ბიჭუნა (ინგლ. The Kid) — ჩარლი ჩაპლინის 1921 წელს გამოსული კომედიურ-დრამატული მუნჯი ფილმი, რომლის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელია ჩარლი ჩაპლინი.
ბიჭუნა (ინგლ. The Kid) — ჩარლი ჩაპლინის 1921 წელს გამოსული კომედიურ-დრამატული მუნჯი ფილმი, რომლის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელია ჩარლი ჩაპლინი.

ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი

წაკითხვა
14 წუთში წასაკითხი

ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ათასობით “ვარსკვლავი” ამობრწყინდა და უკვალოდ ჩაიფერფლა ჰოლივუდის ცაზე. მათ შორის იყვნენ კინოს ყველაზე პოპულარული ჟანრის – კომედიის “ვარსკვლავებიც”, ჩაპლინის “ვარსკვლავი” კი ჩაუქრობელი ლამპარივით ანთია. შეერთებული შტატების რეაქციულმა მმართველობამ თავისი უმეცრებითა და სიბრიყვით ჩაპლინი იძულებული გახდა ჰოლივუდიდან წასულიყო, მსოფლიო კი კვლავაც ინტერესს იჩენს მისდამი.[1]

ნ. კოვარსკი

ათწლეულების მანძილზე ჩაპლინის ფილმებს დიდი ინტერესით უყურებდა სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მაყურებელი. 20-იანი წლების სხვა რომელიმე რეჟისორის ფილმები ამჟამად მხოლოდ სპეციალისტთა ინტერესს იწვევს, მაშინ, როცა ჩაპლინის ფილმები დღესაც ისევე აღელვებს აუდიტორიას, როგორც 5-6 ათეული წლის წინ.

ჩაპლინი, ალბათ, ერთადერთია კინოში, რომელიც არ დაბერდა. როგორც ჩანს, ჩარლი საინტერესოა არა მარტო სხვადასხვა გემოვნების, არამედ სხვადასხვა დროის მაყურებლისთვის. აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა: ჩაპლინმა იპოვა ის, რაც აერთიანებს ყველა დროისა და გემოვნების ხალხს.

ჩაპლინის შემოქმედება მის ბავშვობაში იღებს სათავეს. ბერგმანი ამბობდა:

თუ ბედმა გაგიღიმათ და თქვენი ბავშვობა განჭვრიტეთ, თუ ბავშობას დაუბრუნდით მეხსიერების, გამოცდილების მთელი მარაგით, შემოქმედებითი სულისათვის, შემოქმედებითი შრომისათვის, ხელსაყრელ გარემოში მოხვედრილხართ.[2]

არ შეიძლება მოგონილმა გრძნობამ ამდენ ხანს გაძლოს ეკრანზე. ჩაპლინმა თვითონ გამოსცადა საკუთარ თავზე უამრავი დამცირება და აბუჩად აგდება, იგი ისეთივე დიდსულოვანია, როგორც მისი მაწანწალა ჩარლი, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს.

ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვა, ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინა.[3]

ჩაპლინის ფილმების თითოეული კადრი გაჟღენთილია საოცარი უშუალობითა და ბავშვური გულწრფელობით, ალბათ, არ იქნებოდა ჩაპლინის ხელოვნება, რომ არ ყოფილიყო მისი ბავშობა.

ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი დაიბადა 1889 წელს ქ. ლონდონში, ღარიბი მსახიობის ოჯახში. უკვე 6 წლის ასაკში მას სხვადასხვა სპექტაკლსა და წარმოდგენაში უხდებოდა მონაწილეობის მიღება. 19 წლის ჩარლი ცნობილი თეატრალური ანტრეპრენიორის, ფრედ კარნოს, დასში მიიწვიეს. იგი მთვრალ კაცს თამაშობდა წარმოდგენაში – “ღამე ინგლისურ კლუბში”. ამ პიესით მან მთელი ევროპა მოიარა. 1913 წელს ამერიკაში ჩასვლისას მაკ სენეტმა ჩაპლინი “კისთოუნში” მიიწვია მსახიობად. ისიც დასთანხმდა და ამერიკაში დარჩა საცხოვრებლად. 1915 წელს იგი კინოკომპანია “ესენეი”-ში გადავიდა სადაც სარეჟისორო მოღვაწეობა დაიწყო. ამავე წელს მან შექმნა პერსონაჟი “მაწანწალა ჩარლი” და მრავალი წლის განმავლობაში იღებდა ამ პერსონაჟზე ფილმებს. მთავარ როლს იგი თავად ასრულებდა. ეს ფილმები კომედიები ან ტრაგიკომედიები იყო.

