ცხვრები, ადამიანები და სხვა ცხოველები

ცხვრები, ადამიანები და სხვა ცხოველები

წაკითხვა
1 წუთში წასაკითხი

Eristavi Gallery, რომელიც ანტვერპენში, ბელგიაში ფუნქციონირებს, 25 ნოემბერს წარადგენს ახალი თაობის ქართველი მხატვრის, ქართლოს ბიკაშვილის სოლო გამოფენას – “ცხვრები, ადამიანები და სხვა ცხოველები”.

გამოფენის გახსნა: 25.11.2022
კურატორი: მარიამ შაქარაშვილი

ქართლოს ბიკაშვილის ხელწერა გამოირჩევა ძლიერი ენერგეტიკითა და ღრმა ფილოსოფიური მიდგომებით, რომელიც განსაკუთრებულ სამყარო ქმნის. გამოფენას აერთიანებს ბოლო სამი თვის მანძილზე შესრულებული ახალი სერია, სადაც იკვეთება საქართველოს აღმოსავლეთისათვის დამახასიათებელი ყოფა და იდენტობა, რომლის ნაწილიც თვითონ მხატვარია.

დიდმა, ძველმა, ჭაობისფერმა სატვირთომ მაყუჩიდან პატარა, შავი ღრუბელი გამოუშვა და ვრცელ, დაუსრულებელ, იისფერ ნახევარუდაბნოში გადაეშვა, როგორც პატარა ნავი, არც ისე წყნარ ოკეანეში. დიდხანს იარა რბილ, მტვრიან გზაზე, ხან მარჯვნივ უხვევდა, ხან მარცხნივ, ხან ზემოთ ადიოდა, ხან კი ქვემოთ ჩადიოდა.

სატვირთო მოულოდნელად სადღაც, ჯანდაბაში გაჩერდა, მგზავრის მხარეს კარი გაიღო და კაბინიდან ვიღაც ჩამოხტა. ვიღაცამ მძღოლს რაღაც უთხრა, კარი მიუხურა და გამხმარ, მოყვითალო მინდორში გაურკვეველი მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. დიდმა, ძველმა, ჭაობისფერმა სატვირთომ მაყუჩიდან კვლავ გამოუშვა პატარა შავი ღრუბელი და რახრახით თავის გზას გაუყვა.

დიდხანს, ნელი ნაბიჯით იარა ვიღაცამ დაუსრულებელ, გაცვეთილ მინდორში. ხან რომელ გაქუცულ ბორცვზე გადაბობღდებოდა, ხან – რომელზე.

ერთ-ერთი, შედარებით მოზრდილი ბორცვის თავზე არც ისე დიდი ლოდი აღმოაჩინა და დაუკითხავად ზედ დააჯდა, რადგან აქედან ნახევარუდაბნო უკეთესად ჩანდა. მან გაშლილ სივრცეში სხვადასხვა ადგილას რამდენიმე ზანტად მოდრეიფე ცხვრის ფარა შენიშნა, შემდეგ ადგა, შარვალი დაიფერთხა და ერთ-ერთი მათგანისკენ სწრაფი, მაგრამ დინჯი ნაბიჯით დაიძრა.

ქართლოს ბიკაშვილი