რეალობად ქცეული ზღაპარი - უოლტერ ელიას დისნეი

რეალობად ქცეული ზღაპარი – უოლტერ ელიას დისნეი

წაკითხვა
19 წუთში წასაკითხი

“უოლტერ ელიას დისნეი არის ლეგენდა, XX საუკუნის სახალხო გმირი. მისი მსოფლიო პოპულარობა ეფუძნება იდეალებს, რასაც მისი გვარი წარმოადგენს: ოპტიმიზმი, შემოქმედებითობა, წარმოსახვა და თვითშექმნილი წარმატება… მან თხრობით მიგვაახლოვა მომავლის წარსულზე. ისეთი დიდი ადამიანი, როგორც უოლტ დისნეია, ალბათ, აღარ დაიბადება“[1] – ეს ბოლო წინადადება შეიძლება სადაო იყოს და ამ სიტყვების ავტორის მოზღვავებულ სიყვარულს მივაწეროთ უოლტერ დისნეის შემოქმედების მიმართ, მაგრამ იმას კი ნამდვილად დავეთანხმები, რომ ანტრეპრენერმა მსოფლიო ანიმაციური სამყარო შეძრა, მისმა ფერადმა და ხმოვანმა ფილმებმა კარი დაუხშეს ტექნიკურად სუსტსა და უღიმღამო ნახატ ფილმებს.

[et_bloom_locked optin_id=”optin_1″]მულტიპლიკაცია მრავალი ცდისა და დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბდა. რეჟისორი მულტიპლიკაციური ფილმის მამამთავარი არ არის, მაგრამ მან ის უსაჩინოეს ქმნილებად, ჭეშმარიტ ბრწყინვალე დიდოსტატობის ნიმუშად აქცია[2]. მან ყველა დაჯაბნა თავისი ოსტატობით, გამომსახველობით, სიმკვეთრითა და კინემატოგრაფიულობით. მულტიპლიკაცია უოლტ დისნეის გარეშე ყველასათვის წარმოუდგენელია.

რეჟისორის შემოქმედებითი გზა საკმაოდ მძიმე და შრომატევადი იყო, მაგრამ მას ოცნებითა და მიზნებით მიაპობდა. მიზნისაკენ მიმავალ გზაზე ბევრი მარცხი იწვნია, საბოლოოდ კი მიაღწია შემოქმედებით მწვერვალებს – თითქმის ყველა ეროვნულ მულტიპლიკაციაში პოვა მიმდევრები. მისი შემოქმედებითი არეალი მოკრძალებული სტუდიიდან დაიწყო და გლობალურ კორპორაციად იქცა.

უოლტ დისნეი 1946 წელს
უოლტ დისნეი 1946 წელს

უოლტერ ელიას დისნეი 1901 წელს, 6 დეკემბერს, აშშ-ში, ჩიკაგოში – ილინოისში დაიბადა. ირლანდიიდან გადახვეწილი ოჯახი პურის ფულს ძლივს შოულობდა. უოლტი და მისი ოთხი და-ძმა ტკბილეულითა და სათამაშოებით განებივრებულნი არასდროს ყოფილან. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შემდგომში მან საკუთარი შემოქმედება ბავშვებს მიუძღვნა.

ანტრეპრენერი პატარაობიდანვე იყო გატაცებული ხატვით. მისი მეგობრები შინაური ცხოველები იყვნენ, სხვათა შორის, მათი „გაადამიანურება“ რეჟისორმა მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა ბავშობაში პატარა ბუ მოკლა. მან ეს ძალიან განიცადა და დაიფიცა, რომ ცოცხალ არსებებს ცუდად არასოდეს მოეპყრობოდა. თუმცა ხშირად ეს „წესი“ ადამიანებზე არ ვრცელდებოდა.

დისნეი ბავშობიდან მუშაობდა – კარდაკარ არიგებდა გაზეთებს, ჟელეს დამამზადებელ საწარმოში დამხმარე მუშა იყო, აჭედებდა ყუთებს, ურევდა ხილფაფას, რეცხავდა ქილებს და ა. შ. მას ბავშობიდანვე აღმოაჩნდა მსახიობის ნიჭი. ჩარლი ჩაპლინის იმიტაციით, მეგობრებს მასწავლებლის მიწვევით უყვებოდა ამბებს ილუსტრაციებით დაფაზე[3]. მამის ნებართვის გარეშე უოლტერო ღამღამობით სახლიდან იპარებოდა და ადგილობრივ თეატრში კომიკურ როლებში იღებდა მონაწილეობას.

