ნატურალური ტყავის ჩანთა "ლალა" © კოსმო
ნატურალური ტყავის ჩანთა "ლალა"

კოსმო – კიდევ ერთი მიზეზი ბედნიერებისთვის

წაკითხვა
4 წუთში წასაკითხი

წინამდებარე მასალა მომზადებულია ბოგარტის „ქალების მეწარმეობასა და ბიზნესში ჩართულობის ხელშეწყობის პროგრამის“ პირველი ეტაპის ფარგლებში

Ჩვენ ვართ კოსმო, რომელიც ქმნის ხელნაკეთ ჩანთებს და აქსესუარებს. კოსმოში გვჯერა, რომ ჩვენი ჩაცმულობის ნებისმიერ დეტალს ჩვენი ქცევის განსაზღვრა და შეცვლაც კი შეუძლია. გვწამს, რომ ყოველდღიური მოდა გონების პოზიტიურად განწყობას უნდა ემსახურებოდეს. სწორედ ამიტომ ვქმნით ფერად, განსაკუთრებული ისტორიებითა და შინაარსით სავსე ჩანთებსა და აქსესუარებს, რომელთაც მხოლოდ დადებითი ენერგიებით ვმუხტავთ და რომლებიც გონების პოზიტიურად მომართვასა და დადებითი აზროვნების სხვებისთვის გაზიარებასა და გადადებას ემსახურება.

სირთულეებს ძირითადად გამოწვევად აღვიქვამთ. სწორედ ამიტომ ყოველი ახალი სირთულე ახალი თავგადასავალია, რაც უფრო გვეხმარება გაზრდაში.

კოსმო

ზუსტად ვიცით, რომ ყველაზე მცირე დადებითსაც კი შეუძლია წვლილი შეიტანოს ადამიანის ბედნიერებაში. ბევრს ვფიქრობთ და დაუღალავად ვშრომობთ, რათა შევქმნათ კიდევ ერთი ჩანთა ან აქსესუარი, რომელიც დამატებით ფერს, დადებით ემოციას შემოიტანს თქვენს ყოველდღიურობაში და ამ გზით კიდევ ერთი, თუნდაც მცირე მიზეზი გახდება თქვენი ან თქვენი საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის.

BOGART: როდის, სად და რა პირობებში იწყება კოსმოს ისტორია?

ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ორმა სტუდენტმა – სოფი მუხულიშვილმა და თამო აფციაურმა – გადავწყვიტეთ, რაღაც ახალი შეგვექმნა. ჩვენი მიზანი იყო ალტერნატიული, ფერადი სამყაროს შექმნა საქართველოში, რომელიც, როგორც ჩვენ, კოსმოელებს, ისე თითოეულ მომხმარებელს, გააბედნიერებდა თემატური აქსესუარებით. პირველი ფილიალის გახსნა მხოლოდ პირველი თვის იჯარის თანხით და 300 ლარის მასალისგან დამზადებული ნივთებით შევძელით. მიუხედავად იმისა, რომ ყველას მოსწონდა ჩვენი ხელით დამზადებული ინვენტარიც და ნივთებიც, ყველა ბიზნესში გამოცდილი ადამიანი გვიწინასწარმეტყველებდა, რომ 2 ან 3 თვეში აუცილებლად დავკეტავდით მაღაზიას. სამი თვის განმავლობაში, ყველას ვარწმუნებდით, რომ დიდი გეგმები გვქონდა და მათ თვალში ჩვენი ცარიელი მაღაზია, მალე პროდუქციას ვეღარ დაიტევდა გაზრდილი წარმოების გამო და გავფართოვდებოდით. სავაჭრო ცენტრის დირექტორი ყოველდღე გვაკითხავდა და ამოწმებდა დავიკეტეთ თუ არა, თუმცა ჩვენ შევძელით და თითოეული მათგანი ჩვენი დიდი გულშემატკივარი გახდა.

BOGART: დღეს რამდენ ფილიალს ითვლის კოსმო?

