein-თან თანამშრომლობით შედგა და ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა ყოველდღიური ქაოსი და დაბრკოლებები.

სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემებით შთაგონებული გავაშელი სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ ობიექტებს თამამად წარმოაჩენს. ვიზუალურად საინტერესო და აკუსტიკური ბგერებით შექნილი გარემოს დახმარებით გვიბიძგებს და გვიწვევს იმ ფარული სამყაროების წარმოსადგენად, რომლებიც იხსნება ასეთი ღიობების მიღმა. უცნაური დეტალებით და ორგანიზმებით ათვისებული სივრცე მნახველს მოუწოდებს, კონცენტრირდეს რაღაც უცხოსა და განსხვავებულზე. 

გავაშელი იატაკზე მიმობნეული გამომშრალი ყვავილებით და აქა-იქ მიმოფანტული პეპლებით მაყურებელს თითქოს ახსენებს, რომ „წვეულება“ უკვე დასრულდა.

დიდი ტილოები, რომლებიც წითლად მოჭიქული ჩრდილებითაა წარმოდგენილი, იწვევს ერთობ უცნაურ ასოციაციებს.

მნახველი გამოფენაზე სამნაწილიან ტილოსაც ნახავს: ცენტრალურ ნაწილში გავაშელმა ჩასვა ცვილის სამგანზომილებიანი ნამუშევარი, რომელიც აღნიშნავს ხილულსა და უხილავს შორის გადასვლას და, ამავე დროს, წარმოადგენს პირდაპირ მინიშნებას მხატვრის ღამის მეხსიერებაზე, რომელზეც თავის ნაწყვეტში საუბრობს.

გამოფენა ერთგვარი მინიშნებაა გარე სამყაროსა და ადამიანის ურთიერთობაზე, რთულ ურთიერთდამოკიდებულებზე, ცოცხალი ორგანიზმების როლზე…

ქეთა გავაშელის გამოფენა 12.02.2023-მდე გასტანს მისამართზე: Rothenburg 30 Munster, Germany, 48143.