კანზას-სითის სამხატვრო ინსტიტუტში ელემენტარული განათლება მიიღო, თაბაშირიდან გადმოხატვაში გაიწაფა ხელი. მან გაიარა საგაზეთო კარიკატურისტთა კურსები, სწორედ აქ გამოჩნდა მისი მხატვრული ნიჭი – ბასრი, მძაფრი, ლაკონიური, ძალზე მეტყველი, სასაცილო ნახატი – აი, რას უნდა მსახურობდეს, მისი აზრით, მხატვრის კალამი[4].

დისნეის ერთი წელიც არ უსწავლია, ფრონტზე გაიწვიეს და სანიტარული მანქანის საჭესთან დასვეს. ომიდან დაბრუნებულმა გაზეთ „სტარში“ დაიწყო მუშაობა, მან აქ იუბ აივერქსი გაიცნო.

1920 წელს დისნეი კანზას-სიტის კინორეკლამის კომპანიაში გადავიდა სამუშაოდ. ის ნელ-ნელა ადიოდა სიმაღლეებისაკენ, გახდა პროფესიონალი მხატვარი, იღებდა სხვადასხვა შეკვეთას… დისნეი ცდილობდა საინტერესოდ და შინაარსიანად წარმოედგინა ნახატები და როგორღაც გაემდიდრებინა მოძრავი ნახატის გადაღების ხერხები. მალე გამოსავალი იპოვა, გადაწყვიტა სურათები ცელულოიდის ქაღალდზე დაეხატა და მერე ერთმანეთზე დაეწებებინა. კომპანიაში მან უზარმაზარ აპარატს მიაგნო და შინ წაიღო – ეს დღე ღირსშესანიშნავია დისნეის ცხოვრებაში. ძველი ზანდუკი პირველი აგური იყო, მის შემოქმედებით და დამოუკიდებელ თვითწარმოებაში[5].

დიდი შრომის შედეგად მან დამოუკიდებლად გადაიღო ფილმი „სიცილოგრამა“. „სიცილოგრამაზე“ ბევრი შეკვეთა მიიღო, რასაც საქმიანი წინადადებებიც მოჰყვა. რეჟისორმა ჩამოაყალიბა ფირმა „სიცილოგრამის კორპორაცია“, მისი კაპიტალი 15 ათას დოლარს შეადგენდა. ახლა იგი თავად იწვევდა სამუშაოდ მხატვრებს, მაგრამ მალე „კორპორაცია“ გაკოტრებულად გამოაცხადეს, რადგან ფირმის შემოსავალი ძალზე მცირე იყო.

1923 წელს ანტრეპრენერი ჰოლივუდში გაემგზავრა, სადაც წაიღო ნამუშევარი „ალისა ნახატების ქვეყანაში“. ფილმი არავის მოეწონა. ის ხან ერთ სტუდიას მიადგებოდა, ხან მეორეს, გადაწყვეტილი ჰქონდა, მულტიპლიკაციიდან ხელი აეღო, მაგრამ ბედმა გაუღიმა და ერთმა ბიზნესმენმა 12 ფილმი დაუკვეთა. იმხანად აშშ-ის მულტიპლიკაციაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მხატვარ პატ სალივენის – კატა ფელიქსი. უოლტმაც გადაწყვიტა შეექმნა მსგავსი პერსონაჟი და შექმნა კომიკური კურდღელი – მან კურდღელს გრძელი ყურები და ფეხები გამოაბა, გირჩასავით გლუვი კუდით დაამშვენა[6] – სახელად ოსვალდი დაარქვა, მაგრამ დამუშავებული და შემოწმებული პერსონაჟი თვალსა და ხელს შუა აართვეს (კომერსანტმა, რომელიც რეჟისორს აფინანსებდა).

