ფოტო: Vanda Art Gallery
ფოტო: Vanda Art Gallery

რიტა ხაჩატურიანის ახალი შემოქმედებითი კონცეფცია – სერენგეტი

წაკითხვა
4 წუთში წასაკითხი

გალერეა ვანდა წარმოგიდგენთ რიტას – რიტა ხაჩატურიანის – ახალ პროექტს სერენგეტი. გამოფენა მხატვრის თითქმის სამწლიანი შრომის შედეგია და ის გალერეის კურაციით ეწყობა.

რიტას სახელი უკვე რამდენიმე წელია ფართოდ გახდა ცნობილი როგორც საქართველოში, ისე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მისი ნამუშევრები გამორჩეულ ადგილს იკავებს მრავალი ქვეყნის კერძო და სამუზეუმო კოლექციებში.

პროექტი სერენგეტი სრულიად ახალ ეტაპს ქმნის მხატვრის შემოქმედებაში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილ სურათებში ტრადიცია და ნოვატორობა ერთდროულად გვხიბლავს. დახვეწილი ნამუშევრები ერთგვარი იდუმალების განცდას აღგვიძრავს და  გვაჯადოებს ამოუცნობი, მხოლოდ მხატვრისთვის ცნობილი საიდუმლოთი.

გალერეა ვანდა წარმოგიდგენთ რიტა ხაჩატურიანის გამოფენას 'სერენგეტი'
გალერეა ვანდა წარმოგიდგენთ რიტა ხაჩატურიანის გამოფენას ‘სერენგეტი’

რიტას ნამუშევრები ადვილად საცნობია მხატვრისთვის დამახასიათებელი უკომპრომისობით, სიმკაცრითაც კი, რაც საგრძნობი იყო მის ადრეულ სერიებში: შიში, მორფოლოგია, ბატონები. მისი ტილოები გვაოცებს ძალით, მასშტაბით, სიმამაცით, ფანტასტიკური წარმოსახვით!

ახალი და მრავლისმთქმელი შინაარსი შეიძინა მის შემოქმედებაში პეიზაჟმა, რომლის თამამი და უჩვეულო გადაწყვეტა მკვეთრად განასხვავებს თანამედროვე პეიზაჟური ფერწერისაგან: ფართო პანორამები, თვალუწვდენელი სივრცეები, დაუსრულებელი გზები, რომელთაც უსასრულობაში მივყავართ. ეს ყოველივე რიტას მხატვრული თვალთახედვის უნიკალურობაზე, მის უჩვეულო თავისუფლებაზე მიგვითითებს.

რიტას ტილოებზე ვხედავთ უცნაურ ადამიანებს, ფანტასტიკურ არსებებს, ცხოველებსა და მცენარეებს, მაგრამ ამავე დროს – ანგელოზისებრ სახეებსაც. პალიტრის მრავალფეროვნება, მშვიდი და ნათელი ფერების თამაში ღრმა, მუქ ფერებთან უჩვეულო, განსაკუთრებულად ემოციურ კოლორიტს ქმნის, რაც მის ნამუშევრებს  განუმეორებელ, დასამახსოვრებელ, გულშიჩამწვდომ იერს აძლევს.

რიტას საუკეთესო ნამუშევრები, კომპოზიციის სირთულითა და შესრულების ტექნიკის უნიკალურობით, მნახველისგან ყურადღებას და ჩაღრმავებას მოითხოვს.

განსაკუთრებით საინტერესოა მისი ხატვის მანერა – ფართო ტილოებზე ესოდენ მცირე დეტალების იუველირული დამუშავება მხატვრის საყვარელი ხერხია და ამ დეტალებს განსაკუთრებულ აზრს სძენს. დიდი სიმამაცე უნდა გქონდეს, რომ ფართო ტილოებზე დეტალებზე იმუშაო და ამგვარ გამომსახველობას მიაღწიო.

რიტასთვის სერენგეტი სიკვდილ-სიცოცხლის უწყვეტობისა და მუდმივი მონაცვლეობის სიმბოლოა, სიცოცხლის უსასრულო ველისა, რომელსაც ვსტუმრობთ გარკვეული ვადით და შემდეგ ვტოვებთ.

ამ სერიის ნამუშევრების დაბადება დაემთხვა ბოლო წლებში მსოფლიოში განვითარებულ ურთულეს მოვლენებს და სიცოცხლისთვის ბრძოლას, მხატვრისთვის კი უმნიშვნელოვანეს  პერიოდს – ის გახდა დედა, რაც შეუძლებელია არ ასახულიყო მის ნამუშევრებში.

გამოფენა სერენგეტი მხატვარსა და კურატორებს სიცოცხლის ჰიმნად ესახებათ!

კონცეფცია

აღმოსავლეთ აფრიკის ერთ-ერთი ტომის – მაას ენაზე „სერენგეტი“ უსასრულო ველს ნიშნავს, რომელიც მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ტანზანიასა და სამხრეთ-დასავლეთ კენიაში; იგი მასპინძლობს ორ მილიონამდე ცხოველთა წლიურ მიგრაციას. ამ მოგზაურობისას, სხვადასხვა მიზეზთა გამო, 250 000-მდე ცხოველი იღუპება.

ამ ცხოველთა მსგავსად, ადამიანებსაც აქვთ თავისი „სერენგეტი“ – მიგრაციის ველი ნამატით და დანაკარგით. სიკვდილისა და სიცოცხლის ველი, რომელსაც ვსტუმრობთ გარკვეული ვადით და შემდეგ ვტოვებთ მას.

ამ ბუნებრივ, უწყვეტ პროცესს არსს სძენს დროის ის მონაკვეთი, რომელსაც გავდივართ ნიშნულიდან ნიშნულამდე და პირობითად ვუწოდებთ სიცოცხლეს.

ნამუშევრებში დიქოტომიურად ასახულია ბუნებისა და ადამიანის თანაარსებობისა და ბრძოლის სიუჟეტები, სადაც წარმოიქმნება გარკვეული დიალოგები და კონფლიქტები.

ნამუშევრებში ასახულია სიცოცხლის სხვადასხვა ფორმის არსებობის უპირატესობები თუ სისუსტეები, მათი თანაარსებობა და მონაწილეობა იმ პროცესებში, სადაც ადამიანური თუ ცხოველური შეგრძნებები გათანაბრებულია.

ნამუშევრებში ასახულია როგორც ეკოსისტემის რღვევა, ასევე მისი სტრუქტურული ხელშეუხებელი იერსახე, რესურსები, რომლის ხარჯზეც ვითარდება სიცოცხლე და ამ რესურსების გარკვეული ლიმიტი, ადამიანისა და ბუნების როგორც ჰარმონიული შერწყმის ასევე დესტრუქციული თანაარსებობის სიუჟეტი. 

სერენგეტი – უსასრულო ველი, სადაც მასზე განხორციელებულ ნებისმიერი შინაარსის ქმედებას მოჰყვება საპასუხო უკუქმედება.

ნამუშევრების სერიაში გამოკვეთილია დედის ხაზი. დედა, როგორც უწყვეტი ევოლუციური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი გამაერთიანებელი ფიგურა, როგორც ახალი სიცოცხლის კონტეინერი და ბუნების საიდუმლოს მედიატორი.


(C) რიტა ხაჩატურიანი