“- შემიძლია ზუსტად ვთქვა, – იგონებს ჩაპლინი ჰოლივუდში მუშაობის პირველ წლებს. – როდის დამებადა პირველად აზრი, ჩემი კომედიური ფილმებისთვის კიდევ ერთი განზომილება შემემატებინა. ფილმში “ახალი კარისკაცი” იყო ასეთი ეპიზოდი: უფროსმა სამუშაოდან გამაძევა, ვემუდარები შემიბრალოს და ჟესტებით ვანიშნებ, რომ ბევრი შვილი მყავს, ერთმანეთზე უფრო პატარები, მე ეს სცენა სასაცილო სასოწარკვეთილებით გავითამაშე. იქვე გვერდით ჩვენი უხუცესი მსახიობი ქალი ალისა დევენპორტი იდგა და გვიყურებდა. შემთხვევით მისკენ გავიხედე და სრულიად მოულოდნელად დავინახე – თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. – მშვენივრად ვიცი, ყველაფერმა ამან სიცილი უნდა მოჰგვაროს ადამიანს, მაგრამ, აი, გიყურებ და ვტირი. მან დამიდასტურა ის, რასაც უკვე დიდი ხანია ვგრძნობდი: მე შემეძლო ხალხის გაცინება, მაგრამ მათი ატირების უნარიც მქონდა თურმე”.[4]

20-30-იანი წლები ჩარლის შემოქმედებითი აღმავლობის წლებია, ამ პერიოდში გადაიღო მან თავისი ცნობილი ფილმები: “ბიჭუნა”, “პარიზელი ქალი”, “ოქროს ციებ-ცხელება”, “ცირკი”, “დიდი ქალაქის ჩირაღდნები”, “ახალი დროება”. “პარიზელი ქალი”, როგორც რენე კლერმა თქვა, ნამდვილი რევოლუცია იყო ხელოვნებაში. ფილმის ნოვატორობა უკვე შესავალ ტიტრებში იგრძნობოდა.

კაცობრიობა მარტო გმირებისაგან კი არ შედგება, არამედ უბრალო ქალებისა და კაცებისაგან.[5]

The Kid (1921), ჯეკი კუგანთან ერთად. ჩაპლინის პირველი ფილმი, რომლის ქრონომეტრაჟმაც 1 საათს გადააჭარბა.
The Kid (1921), ჯეკი კუგანთან ერთად. ჩაპლინის პირველი ფილმი, რომლის ქრონომეტრაჟმაც 1 საათს გადააჭარბა.

ფილმის ფაბულა ამგვარია: პროვინციული ქალაქის ახალგაზრდებს მარის და ჟანს ერთმანეთი უყვართ. მშობლების წინააღმდეგობის გამო ისინი შეუღლების მიზნით სახლიდან გაპარვას გადაწყვეტენ, მაგრამ ჟანს უეცრად მამა უკვდება და დათქმულ ადგილას ვერ მივა. გულდაწყვეტილი მარი პარიზში მარტო გაემგზავრება, უბედური შემთხვევა შეყვარებულებს საბედისწეროდ დააშორებს… პარიზში მარი თავის ცხოვრებას დაუკავშირებს მდიდარ კაცს, რამდენიმე ხნის შემდეგ იგი შემთხვევით წააწყდება ჟანს, რომელსაც მხატვრობა დაუწყია და თავის სახელოსნოში დედასთან ერთად ცხოვრობს. იგი მარის პორტრეტს ქმნის. მათი სიყვარული კვლავ აღორძინდება.