გემი "უილი"
გემი “უილი”

ამის შემდეგ დაიბადა თაგუნა, მის შექმნაში უოლტერს დიდი დახმარება იუბ აივერქსმა გაუწია. თავიდან თაგუნას მორტიმერი ერქვა, სახელმა არ გაამართლა, ამის შემდეგ მიკი მაუსი დაარქვა. მიკი მაუსის დაბადების დღედ 1928 წლის 18 ნოემბერი ითვლება, როდესაც ეკრანზე მულტფილმი „უილის გემი“ გამოვიდა. ეს არის პირველი მულტფილმი, სადაც ხმა სინქრონიზებულია გამოსახულებასთან.

დისნეის შვილები შთააგონებდნენ მამას, შეექმნა ახალ-ახალი გმირები: მიკის მოჰყვა დონალდი, ძაღლი გუფი, პლუტო, მინი მაუსი და ა. შ.

გმირთა დაბადების სხვადასხვა ხერხებია ცნობილი: დისნეი, როცა იხვს ხატავდა, თან ფიქრობდა: „რაკი იხვია, წყალი ეყვარება, ვინაა ყველაზე უფრო დაახლოებული წყალთან? რა თქმა უნდა, მეზღვაური, მაშინ მოვრთოთ ისიც მეზღვაურივით“[7]. თავიდან ახალი გმირს სახელი არ ჰქონდა, მაყურებელმა იგი მიამსგავსა ფრანკლინ რუზველტის მთავრობის ერთ-ერთ მოღვაწეს – შინაგან საქმეთა მინისტრს ჰაროლდ აიქსს, მეტსახელად „ბებერ ქოფაკს“, იმასაც კი ხუმრობდნენ: „ვერ გაგვიგია, დონალდი ბაძავს აიქსს, თუ, პირიქით, აიქსი – დონალდოსო“[8].

უოლტ დისნეი წარადგემს შვიდ ჯუჯას
უოლტ დისნეი წარადგემს შვიდ ჯუჯას

რეჟისორს სურდა სრულმეტრაჟიანი მულტიპლიკაციური ფილმი გადაეღო. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს სურვილი რეალობას მოკლებული იყო, რადგან მულტფილმი მაყურებლის ყურადღებას 3-წუთიანი დროის მონაკვეთზე მეტ ხანს ვერ შეინარჩუნებდა. ამის მიუხედავად დისნეიმ გარისკა. რისკმა გაამართლა. 1937 წელს ეკრანზე გამოვიდა შარლ პეროს მიხედვით გადაღებული სრულმეტრაჟიანი მულტიპლიკაციური ფილმი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“. ფილმის პრემიერა 21 დეკემბერს ლოს-ანჯელესში შედგა. ფიფქიასთვის მილიონამდე ნახატი გაკეთდა, თუმცა საბოლოო ვერსიაში მხოლოდ 250 ათასი შევიდა. სარეკორდო შემოსავლით „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ იქცა ყველა დროის უდიდეს ფილმად, სანამ მას არ გადაუსწრო ფილმმა „ქარწაღებულნი“.

„ფიფქია და შვიდი ჯუჯას“ შემდეგ დისნეიმ გადაიღო: „პინოქიო“ (1940) კ. კოლოდის ფსევდონიმით ცნობილი იტალიელი მწერლის, კარლო ლორენზის ზღაპრის მიხედვით, „დამბო“ (1941), „ფანტაზია“ (1942). ამ უკაანსკნელით დისნეიმ მულტიპლიკაციაში ახალი სიტყვა თქვა. „ფანტაზია“ შედგება სომფონიური მუსიკალური გრძელი ფრანგმეტებისაგან, რასაც ნახატთა მოძრაობა ახლავს თან. მასში გაერთიანებულია ჩაიკოვსკის, პონვიელის, დიუკის, მუსორგსკის, სტრავინსკის, შუბერტის, ბეთჰოვენის ნაწარმოებები.

კრიტიკოსებმა, მხატვრებმა, მუსიკოსებმა, კინემატოგრაფისტებმა „ფანტაზია“ გააცამტვერეს. ამას მოჰყვა „კონკია“ (1950), „პიტერ პენი“ (1955) ჯემს ბარის სათავგადასავლო რომანის მიხედვით, „ბემბი“ ავსტრიელი მწერლის ფელიქს ზალტენის მოთხრობის ეკრანიზაცია, „ურჩხული და მზეთუნახავი“ (1959), „ას ერთი დალმატინელი“ (1961), „მერი პოპინსი“ (1964); ამ უკანასკნელში კომბინირებული იყო ცოცხალი მოქმედება, ანიმაცია.