დღეს გვაქვს 7 ფილიალი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის ერთი ბათუმშია. ასევე გვყავს რამდენიმე პარტნიორი მაღაზია. ჩვენი წარმოებული პროდუქცია კი ყველაზე მრავალფეროვანია საქართველოში. პროდუქციას ვაწარმოებთ: ნატურალური ტყავის, კაკლის ხისა და მეტალის მასალებისგან. დღეს უკვე 70-ზე მეტი დასახელების პროდუქციაა წარმოებაში.

BOGART: როგორც წესი, რა სირთულეებია ხოლმე ქართულ ბაზარზე?

სირთულეებს ძირითადად გამოწვევად აღვიქვამთ. სწორედ ამიტომ ყოველი ახალი სირთულე ახალი თავგადასავალია, რაც უფრო გვეხმარება გაზრდაში. გამოწვევა თავდაპირველად იყო, რომ ქართველები ნაკლებად აფასებდენენ ხელნაკეთ პროდუქციას, ამ მხრივ სიტუაცია საკმაოდ გამოსწორდა. ასევე კვალიფიციური კადრების დეფიციტია ბაზარზე, ამისთვის ჩვენ თავად ვცდილობთ დავატრენინგოთ და შევასწავლოთ ადგილზე.

BOGART: კოსმოს პროდუქცია ხელმისაწვდომია მსოფლიოს უდიდეს მულტივენდორულ პლატფორმა Amazon-ზეც.

კოსმო Amazon-ზე – ეს უკვე რამდენიმე წლის მიზანია. პანდემიის პერიოდიდან კიდევ უფრო დადგა დღის წესრიგში. თუმცა პროცესები მარტივი არაა, თანაც საქართველოდან დარეგისტრირების შემთხვევაში. წელს გაზაფხულზე დუბაის გამოფენამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ Amazon-ზე დროულად უნდა გავიდეთ, სულ მალე გამოჩნდა “სპარკის” საგრანტო კონკურსი, სადაც გავიმარჯვეთ და დღეს უკვე ამაზონის პლატფორმაზე შეუძლია მომხმარებელს შეიძინოს ჩვენი პროდუქცია.

BOGART: კოსმოს პირველი და უახლესი პროდუქტის შესახებ რომ გვითხრათ.

თავდაპირველად, 2015 წელს ყელსაბამით დაიწყო ყველაფერი. დღეს კი უახლესი პროდუქტი არის ჩანთა – “ადარა”, რომელიც ქართულ ბაზარზე ჯერ აქტიურად არ არის ჩაშვებული და რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა დუბაის გამოფენაზე APLF და სწორედ ის პროდუქტია, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია Amazon-ზე.

BOGART: როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს კოსმოს ბაზარზე არსებული სხვა კონკურენტი ბრენდებისგან?

Ჩვენ ვართ ხელნაკეთი ყოველდღიური ჩანთებისა და აქსესუარების ერთადერთი ბრენდი, რომელიც პირდაპირ დადებითი ემოციებით გავსებს.

BOGART: რჩევა კოსმოს გუნდისგან დამწყები მეწარმეებისთვის.

ქართველ სტარტაპერებს ვურჩევდი, რომ არ შეუშინდნენ სირთულეებს. მიზნისკენ მისასვლელად დრო და ენერგი არ დაიშურონ. არის მომენტები, როცა შეიძლება გამოსავალი არ ჩანდეს, თუმცა მუდმივი ძიება და საქმის სიყვარული აუცილებლად მიიყვანს მათ სასურველ წარმატებამდე.

BOGART: რას უნდა ელოდოს მომხმარებელი სამომავლოდ კოსმოსგან?

ახლა კოსმოს მთავარი მიზანი ექსპორტზე უფრო აქტიურად გასვლაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი მაღაზია Amazon-ზე და გამოფენა მილანში, სადაც 2022-ის შემოდგომას მივიღეთ მონაწილეობა.

BOGART: და მაინც, კოსმო არის ბრენდი, რომელიც…

… ქმნის ფერად, ხარისხიან ხელნაკეთი ნივთებს. ცდილობს მოდა დააბრუნოს ხალხისთვის და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახადოს ის ხელმისაწვდომი.