“პარიზელ ქალში” ჩაპლინმა პირწმინდა სიკეთისა და აბსოლუტური ბოროტების პრიმიტიული, მელოდრამატული დაპირისპირება უარყო და კინემატოგრაფიული სახე დრამატურგიული და ფსიქოლოგიური ნიუანსებით ააგო. ჩაპლინის აზრით კინონაწარმოების მოქმედი გმირის ხასიათის ერთ მიმართულებაში გადმოცემა დრამატურგიულ აზროვნებას გააღარიბებდა. მას მიაჩნდა, რომ ადამიანის ხასიათში ბოროტ-სიკეთის ორივე საწყისი არსებობს, მაგრამ ამ თვისებათა მეტნაკლებობის მიხედვით ყალიბდება და წარმოისახება საინტერესო მხატვრული სახე, ე. ი. “ჩაპლინის, როგორც კინოდრამატურგის, ნოვატორობა იმაში გამოიხატებოდა, რომ მისი კინონაწარმოების დადებით გმირს გააჩნდა დადებითი და აგრეთვე უარყოფითი თვისებებიც. განწყობილების სახეცვლა, მერყეობა სიკეთესა და ბოროტებას შორის და სხვა”.[6]

“პარიზელი ქალით” ჩაპლინი მაყურებლის წინაშე წარდგა, როგორც სამსახიობო რეჟისორი და აგრეთვე კინოს სპეციფიკური მხატვრული ხერხების გამომგონებელი, მის ნოვატორულ მიღწევათა შორის, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია მხატვრული დეტალი, რომელიც სახის ფსიქოლოგიური გახსნისთვის იყო წარმოჩენილი, მაგ.: მარისთან სტუმრობისას კარადიდან გადმოვარდნილი მამაკაცის საყელო ჟანს ქალის სხვა მამაკაცთან თანაარსებობზე მიანიშნებს. ამ ფილმში ჩაპლინი მივიდა რეალიზმამდე, რომელიც მის შემოქმედებაში ადრე უთუოდ არსებობდა მხოლოდ გაუცნობიერებლად, ახლა კი მისი შემოქმედების მთავარ პრინცი პად იქცა. რეალიზმის მძაფრმა განცდამ მიიყვანა ჩაპლინი “ახალ დროებამდე”.

ეს არის სატირა ტექნიკურ პროგრესზე, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ იკარგება პიროვნების ინდივიდუალობა ტექნიკური პროგრესის პირობებში, როგორ გადაიქცევიან ადამიანები უფორმო მასად, ბრბოდ, როგორ ხდებიან ისინი მათივე გამოგონილი მანქანების მონა და თვითონაც ემსგავსებიან მათ.

აღსანიშნავია, რომ ჩაპლინმა გაცილებით ადრე იგრძნო ეს საშიშროება. ფილმში ნივთები ადამიანს იმორჩილებენ და დევნიან, კონვეიერის გიჟური რიტმი წუთითაც არ აძლევს ჩარლის ამოსუნთქვის საშუალებას, ცდილობს გმირი იდიოტად და უსულო მექანიკური ძალის მსხვერპლად აქციოს. მანქანა, რომლის დანიშნულება მუშების გამოკვებაა, იღებს კოვზით წვნიანს, მიაქვს ადამიანის პირთან და მოულოდნელად მწყობრიდან გამოდის. კოვზი პირდაპირ კბილებში ხვდება ჩარლის, მანქანა აიძულებს მას, შემთხვევით მოშვებული ქანჩი გადაყლაპოს.

ჩაპლინის ყოველი ფილმი მარცხისა და უბედურების თავისებური სახის კატალოგია, მისი გმირი უბედურ ვარსკვლავზეა დაბადებული.

უცნაურია მისი დამოკიდებულება ბედთან. იგი ყველაფერს აკეთებს, რომ აჯობოს თავის ბედს, გააცუროს, მოატყუოს, ხშირად ეშმაკობს კიდეც, ქურდბაცაცობაც ეხერხება. ყველაფერს აკეთებს, რომ ბედმა არ დაჩაგროს, მაგრამ ამაოდ მარცხი მისი არსებობის კანონად იქცევა. ჩარლი ამ ქვეყანაზე სიმშვიდისა და ბედნიერების საძებნელად დადის, მაგრამ არა და არა, ბედი მაინც არ წყალობს.