რეჟისორის კატალოგი დაახლოებით 107-მდე მულტიპლიკაციურ და დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმს ითვლის. საუკეთესო ტექნიკური აპარატურა, შესანიშანვი სტუდია, დისნეის ხელს უწყობდა სული შთაებერა თავისივე ჩანაფიქრისათვის, ამიტომ საბოლოო პროდუქცია ძალიან მდიდარია, ასახულია როგორც წარსული, ისე თანამედროვეობა, თავგადასავალი და ყოველდღიურობა, ცხოვრებისა და ბუნების სურათები.

დისნეიმ თავის მულტფილმებში ზღვარი გაავლო ორ სამყაროს შორის, ბედნიერი სამყაროს უბრალო ადამიანებით და საყვარელი ცხოველებით დაუპირისპირა ჯადოქარი დედოფალი და მისი ციხე-სიმაგრე, ბოროტი ქვეშვერდომებით სავსე. ჯამში, ნამუშევრებმა 19 „ოსკარი“ და 14 სხვა პრიზი აიღო ვენეციის, ბერლინის და კანის კინოფესტივალებზე.

„ჩემი ფილმები ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომელთაც სიცილისა და ტირილის უნარი ჯერაც არ დაუკარგავთ!“ – ამბობდა დისნეი[9]. მან შექმნა უაღრესად პირობითი პერსონაჟები, ხანდახან ძნელი ამოსაცნობია ცხოველები არიან ისინი თუ ადამიანები, ამას დისნეიმ „დაუჯერებლის დამაჯერებლობა“ უწოდა[10].

გმირები ადამიანთა წეს-ჩვეულებებს ემორჩილებიან, მაგრამ ბუნება მაინც ცხოველური აქვთ. ყოველდღიური ყოფიდან აღებული ქცევები საღი თვალითაა დანახული, ამ ყოველივეს კი ფონად სატირული სარჩული გასდევს. მიკი მაუსი, მინი მაუსი, პლუტო, გუფი, დონალდი და ა. შ. – ყველა თავისი ინდივიდუალური ხასიათით გამოირჩევა, ფათერაკებით სავსე სამყაროში ცხოვრობენ და ხანდახან იმის გარჩევაც კი გვიჭირს, კეთილები არიან თუ ბოროტები? მათი კომიკური ტრიუკები მაყურებელს მხიარულ განწყობაზე აყენებს, სატირული სარჩულით გასდევს თითქმის ყველა სერიას, „ჩემი აზრით, იუმორმა სტილთან ერთად ცრემლებიც უნდა მოგგვაროს!“[11] – შენიშნავდა დისნეი.

რეჟისორი ნატურას ზედმიწევნით აღწერს, გამოსახულება იშვიათი სიზუსტითაა შესრულებული, მოქმედების ადგილები უწვრილმანესი დეტალებით, პერსონაჟთა გარეგნობა, მიმიკა, ჟესტი, მოძრაობის ყველა იმპულსი საოცარი სიზუსტითა და სიფაქიზითაა დამუშავებული. ამ დეტალებისათვის ყურადღება დისნეიმდე არავის მიუქცევია. ავტორის სტილმა ღრმად გაიდგა ფესვები: საგაზეთო, საჟურანლო და საბავშვო წიგნების გრაფიკაში (არა მარტო აშშ-ის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც).

XX საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევრიდან ანტრეპრენერის შემოქმედებაში დაღმავლობა დაიწყო. მას წინააღმდეგობას ამერიკელი და ევროპელი მულტიპლიკატორები უწევდნენ. ეს „თანამედროვე ნოვატორები“ რეჟისორს უწუნებდნენ, რომ მისი ფილმები გამომდინარეობდა საგაზეთო კარიკატურებიდან, პოპულარული ილუსტრაციიდან და არა თანამედროვე ნორმებიდან და ფორმებიდან, რომლებიც „ეპოქის მოთხოვნებს უპასუხებდნენ“. მათი აზრით, ამგვარ მოთხოვნებს მხოლოდ მოდერნისტული და აბსტრაქციონისტული ხელოვნება გაართმევდა თავს.

