ქართული ტრადიციული კერძების მრავალფეროვნება
ქართული ტრადიციული კერძების მრავალფეროვნება

გასტრონომიული ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და საქართველო

წაკითხვა
6 წუთში წასაკითხი

ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ გასტრონომიული ტურიზმის და გასტრონომიული ტურისტის ცნება, განვითარების ძირითად შესაძლებლობები და თუ რა ძალა ამოძრავებს გასტრონომიულ ტურიზმს.

რაც უფრო იზრდება კონკურენცია ტურისტული დანიშნულების ადგილებს შორის, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ადგილობრივი კულტურა, მისი ავთენტურობა, განმასხვავებელი მახასიათებლების მოძიება. გასტრონომიას ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი აქვს, ის განიხილება როგორც ტურიზმის საიმიჯო რესურსი. გასტრონომია შეიძლება განვიხილოთ, როგორც მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი შემავსებელი დარგი, ასვე როგორც ტურიზმის დამოუკიდებელი სახეობა.

ტურისტის დღეს საკვების სტრუქტურა განსაზღვრავს. ტურისტების უმრავლესობის შთაბეჭდილების ყველაზე დიდ ნაწილს სწორედ კვება იკავებს. დანიშნულების ადგილისთვის დამახასიათებელი უნიკალური პროდუქტების დაგემოვნება კი მის მეხსიერებაში როგორც უკვე ვახსენეთ, ტოვებს სიგნალს: „ამის ჭამა მხოლოდ აქაა შესაძლებელი“.

თუმცა გლობალიზაციამ ეს მიდგომა საფრთხის ქვეშ დააყენა, ისეთი საკვები, როგორიცაა „ფრანგული ფრი“ ხელმისაწვდომი გახდა ყველგან და საკვები, რომელიც ადრე სეზონური იყო, იყიდება მთელი წლის განმავლობაში, რაც მიჯნავს ერთმანეთისაგან საკვებსა და ადგილს. სწრაფად ცვალებად კულინარიულ ლანდშაფტში, გლობალიზაციისა და გლოკალიზაციის ძალები ზეწოლას ახდენენ ჩვენს კვებით ჩვეულებებზე. სწრაფი კვების გავრცელება გახდა კულტურის გლობალიზაციის მახასიათებელი და ჩამოყალიბდა ტერმინად „მაკდონალდიზაცია“.

თუმცა გლობალიზაციას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს, სამშობლოს მონატრებული ტურისტისათვის ბევრჯერ ძალიან სასიამოვნოა საკუთარი ქვეყნის ბრენდის სხვა ქვეყანაში აღმოჩენა. გასტრონომიის სპეციფიკურ/კონკრეტულ რეგიონებსა და ქვეყნებზე მიბმა ტურიზმის მარკეტინგისათვის მძლავრი ბერკეტია. ლოკალური და რეგიონული საკვების ძიება და კვლევა, შეიძლება გახდეს სხვადასხვა ადგილის მონახულებისა და მოგზაურობის მიზეზი.

მსოფლიოში უკვე ბევრმა ქვეყანამ და რეგიონმა დაიწყო ამ იდეის/მიდგომის რეალიზება და ისინი გასტრონომიას მარკეტინგის იარაღად იყენებენ და ამის ხარჯზე ყიდიან ტურიზმს. ამ თვალსაზრისით ქართული გასტრონომიული კულტურა ძალიან საინტერესო ფენომენია, რადგან ძალიან მცირე გეოგრაფიულ არეალში თავს იყრის რამდენიმე კონტრასტული სამზარეულო. მხედველობაში გვაქვს საქართველოს რეგიონების დამახასიათებელ, გამორჩეულ, მრავალფეროვან და თვითმყოფად კულინარიაზე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართული ტრადიციული სუფრა, თავისი თამადის, მერიქიფის ინსტიტუტით. ის წესები, რომელიც განასხვავებს ქართულ სამგლოვიარო და სადღესასწაულო სუფრებს, თავისი რიტუალებით ქმნის ტურისტისათვის მიმზიდველ გარემოს. გასტრონომიული ტურიზმი საქართველოში საკმაოდ ახალი ბაზარია, შესაბამისად, აქ ეს მიმართულება შეიძლება კარგად განვითარდეს. ჩვენ ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე, საქართველოს ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ტურისტული პოტენციალი აქვს, შესაბამისად, კულინარია აუცილებლად კარგ დონეზე უნდა ქონდეს როგორც ტურისტულ ქვეყანას.

ერთი შეხედვით, ჩვენთან გასტრონომია თითქოს ერთ ადგილზეა გაყინული, თუმცა, ამ აზრს ბევრი არ ეთანხმება, ცვლილებები მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით და შესაბამისად, თუ აღნიშნულ სფეროში ჩახედული არ ხარ, შეუმჩნეველიც კია.

საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე ადვილად შევამჩნევთ იმ დიდი ლაქას, რომელიც საბჭოთა კავშირმა დატოვა ქართულ გასტრონომიაში. საბჭოთა პერიოდმა გამოიწვია გარკვეული დეგრადაცია აღნიშნულ სფეროში, ჩავიკეტეთ რაღაც სივრცეში, გემოვნურმა თვისებებმა დაიწყო უკანა პლანზე გადაიწია, მივედით იქამდე, რომ საკვები გახდა არა კულტურის, ეთნოსის შემადგენელი ნაწილი ტრადიციული ასპექტით, არამედ საკვები იქცა „ნაყროვანების“ ელემენტად.

მიუხედავად იმისა, რომ გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რეალურად არ არსებობს ამ სფეროს განვითარების გეგმა და სტრატეგია. ეს სფერო დღემდე აუთვისებელია.

ლოგიკურად ისმის კითხვა: „რა არის ამის მიზეზი?“ – ზოგადი გასტრონომიული პრობლემები საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან ნაკლები ჩართულობა, კერძო სექტორის მხრიდან ნაკლები დაინტერესება. ამ მნიშვნელოვანი გამოწვევებიდან, გვინდა გამოვყოთ ზოგადი გასტრონომიული პრობლემები, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში, მათი გადაჭრაა საჭირო, რათა მოხდეს დანარჩენების აღმოფხვრა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მოვახდინეთ ზოგიერთი მოსაზრებების შეჯამება ანუ, აუცილებლად მიგვაჩნია:

  • ქვეყნის სარესტორნო ბიზნესის, მათი მენიუების, ნაციონალური კერძების მიწოდების ფორმების და ნედლეულის ხარისხის შესწავლა;
  • რესტორნებისადმი მოთხოვნები და სტანდარტები უნდა იყოს ძალიან მკაცრი, რომ ტუროპერატორმა სწორად შეარჩიოს მისი ტურისტებისათვის კვების ობიექტი;
  • შესწავლილი იქნეს ისეთი დაწესებულებები, სადაც ტარდება კულინარიული მასტერკლასები, მისი შინაარსი და ხარისხი, შეფმზარეულების სერტიფიცირებულობა, ნედლეულის ხარისხი და ავთენტურობა, რადგან სწორედ ასეთი დაწესებულებებია კულინარიული გიდები, ისტორიის, ანთროპოლოგიის, კულტურის, მიმწოდებლები, რომელიც მრავალმხრივ განათლებასა და ცოდნას მოითხოვს;
  • ტუროპერატორი, რომელიც კულინარიულ მარშრუტს გეგმავს, კარგად უნდა იცნობდეს საკვები დაწესებულების მთელ შინაარსს, რომ იქ მას ექკურსიამძღოლი დახვდება სათანადო ცოდნით, რადგან რეფლექსური ნაწილი განსაზღვრავს წარმატებას;
  • სახელმწიფო დაწესებულებებმა ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი კულინარიული და გასტრონოიული ტურიზმის ბლოგებს, სატელვიზიო გადაცემებს, ინტერნეტგამოცემებს, მასტერკლასებს, რადიო თუ პრესის ინფორმაციებს, რომლებიც ნაციონალურ სამზარეულოს უწევენ პოპულარიზაციას და ეცადონ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მხარი დაუჭირონ მათ ინიციატივებს;
  • ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ კულინარიული ტურისტი უკვე გამოცდილი გურმანი ან მოყვარული დეგუსტატორია, ამიტომაც კლიენტების ამ კატეგორიას, განსაკუთრებული სიფრთხილე ჭირდება, მათი მოტყუების მცდელობაც კი თავშივე უკვე განწირულია. ასეთი ადამიანები ბევრი ქვეყნის სამზარეულოს იცნობენ და სწორედ ამიტომაც ირჩევენ კულინარიულ ტურებს. ისინი გამოცდილები არიან და კარგად იციან, რომ ინტერნეტში ვერ იგრძნობ სუნს და გემოს, ამიტომაც დებენ ინვესტიციას, რომელსაც ტუროპერატორისთვის შემოსავალი მოაქვს, ქვეყნისთვის კი იმიჯი და ეკონომიკური სიძლიერე.

დასკვნის სახით, გასტრონომიული ტურიზმის თემა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ახალი თემაა, მაგრამ ის ტურიზმის დიდი ბიზნესის მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა, რეფლექსური ნაწილი მწირია, რადგან მეცნიერები საფუძვლიანად არ იკვლევდნენ გასტრონომიულ კულტურას, გასტრონომიას როგორც ტურიზმის ცალკე თემას, დღეისათვის ინტერესი დიდია და სულ უფრო და უფრო მეტი ინტერდიციპლინური საგნები იქმნება ამსთან დაკავშირებით.

ჩვენი სტატიის მიზანიც ის არის, რომ მოვახდონოთ ამ თემის სწორი გაგება, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ცნებების და ტემინების დამკვიდრება და პოპულარიზება.