ფილმში “ახალი დროება” იგი ახერხებს ციხიდან გაქცევას და მის მეურვეობაში მყოფი ქალიშვილის პოვნას. ისინი სადღაც, ქალაქგარეთ ერთ ქოხს აფარებენ თავს, მაგრამ ქოხი ინგრევა, ფიცრები, თითქოს პირი შეკრესო, თავზე აცვივა ჩარლის მაძებრები ქალიშვილს პოულობენ.[7]

ამ ბედკრულ ადამიანს აქვს თავისი “მოწოდება”, “დანიშნულება”. ფილმში “ბიჭუნა” იგი ი პოვნის მიგდებულ ბავშვს, უვლის, ზრდის, მთელი არსებით შეიყვარებს, ხოლო, როცა ბავშვი წამოიზრდება, ჩარლი უბრუნებს მას დედას, რომელიც იმ დროისთვის უკვე ცნობილი მსახიობია და თავის ვაჟიშვილს ეძებს.

ფილმში “ახალი დროება” იგი ერთი მუშის ქალიშვილის აღმზრდელად გვევლინება, რომლის მამაც გაფიცულთა და პოლიციელთა შეტაკების მსხვერპლი ხდება. “პილიგრიმში” იგი თავხედ ქურდს წყნარი და პატიოსანი ოჯახის გაძარცვის საშუალებას არ აძლევს. “დიდი ქალაქის ჩირაღდნებში” ჩარლი მთვრალ მილიონერს თვითმკვლელობისგან გადაარჩენს. ამავე ფილმში მისი გმირი რას არ აკეთებს, რომ საყვარელ უსინათლო ქალიშვილს ოპერაციისთვის საჭირო ფული უშოვოს. ყველაზე საინტერესო და დამახასიათებელი ჩაპლინის ყველა ფილმისთვის ის არის, რომ უცხო ადამიანისადმი ზრუნვა მუდამ იქცევა ხოლმე მისი უბედურების წყაროდ. ჩაპლინის ირონია, სიცილი, გონებამახვილობა, სარკაზმი, უპირველეს ყოვლისა, თვით გმირისადმია მიმართული. იგი აქილიკებს, დასცინის პატარა კაცს, აბუჩად იგდებს მის მწუხარებასა და სიხარულს. წუთითაც არ აძლევს თავის გმირს დავიწყების, ოცნების, დაფიქრების, სიზმრის ნახვის უფლებას.

საინტერესოა, რატომ ხდება ასე? ჩარლის ხომ სიზმარშიც არ ასვენებს ის კოშმარული ამბები, რომლებიც ეს-ეს არის გადაიტანა ცხადად.

აი, ის ზორზოხი, მხეცივით კაცი დასდევნებია და მოსვენებას არ აძლევს, საცაა დაეტაკება და ცემას დაუწყებს. ჩარლი იძულებულია ბევრი სასაცილო ხერხი გამოიყენოს, მდევარს რომ ხელიდან დაუძვრეს.[8]

ჩაპლინის შემოქმედების ჰუმანურ ხასიათს თუ ჩავწვდებით, კარგად შევიცნობთ მისი გმირის იდეალსა და აზრს, როგორც მოხეტიალე მაძიებელი მიუსაფარი, კომიზმისთვის განწირულ ადამიანურობის იდეას, აუცილებლად მივხვდებით, როგორ მივიდა ჩაპლინი ანტიფაშისტურ ფილმამდე “დიდი დიქტატორი”.[9] ჩაპლინი ამ ფილმში ორ როლს ასრულებს – პატარა ებრაელი დალაქისა და ფაშისტი დიქტატორის, ადენოიდ ჰინკელის. მაყურებელი ამ როლში წამსვე შეიცნობს ჰიტლერს. გარკვეულ დრომდე მათი გზები ერთმანეთს არ ხვდება, დალაქი “გეტოში” ცხოვრობს, ჰინკელი კი – სასახლეში, რომელსაც ათასობით ერთგული ბანდიტი იცავს. დალაქი საკონცენტრაციო ბანაკში მიჰყავთ, იგი გარბის იქიდან და მაშინ იბადება ფილმის მთავარი, მოულოდნელი სიუჟეტი – ირკვევა, რომ დალაქი გარეგნობით ტყუპისცალივით ჰგავს ჰინკელს. მოიერიშეებს იგი დიქტატორი ჰგონიათ, ჩარლის საზეიმოდ ჩასვამენ მდიდრულ მანქანაში და გერმანიასთან ავსტრიის შეერთების აღსანიშნავად მოწყობილ მრავალათასიან კრებაზე მიჰყავთ, მაგრამ შეკრებილთა გასაოცრად, დალაქი ამბობს სიტყვას ფაშიზმის წინააღმდეგ. მრისხანედ, გზნებით, პათეტიკურად წარმოსთქვამს სიტყვას, ბრალს სდებს ფაშიზმს, ჩამოთვლის ფაშიზმის მიერ ჩადენილ საზარელ დანაშაულებებს და ხალხს მის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლისკენ მოუწოდებს.