უოლტერი თავისი ირონიულ-ფანტასტიკური და ექსცენტრიკული ხელოვნებით, რეალიზმის გააფთრებულ მტერთა ბანაკში მოექცა[12]. ამ მოწინააღმდეგეებს აღმოფხვრა უნდოდათ იმ რეალისტური პრინციპების, რომელსაც რეჟისორი ასე იცავდა.

1943 წელს ჩამოყალიბდა საწარმოო ორგანიზაცია „იუნაიტეტ პროდაქშენ ოფ ამერიკა“ (იპა). „იპას“ ფართო ქსელი ჰქონდა გაბმული განახლების მსურველებთან. ორგანიზაციის ერთგულმა მონაწილე ჯონ ჰალსმა ცნობილ ინგლისელ თეორეტიკოსს რ. მანველთან ერთად გამოსცა წიგნი მულტიპლიკაციის ტექნიკაზე. წიგნში ავტორი ხოტბას ასხამს მულტიპლიკაციის ხელოვნებაში ხაზებისა და საღებავების განახლებულ სტილს და ამის დამადასტურებლად მოჰყავს ორი გვარი: ჰალსი და ბეტჩელონი (პირველი თავად არის, ბეტჩელონი კი მისი მეუღლეა.) ნაშრომი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს „დისნეის მიერ შერყვნილ თავშესაქცევსა და ხელოვნების ამ საბავშვო სახეს. მისი აზრით, იგი უნდა შეიცვალოს მოზრდილთათვის პრაქტიკული დანიშნულების მულტიპლიკაციით, რომელიც ეპოქის მოთხოვნებს გამოეხმაურება. მაგალითად: სასოფლო-სამეურნეო ფილმი „მესაქონლეობის ფერმა“ – ეს ფილმი აკმაყოფილებდა მაღალ მოთხოვნებს[13].

სერგეი ეიზენშტეინმა მულტიპლიკაციას „კინოს ყველაზე თავზეხელაღებული სახესხვაობა უწოდა“[14]. იგი დიდად აფასებდა დისნეის წარმატებებს, განსაკუთრებით ხოტბას ასხამდა მოძრაობისა და მუსიკის ურთიერთშერწყმას. მიუხედავად იმისა, რომ უოლტერი მეგობრად მიაჩნდა, მაინც აკრიტიკებდა პეიზაჟისა და ფერების არამუსიკალურობის გამო. ეიზენშტეინის აზრით, დისნეი „ფიფქიაში“ ზედმეტად მსუყე ფერებს იყენებდა, ხოლო „ბემბიში“ ფერწერა სინამდვილეს არ ესატყვისებოდა. თავად „ბემბი“ ნატიფადაა შესრულებული, მაგრამ მელოდია იმ საკრავზე არ ჟღერს, რაზეც უნდა ჟღერდეს. მელოდია სწორია, მაგრამ სხვა ტემბრია აღებული. ფილმის ფონი უშნო, ნატურალურ ნათხაპნს წააგავს, გეგონება, გადმოხატულიაო. მკვეთრი კონტურებით მოხატული ნახატი რბილი, ნაზი ფერებით უნდა შეცვლილიყო. ამის ნათელსაყოფად მას მოჰყავს ჩინეთის პეიზაჟის კულტურა[15].

ეიზენშტეინი დისნეის ორ მოთხოვნას უყენებდა: პირველი – ჩინური გრაფიკისათვის დამახასიათებელი ნაზი სტილით ეხატა, ხოლო მეორე მოთხოვნა ეხებოდა ახალი ამოცანის გადაჭრას. ფერთა მონაცვლეობა მხოლოდ და მხოლოდ მელოდიის შესატყვისი უნდა ყოფილიყო.

მსგავს ამოცანებს ისახავდნენ აბსტრაქციონისტებიც. ეიზენშტეინის აზრით, ყველა მაშინდელი გადაღებული ფილმი „ფერთა კატასტროფას“ წარმოადგენდა. „აბსტრაქტული“ ნახატი ფილმები მაცდურნი არიან, – ამტკიცებდა დისნეი, – მათ ქმნიან ადამიანები, რომლებსაც არც ფანქარი ემარჯვებათ და არც კალამი. ისინი ჰაიჰარად თხიპნიან და ცდილობენ, თვალისმომჭრელი ნიმუშებით მიჩქამალონ უბადრუკი ნახატი…“[16]. ამასთანავე ამბობა – ბურუსივით გაფხორილი ადამიანის მსგავსი პერსონაჟის დახატვას განა რა უნდა?! და ალბათ, იმიტომ, რომ ეს იოლი საქმეა, ისინი, ვისაც მეტის უნარი არ შესწევთ, ამგვარ ხერხს დღევანდელ მიმართულებად აცხადებენ[17].

