ქართული ხელოვნების გამოფენა ამერიკის შეერთებულ შტატებში

წაკითხვა
3 წუთში წასაკითხი

რატგერსის უნივერსიტეტის ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში (New Brunswick, New Jersey) გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით “Locating Georgia: Selections from the Norton and Nancy Dodge Collection of Nonconformist Art from the Soviet Union” (“საქართველოს ადგილი: ნიმუშები ნორტონ და ნენსი დოჯების საბჭოთა კავშირის ნონკონფორმისტული ხელოვნების კოლექციიდან”).

ეს არის ქართული ხელოვნების პირველი ფართომასშტაბიანი გამოფენა ამერიკის შეერთებულ შტატებში. გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვნების 60-ზე მეტი ნიმუში – დიდწილად კოლაჟები და ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია 1960-1990-იან წლებში; მათ შორისაა ოთარ ჩხარტიშვილი, ამირ კაკაბაძე, ლევან მაღალაშვილი, სერგო ფარაჯანოვი და ავთო ვარაზი.

ქეთი კაპანაძე, უღელტეხილი ქალაქ უაგადუგუსთან - 3, 1997 წ.
ქეთი კაპანაძე, 
უღელტეხილი ქალაქ უაგადუგუსთან – 3, 1997 წ.

“ეს არის უნიკალური შესაძლებლობა დავათვალიეროთ იმ არტისტების ნამუშევრები, რომლებიც იშვიათად იფინება საქართველოს გარეთ,“ – ამბობს სოფიო გაგოშიძე, გამოფენის კურატორი, ზიმერლის მუზეუმის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ხელოვნების ისტორიის დოქტორანტობის კანდიდატი. „გამოფენა დაყოფილია სამ სექციად და წარმოადგენს მრავალფეროვან ასპექტებს იმ განსაკუთრებული კულტურული მემკვიდრეობისა, რომელიც ხშირად ხდება მსჯლობის საგანი ყოფილი საბჭოთა კავშირის შესახებ დისკუსიებში”.

სექცია სახელწოდებით “The Personal is Professional” (“პირადი-პროფესიონალური”) დაგვანახებს, თუ როგორ მუშაობდნენ ნონკონფორმისტი ხელოვანები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ისინი უგულვებელყოფდნენ სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სოციალისტური რეალიზმის წესებს, მუშაობდნენ საკუთარ სახლებსა და სტუდიებში, ამყარებდნენ ფარულ კავშირებს, რათა გაეცვალათ იდეები, გამოეფინათ ნამუშევრები და გაეყიდათ ისინი. ამ სექციის ძირითადი თემაა შინაგანი სამყარო, პორტრეტები და პირადული სცენები.    

Professions of Faith: Doubt as Dissent” (“რელიგიური გაცხადება: პროტესტის სახე”) გვაჩვენებს თუ როგორ გამოიყენებოდა რელიგიური გამოსახულებები, რომლებიც იკრძალებოდა საბჭოთა ხელოვნების “სეკულარულ” სამყაროში. ქართველი ხელოვანები, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერის წარმომადგენლები, მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური თემების ნაცვლად იყენებდნენ რელიგიურ სიმბოლოებს, როგორც ფარულ სტრატეგიას, რათა გამოეხატათ თავიანთი პროტესტი სოციალისტური რეალიზმის წინააღმდეგ.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა დავათვალიეროთ იმ არტისტების ნამუშევრები, რომლებიც იშვიათად იფინება საქართველოს გარეთ

სოფიო გაგოშიძე

Locating Georgia” (“საქართველოს ადგილი”) ასახავს იდენტობის საკითხს და მაპროვოცირებელ პროტესტს. ე.წ. “პერესტროიკის” დროს (1986-91 წწ.) შედარებით ლმობიერი საბჭოთა პოლიტიკა უფლებას აძლევდა “პერიფერიულ” რესპუბლიკებს, როგორიც საქართველოა, ემუშავათ ტრადიციულ და ეროვნულ თემებზე, რამაც გახსნა ახალი შესაძლებლობები არტისტებისთვის.

“წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ბევრი გვიჩვენებს პროფესიისა და იდენტობის კომპლექსურობას; მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ სერგო ფარაჯანოვი ძირითადად ცნობილია, როგორც  რეჟისორი, მან შექმნა უამრავი ალუზიური ორ და სამგანზომილებიანი ნამუშევარი, რომელიც გვიჩვენებს სომხური და ქართული ვიზუალური კულტურების ურთიერთმიმართებას”, – აღნიშნავს ჯეინ შარპი, გამოფენის კონსულტანტი, დოქტორი, რატგერსის პროფესორი და საბჭოთა ნონკონფორმისტული ხელოვნების კურატორი.

გამოფენა, რომლის დათვალიერება შესაძლებელია 6 ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე, ორგანიზებულია სოფიო გაგოშიძის მიერ (ზიმერლის მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი და ხელოვნების ისტორიის დოქტორანტობის კანდიდატი რატგერსის უნივერსიტეტში) ჯეინ შარპის კონსულტაციით ( დოქტორი, პროფესორი და საბჭოთა ნონკონფორმისტული ხელოვნების მკვლევარი კურატორი).

გამოფენა და ბროშურა დაფინანსებულია ავენირ ფონდისა და დოჯის საქველმოქმედო საზოგადოების მიერ.