ჩაპლინმა ფილმში “დიდი დიქტატორი” მაწანწალა ჩარლის ჩვეულებრივი, მისეული სახე შექმნა, მაგრამ სახე კომიკური სიუჟეტისაგან განაცალკევა. მან ჩარლის ბედიც განასახიერა, მხოლოდ მას სახელი და ზუსტი მისამართიც გაუჩნდა. ყველაფერი, რაც აქამდე ჩაგრავდა და ამახინჯებდა ჩაპლინის გმირს აისახა ფაშიზმში და ფაშისტი დიქტატორის სახეში, როგორც კი ჩაპლინმა მათ წინააღმდეგ გაილაშქრა, მან ბრძოლა გამოუცხადა თავის კომიკურ ბედს. გათავისუფლდა თუ არა ამ ბედისაგან, იგი უკვე მუნჯი აღარ არის, ჩაპლინი ლაპარაკს იწყებს.

ჩაპლინის აზრით, ომის აბსურდული იდეა, უპირველეს ყოვლისა, თავისი ხალხისა და თავისი თავის განადგურებისკენ მიმართული მოქმედებაა. “დიდ დიქტატორში” ეკრანზეა ზარბაზანი, რომელსაც ჯარისკაცი ვერ იმორჩილებს და უნებური მოტრიალების შედეგად თავისიანებს ბომბავს.[10] ფილმი დატვირთულია სიმბოლოებით.

საინტერესოა ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც თვითგანდიდების მანიით შეპყრობილი ჰინკელი “მსოფლიოს” ხელში ათამაშებს: ხან ხელზე დაისვამს, აბურთავებს და ჟონგლიორული ნებივრობით მკლავზე გადაიგორებს გლობუსს. საინტერესოა ასევე ეპიზოდი, როდესაც დიქტატორი გამოსვლის დროს ხელში იყვანს ჩვილ ბავშვს და შემდეგ საგულდაგულოდ იწმენდს ხელებს.

“დიდ დიქტატორში” ჩაპლინმა უკანასკნელი ჩარლი აჩვენა და ამგვარად კინოხელოვნების ერთი პერიოდი შეაჯამა. სოციალური სატირა, რომელიც მისი ხანგრძლივი მოღვაწეობის გამჭოლ მოტივს წარმოადგენდა, პოლიტიკური სატირით შეცვალა.[11]