მართლაც, დისნეის არ შეეძლო თავისი ფილმები უშინაარსო ნახატებად ექცია, ამით მას მაყურებელი აღარ ეყოლებოდა და რეჟისორიც „ის დისნეი“ ვეღარ იქნებოდა; ანუ, მას სულ უნდა მიეტოვებინა ის, რასაც აქამდე მულტიპლიკაციაში მიაღწია და თავიდან დაეწყო ხატვა სრულიად ახლებურ, მისთვის უცხო სტილში.

რეჟისორის ფანტაზიას ფრთები აღარ გაეშლებოდა და უშინაარსო ქმნილებები მაყურებელს ვეღარ მიიზიდავდნენ, მაყურებელი კი ძალიან ბევრი იყო და დღემდე არის. იგი მულტფილმებს ქმნიდა არა ერთეულებისათვის, არამედ მთელი მსოფლიოს პატარებისათვის და არა მარტო.

ცნობილი ამერიკელი მულტიპლიკატორი ჩაკ ჯონსი ამბობს: „მულტიპლიკაციის პოტენციური შესაძლებლობები და სფერო იმდენად ფანტასტიკურია, რომ მათ შეიძლება პირდაპირ უსაზღვრო ვუწოდოთ!“[18]

მართლაც, უკიდეგანოა მულტიპლიკაციის საზღვრები. ამას დისნეის შემოქმედებაც მოწმობს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარტო დისნეი არ ქმნიდა ამ ფილმებს, მის გვერდით შრომობდნენ მხატვრები, კომპოზიტორები, სცენარის ავტორები, ოპერატორები და ა. შ. მათგან უოლტერი მაქსიმალურ მუშაობას მოითხოვდა.

1941 წლამდე ტიტრებში მათ გვარებს დისნეი არ მოიხსენიებდა, ამის გამო მხატვრებმა გაფიცვაც კი მოაწყვეს და ნაწილი უოლტერს ჩამოშორდა. რეჟისორი მათ არც ხელფასით ანებივრებდა.

დასამალი არ არის, რომ დისნეი მთელი ცხოვრება უფულობას განიცდიდა და ამბობდა: „მე ისეთ ფილმს არ დავდგამ, რომელიც მოგებას არ მომიტანსო“[19].

სწორედ მატერიალურმა შემოსავალმა მისცა უოლტერს საშუალება, შეექმნა „ჯადოსნური ქვეყანა“, სადაც მისი გმირები „გაცოცხლდებოდნენ“.

ის 1955 წელს გეგმის განხორციელებას შეუდგა. თავიდან აზრს ზღაპრული სამყაროს შექმნაზე სერიოზულად არავინ აღიქვამდა. თუმცა დისნეიმ შეძლო და სურვილი აისრულა – შექმნა ზღაპრული ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში თითქმის ყველა ბავშვის და არა მარტო, საოცნებო ადგილად იქცა.

„დისნეის ქვეყანა“ – „დისნეილენდი“ ჰოლივუდიდან დაახლოებით 50 კილომეტრის მანძილზე ქ. ანაჰეიმში მდებარეობს. გასართობი ცენტრი მალე ატრაქციონების პარკიდან დისნეის შემოქმედებით-ექსპერიმენტულ ლაბორატორიად გადაიქცა.

მაშინ, როდესაც ამერიკა შიშმა მოიცვა, ტელევიზიის გამოჩენით კინო იღუპებაო – დისნეი პირიქით, ტექნიკურ სიახლეს არ შეუშინდა და ტელევიზიასთან თანამშრომლობა დაიწყო. პირდაპირ ეთერში „დისნეილენდიდან“ მიჰყავდათ გადაცემები. სტუდიაში სატელევიზიო ექსტურია მოაწყვეს. რეჟისორი ტელევიზიის საშუალებით საკუთარ პროდუქციას რეკლამას უკეთებდა, რაშიც ტელევიზია აქეთ უხდიდა გასამრჯელოს. დაინტერესებულ მაყურებელს ისიც კი შეეძლო, საკუთარი თვალით ენახა გადაღების პროცესები.

