გასტრონომიული ტურისტის და გასტრონომიული ტურიზმის სეგმენტაცია
გასტრონომიული ტურისტის და გასტრონომიული ტურიზმის სეგმენტაცია

გასტრონომიული ტურისტის და გასტრონომიული ტურიზმის სეგმენტაცია

წაკითხვა
5 წუთში წასაკითხი

გლობალიზაციის პროცესმა შეცვალა სამყარო, ბევრი რამ იცვლება ტურიზმის, კონკრეტულად კი – გასტრონომიული ტურიზმის სფეროშიც. იცვლება საკვები და გაქრობის საშიშროების წინაშე დგას ტრაპეზის კულტურა, რიტუალები და დამოკიდებულებები, რაც ერის იდენტობის ერთ-ერთი მახასიათებელია. ამ კონტექსტით შესაძლებელია წარმატებულად იქნეს განხილული გასტრონომიული ტურიზმის შესაძლებლობების განვითარება. ამას უკავშირდება ბოლოდროინდელი „გასტრონომიული ბუმი“. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე სტატიაში შევეცადეთ მოკლედ განგვემარტა გასტრონომიული ტურიზმის და გასტრონომიული ტურისტის ცნება, მისი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის და კულტურის გაძლერებაში.

ჰოლპმა და შარპლზმა (2003) მოახდინეს გასტრონომიული ტურიზმის სეგმენტაცია, რომელიც დაფუძნებული იყო ინტერესების უმთავრესობაზე და გამოავლინეს რამდენიმე ტიპი:

  1. გასტრონომიული ტურიზმით დაინტერესების მთავარი ფაქტორია, რესტორნების, ბაზრობების და სხვადასხვა საკვები ობიექტების, ვენახების, ლუდსახარშების, ადგილობრივი ყველის, თუ ზღვის პროდუქტების კულტურის დათვალიერება და დაგემოვნება. ასეთ სეგმენტს მეცნერებმა უწოდეს – გასტრონომიული (გურმე, ფუდ, კულინარიული) ტურიზმი.
  2. ტურისტების მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანაში მოგზაურობასთან ერთად, ასევე მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ მასტერკლასებში და დააგემოვნონ ქვეყნის ნაციონალური კერძები, გაერკვნენ კვების კულტურის სხვადასხვა კომპონენტში.
  3. გასტრონომიულ ტურებში მონაწილე ფუდტურისტების მესამე კატეგორიაა ისეთი ადამიანები, რომლებიც ნაკლებ ინტერესს იჩენენ საკვების ისტორიული და კულტურული დანიშნულებისადმი, მაგრამ აინტერესებთ ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო კულტურა და განსხვავება სოფლისა და ქალაქის ცხოვრებას შორის.
  4. ტურისტების ის სეგმენტია, რომელსაც არ აინტერესებს გასტრონომიული კულტურა, საკვებს კი ტურისტის ყოველდღიურ აქტივობად უყურებს, მაგრამ გემოვნურ თვისებებს მნიშვნელობას ანიჭებს.

აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ გასტრონომიული (კულინარიული, ფუდ) ტურისტი შეიძლება იყოს გურმეტურისტი, თავისი რაფინირებული გემოვნებით მასპინძელი სამზარეულოსადმი, ან ტურისტი, რომელიც ტკბება კონკრეტული რეგიონის უნიკალური კერძით, „რომლის ჭამა, მხოლოდ იქ შეიძლება“ [AnneMette Hjalager, Greg Richards 2001].

ტურისტებისათვის ახალი გასტრონომიული გამოცდილებების და თავგადასავლების შექმნისას თანამედროვე მაღალკონკურეტულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია კულტურა, ტრადიცია და პროდუქტი კონკრეტულ მარშრუტს მიებას და ამასთანავე, გარკვეული პარალელი გაივლოს, კავშირები ინახოს ტურისტის კულტურასთანაც.

გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაციაზე მომუშავე ადამიანებს, მეტი დროის დახარჯვა მოუწევთ იმაზე, რომ ერთგვარი ხიდები და დამაკავშირებელი გზები ააგონ სხვადასხვა სივრცეებს და რეგიონებს შორის. გარდა ადგილობრივი გასტრონომიული კულტურის შეცნობისა, გასტრონომიულმა ტურიზმმა მოიცვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს არის გასტრონომიული ტურისტის მიერ ადგილობრივი კერძების ავთენტური გემოს შექმნის ტექნოლოგიური პროცესების ადგილზე გაცნობა და მასში მონაწილეობის მიღება. ადგილობრივი მოსახლეობის თუ ცნობილი შეფების მიერ ადგილზე გაკეთებული კერძის ნიუანსებსა და საიდუმლოებებში წვდომა, სწორედ ამისთვისაც იხდის ის დიდ ფულს.

ტურისტი აცნობიერებს, თუ რა რადიკალური განსხვავება და რა საერთოა იმ ქვეყნის, თუ რეგიონის წარმამადგენლებს და მას შორის. ადგილობრივ ფესტვალებში მონაწილეობა და ტრადიციის თუ კულტურის ნაწილად ქცევის პროცესი, კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ტურისტის შთაბეჭდილებებს და სწორედ ამას იყენებს ტურიზმი, როგორც დიდი ბიზნესი. გასტრონომიული ტურიზმი ტურისტს სულ სხვა ხედვას უყალიბებს ქვეყნის შესახებ, ის უკვე სხვა თვალით უყურებს კულტურას და ლანდშაფტს, იწყებს ამ ქვეყნის კონკრეტული რეგიონის სხვაგვარად შეფასებას.

მთელ მსოფლიოში მაკდონალდიზაციის პროცესმა, რომელიც გლობალიზაციასთან ასოცირდება, კიდევ უფრო გაამძაფრა გლოკალიზაცია. პირიქით, ადამიანები სულ უფრო და უფრო ეძებენ ახალს, განსაკუთრებულს და ეგზოტიკურს, რომელიც მათთვის ნაცნობს არ გავს. კვების საკითხიც ხომ ინდივიდუალურია: ვიღაც, ვისაც შემწვარი კარტოფილი უყვარს, მისურის შტატში დაგემოვნებულ ჭრიჭინებს შემწვარ კარტოფილს ადარებს, ქათმის ხორცის მოყვარულები კი სიამოვნებით აგემოვნებენ კამბოჯაში ტარანტულებს, ვიღაც ღამურას საქონლის ხორცის გემოს ადარებს და ა.შ. ასეთი ტურის მოწყობით შეიძლება ქვეყნის სხვა მიმართულებების განვითარება და წინ წამოწევა, რადგან, მაგალითად, საფრანგეთში ტურისტი როგორი გურმანიც არ უნდა იყოს ის, მხოლოდ ბაყაყის თათების გასასინჯად არ ჩავა, ან კამბოჯაში გველის სუპის და გველის სისხლის დასაგემოვნებლად ან კიდევ საქართველოში ხაჭაპურის გასასინჯად. ასეთი ტურები კულტურული ტურიზმის ჭრილშიც განიხილება, კვების კულტურისადმი ინტერესთან ერთად ტურისტი იღრმავებს, ცოდნას ამა თუ იმ ერის შესახებ, ხდება უფრო ტოლერანტული.

გასტრონომიული ტურიზმის განვითარება ცვლის გლობალურ სოციალურ მიდგომებს ადამიანებში, უფრო ფართოდ ხედავს კვების და საკვების როლს ადამიანის განვითარების ისტორიაში და მის სამომავლო პერსპექტივებს ერთობლივ სამყაროში, სადაც ყველა არსებას ჭირდება საკვები.

ამრიგად, გასტრონომიული ტურიზმის ყველაზე განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ ამ სახეობის გასავითარებლად პირობები ნებისმიერ ქვეყანას აქვს. გასტრონომიულ ტურიზმს არ აქვს სეზონური ხასიათი და, ასევე, გასტრონომიული ტური შეიძლება ნებისმიერი ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ნაწილი გახდეს.