1952 წელს ჩარლი ჩაპლინმა გადაიღო “რამპის ჩირაღდნები”. ეს იყო ე. წ. “ფილმი-გამოთხოვება”. ფილმის აზრობრივი დატვირთვა კალვეროს ხანდაზმულობის ტრაგედიაა. ახალგაზრდული აღმაფრენა და აქედან გამომდინარე შემოქმედებითი იმპულსი მხოლოდ მის მოგონებაში დარჩა. თუ მანამდე ჩაპლინის გმირს შემოქმედებით შთაგონებას ქალისადმი სიყვარული კარნახობდა,”რამპის ჩირაღდნებში” ეს სიყვარული მამა-შვილურმა ურთიერთობამ შეცვალა. კალვერო პატრონობს მოცეკვავე ქალს, შთაუნერგავს მას სიცოცხლის ხალისსა და შემოქმედების ძალას, შეასრულებს მამობრივ მისიას და ნებაყოფლობით გზიდან ეცლება მას. კომიკოსის ხელოვნების გაგრძელებას და უკვდავებას კალვერო სრულიად სხვა დარგის წარმომადგენლის, მოცეკვავე ტერას შემოქმედებაში ხედავს. იგი მოსცილდა სცენას, მაგრამ ამავე სცენაზე ნიჭიერი მოცეკვავე დატოვა. სიცოცხლის გაგრძელების საზრისი “რამპის ჩირაღდნების” პესიმიზმს იმედის ნაპერწკალივით ახლავს. ფილმში ჩაპლინი გვიჩვენებს ჩვენი საუკუნის პირველი ათწლეულის კლოუნებისა და კომიკოსების ოსტატობას. სცენები, რომლებშიც ჩაპლინი არაჩვეულებრივი გამომხატველობითა და თვალსაჩინოებით ახდენს ამ ხელოვნების დემონსტრირებას. ამ ფილმში ჩაპლინის მიერ შექმნილი სახე – ჩარლის სახე არაა, ის უკვე თვით შემოქმედის სახეა, რომელიც ცოტათი უსწრებს დროს. ესაა ფილმი კალვეროსა და, შეიძლება ითქვას, თვით შემოქმედის ხანდაზმულობის ტრაგედიაზე.

აი, რა თქვა ჩაპლინმა ევროპაში საცხოვრებლად გადასვლამდე:

მე მიყვარს ტრაგედია. მე მიყვარს ტრაგედია, იმიტომ რომ იგი ძალზე ლამაზია, ჩემთვის კი სილამაზე – ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მე ვარსებობ ხელოვნებასა და ცხოვრებაში. კომედიაზე ღირს იწვალო, თუ იქ იპოვნი აი ამ სილამაზეს, მაგრამ ეს ძალზე ძნელია.[12]

ჩაპლინმა თავის შემოქმედებაში მხატვრულად გაიაზრა მთელი ეპოქა, წინასწარ განჭვრიტა ძირეული პრობლემები: ადამიანის ბედი და მისი გაუცხოება თანამედროვე გარემოსა და საზოგადოებაში, ტექნიკური პროგრესის მეორე დამანგრეველი მხარე, ომის აბსურდულობა.

ჩვენ ჭეშმარიტად ვიცნობთ და გვიყვარს ჩაპლინი, როგორც ცხოვრების ნამდვილი მხატვარი. ყოველთვის ვიცოდით, რომ ამ კომიკოსი მსახიობის ოსტატობაში არის სიღრმე და სიბრძნე. მუდამ ვაფასებდით და გვიყვარდა მისი მაღალი ხელოვნება, ჩვენთვის არ ყოფილა მოულოდნელი ის გარემოება, რომ იგი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვიცოდით, რომ ის სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა. არაფერია მოულოდნელი იმაშიც, რომ ჩაპლინს – მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ხელოვანს, ამგვარად საპატიო ადგილი უჭირავს მშვიდობისა და კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის მებრძოლთა რიგებში.


გამოყენებული ლიტერატურა:

  • [1] 1. ნ. კოვარსკი, ჩარლი ჩაპლინი. კრებულში “მსოფლიო ეკრანის კომიკოსები”. თბილისი, “ხელოვნება”, 1971, გვ. 19
  • [2] ციტ.: ნ. ამირეჯიბი, “სინემატოგრაფიდან კინოხელოვნებამდე”. თბ., 1990, გვ. 52
  • [3] 3. ნ. კოვარსკი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 19
  • [4] იქვე, გვ. 20
  • [5] რ. კლერი, ფიქრები კინოხელოვნებაზე, მოსკოვი, “ისკუსტვო”, 1958, გვ. 56 (რუსულ ენაზე)
  • [6] ნ. ამირეჯიბი. დასახ. ნაშრ., გვ. 61
  • [7] ნ. კოვარსკი, დასახ. ნაშრ., გვ. 23
  • [8] იქვე, გვ. 27
  • [9] იქვე, გვ. 32
  • [10] ნ. ამირეჯიბი, დასახ. ნაშრ., გვ. 71
  • [11] იქვე, გვ. 78
  • [12] ნ. კოვარსკი, დასახ. ნაშრ., გვ. 41

(C) ოლღა ელიაშვილი, სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი N2 (35), 2008, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.