1966 წლის 5 დეკემბერს დისნეის დაბადებიდან 65 წლისთავი შეუსრულდა, ეს დღე საზეიმოდ აღნიშნეს, ხოლო 10 დღის შემდეგ, 1966 წლის 15 დეკემბერს, დილის 9:30-ზე რეჟისორი ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ფაქტი ოჯახის წევრებმა დასაფლავების შემდეგ განაცხადეს.

სტუდია, რა თქმა უნდა, კვლავ აგრძელებს მუშაობას. მისი რეიტინგი არა თუ დაეცა, არამედ უფრო გაიზარდა და გაიზარდა. შეიძლება ითქვას, მსოფლიო ხელმეორედ „დაიპყრო“. სტუდია დღემდე განაგრძობს პარკებისა და კურორტების გაშენებას, სადაც ცხოვრობენ ჯადოსნური „საყვარელი გმირები“. დისნეის სიკვდილის შემდეგ გაიხსნა პარკი „უოლტ დისნეის ქვეყანა“ დისნეილენდის სტილის თემატური პარკით, ოტელებით, საკემპინგო სივრცეებით, გოლფის მოედნებით, მაღაზიებითა და ცალხაზიანი რკინიგზით, რომელიც აკავშირებს ამას ყველაფერს.

1983 წელს, დისნეილენდი გაიხსნა ტოკიოშიც, იაპონელებს დისნეის შემოქმედება ძალიან უყვართ. ტოკიოს დისნეილენდმა ერთ დღეს იმაზე მეტი მიკი მაუსის სათამაშო გაყიდა, ვიდრე თავად ხალხი იყო პარკში[20].

1992 წელს 12 აპრილს დისნეილენდი უკვე პარიზშიც იხსნება, ხოლო 1998 წელს „დისნეის ცხოველთა სამყარო“ დაარსდა შტატებში.

ანტრეპრენერის სტუდიას აქვს საკუთარი მედიაქსელი, რომელიც მოიცავს საკუთრებას ტელევიზიაში, რადიოსა და ინტერნეტში. მისი სამომხმარებლო პროდუქცია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამპატენტებელი მსოფლიოში, რომელიც მოიცავს სათამაშოების სახლის დეკორებს, წიგნებს, საკვებს, ელექტრო ნივთებს და სხვა. ყველაფერი კი 1929 წელს დაიწყო, როდესაც დისნეის დაუკავშირდა ბიზნესმენი, რომელსაც სურდა მიკი მაუსის გამოსახულება საბავშვო ბლოკნოტების ყდებზე დაებეჭდა.

დღესდღეობით დისნეის სახელობის გამომცემლობა „Disney Publishing Worldwide“ არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გამომცემლობა ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის.  ცალკე აღნიშვნის ღირსია თანამედროვე სტრიმინგ პლატფორმა – Disney +.

უოლტერ ელიას დისნეიმ უდიდესი წვლილი შეიტანა მულტიპლიკაციის განვითარებაში. მან ისტორიული ეტაპი შექმნა მსოფლიო ანიმაციაში. უოლტერის მიზანი მოსაბეზრებელი საინფორმაციო კომერციული შტამპის ცოცხალი იუმორით შევსება იყო. რეჟისორმა პირველმა გამოიყენა ხმა, როგორც გამომსახველობითი ხერხი, რომელსაც გამოსახულებასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. თავად დისნეის სტილის მოწინააღმდეგენიც კი აღიარებდნენ მის „ხელოვნებას“. მაგალითად, სერგეი ეიზენშტეინი წერდა: „როცა მის ქმნილებებს ვუყურებ, მეჩვენება, რომ ეს კაცი ნოვატორია. შემოქმედების ასეთი სრულყოფილება შიშსაც კი გვგვრის. გვგონია, რომ მან არა მარტო იცის ყველა ტექნიკური საშუალების მაგია, არამედ იგი ადამიანის დაფარულ ფიქრებსა და გრძნობებს იცნობს“[21].

რობერტ ბენაიუნი მოდერნისტული და აბსტრაქციონისტული ხელოვნების აშკარა მომხრე, რომელსაც სძულდა დისნეი, ქედს იხრის მისი ხელოვნების წინაშე: „დისნეიმ აზიარა ფართო საზოგადოება მულტიპლიკაციას, მისი ნახატების ეკრანზე გამოჩენა სიცოცხლის ზეიმია, ამიტომ იგი ღირსია დიდებისა“[22].

დისნეის პერსონაჟები, ცოტა შეცვლილი ფორმით, მსოფლიოს სხვადასხვა ეკრანზე აგრძელებენ „სიცოცხლეს“. რუსეთში ასეთი ლოზუნგიც კი ჰქონდათ – „შექმენით საბჭოთა მიკი მაუსი“. მართლაც, იქმნებოდნენ გმირები, რომლებიც დისნეისეულ პერსონაჟებს ჰგავდნენ ხასიათითა და ფორმით. პოპულარული სერია „აბა, დამაცადე!“ პირდაპირ კავშირშია დისნეის მულტიპლიკაციასთან[23].

მულტიპლიკაციური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი ი. ივანოვ-ვანო ამბობდა: „დისნეის მიმბაძველობას ფუჭად არ ჩაუვლია, მხოლოდ მისი მეოხებით დავხვეწეთ მოძრაობის ტექნიკა, ახალი სული შთავბერეთ ჩვენს გმირებს, მეტი დამაჯერებლობა შევძინეთ პერსონაჟთა აქტიორულ თამაშს, ხელი გავიწაფეთ სინქრონულობასა და სასაცილო ამბების დასურათებაში“. მისივე აზრით, ყოველივე ამის ნაცვლად შეიძლებოდა სხვაგვარად მოქცევა – კერძოდ, შეესწავლათ და გაეანალიზებინათ დისნეის ტექნიკა[24].

ანტრეპრენერმა მხატვრებს, შეიძლება ითქვას, ხელი ააღებინა საკუთარ ინდივიდუალობაზე და ეროვნული თვითმყოფადობის დათმობა აიძულა. დრო გადის, ცხოვრება გრძელდება, დისნეის ფილმები კი აქტუალობას არ კარგავენ. მხოლოდ ნიჭიერ გენიოსს შეუძლია შექმნას შედევრები, რომლებიც დროს გაუძლებენ და დიდი თუ პატარა სიამოვნებით უყურებს. ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის შემდეგ დისნეი ერთ-ერთი პირველია, რომელსაც დრო, ალბათ, ვერაფერს დააკლებს. მან ზღაპარი რეალობად აქცია, მისი სახელი კი დამკვიდრდა, როგორც „შემოქმედებითობის, ინოვაციებისა და წარმატების“ სიმბოლო.


(C) ნინო სულაძე, “სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი” 2 (35), 2008, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.


გამოყენებული ლიტერატურა:

[1] http://www.justdisney.com/walt_disney/biography/long_bio.html

[2] ე. არნოლდი, უოლტ დისნეის ცხოვრება და ზღაპარი, თბილისი, “ხელოვნება”, 1979, გვ. 33

[3] http://www.justdisney.com/walt_disney/biography/long_bio.html

[4] ე. არნოლდი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 7.

[5] იქვე გვ. 16.

[6] იქვე გვ. 30.

[7] იქვე გვ. 54.

[8] იქვე გვ. 55.

[9] ციტ: ე. არნოლდი, დას. ნაშრ. გვ. 182-183.

[10] იქვე, გვ. 32.

[11] იქვე, გვ. 147.

[12] იქვე, გვ. 147.

[13] იქვე, გვ. 181.

[14] იქვე, გვ. 175-176.

[15] Эйзенштейн С., Изобранные произведения, В 6 т , т III. Москва, «Искусство», 1964, с. 513.

[16] იქვე, გვ. 111.

[17] იქვე, გვ. 182.

[18] იქვე, გვ. 182.

[19] Jones C. Animation is a Nakcd Art-Topcel 4, 1967, p. 2.

[20] ე. არნოლდი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 167.

[21] Эйзенштейн С., назв. произ., с. 440.

[22] ე. არნოლდი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 169.

[23] Искусство, 1997, # 11 (35).

[24] ე. არნოლდი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 171.[/et_bloom_locked]