ქართული სამზარეულო, ირმა შარიქაძის ფოტო
ქართული სამზარეულო, ირმა შარიქაძის ფოტო

გასტრონომიული კულტურა როგორც სისტემა და ქვეყნის საიმიჯო რესურსი

წაკითხვა
17 წუთში წასაკითხი

გასტრონომიული კულტურის თემა ბოლო დროს გლობალურ მსოფლიოში ძალიან აქტუალური გახდა, თუმცა იგი ჯერ კიდევ არ არის ინტენსიური მეცნიერული კვლევის საგანი. თითქმის გამოუკვლეველია გასტრონომიული კულტურის კავშირი, სოციოკულტურულ, ეკონომიკურ, ისტორიულ, რელიგიურ, ტურისტულ და სხვა ფენომენთან. ამ სფეროსადმი ინტერესმა და რამდენიმე წლიანმა საგანმანათლებლო სისტემაში გამოცდილებამ გადაგვაწყვეტინა ამ საკითხის კვლევა.

პრობლემის შესწავლა მოგვცემს გასტრონომიული კულტურისა და სხვადასხვა ერების არამატერიალური ფასეულობების შესახებ გაცნობიერებულ ცოდნას, მეცნიერული მიდგომების განვითარებას, რომელიც დაგვეხმარება, კიდევ უფრო კარგად მოვერგოთ მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ ტენდენციებს. ამ საკითხის კვლევა და შესწავლა საშუალებას იძლევა დადგინდეს ქართული არამატერიალური კულტურის ადგილი და როლი ზოგადად ქვეყნის და მსოფლიო კულტურაში. გამოიკვეთოს ამ სფეროს სამომავლო პერსპექტივები, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. საკითხის რეფლექსიური ნაწილის დახვეწა კი ხელს შეუწყობს მცირე ერების, მათი განსაკუთრებულობისა და თავისებურებების პოპულარიზებას, რაც მსოფლიო საგანძურის ნაწილია.

გასტრონომიული კულტურა ერის თვითმყოფადობის გამოხატულებაა, გლობალიზაციის პროცესმა შეცვალა სამყარო, მასთან ერთად ამ სფეროშიც ბევრი რამ იცვლება და გაქრობის საშიშროების წინაშე დგას, იცვლება ტრაპეზის კულტურა და მასთან დამოკიდებულება, რაც ერის იდენტობის ერთ-ერთი მახასიათებელია, კაცობრიობის დიდი ნაწილი გამუდმებით ებღაუჭება ამ კაუჭს. ამას შეიძლება მივაწეროთ ბოლოდროინდელი „გასტრონომიული ბუმი“. რას მოიცავს თავის თავში გასტრონომიული კულტურა როგორც სისტემა.

რატომ გახდა დღეისათვის გასტრონომიული კულტურის თემა ასეთი აქტუალური, როგორი ზეგავლენა მოახდინა კაცობრიობის განვითარებაში ტრაპეზის კულტურამ, როგორ შეუწყობს ხელს ამ საკითხების ცოდნა გასტრონომიული ტურიზმის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი საიმიჯო რესურსის განვითარებას. ამ საკითხის შესწავლა, ხელს შეუწყობს, გასტრონომიული კულტურის განვითარებას, ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებას, მასთან ერთად გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობას და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას, რომლის რესურსი ქართულ გასტრონომიულ კულტურას ნამდვიალად აქვს, თუნდაც ქართული ღვინის ფენომენის და ყველის კულტურის სახით.

2003 წლიდან ძალაში შევიდა იუნესკოს კონვენცია არამატერიალური კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ – მის მფარველობაში შედის წეს-ჩვეულებები, ცეკვები, უძველესი ენები, მუსიკა, თეატრი, სიმღერა, დღესასწაულები და კულინარია.

2014 წლისთვის ორი ქართული ნომინაცია: „ქართული პოლიფონია“ და „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“ იკავებენ საპატიო ადგილს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში[1].

გასტრონომიული კულტურებიდან იუნესკოს ნუსხაში მხოლოდ ფრანგული კულინარია იკვებს საპატიო ადგილს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ გასტრონომიულ კულტურას ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. დღეს ძალიან აქტუალური გახდა ეს საკითხი, საკვების მიღება სცილდება მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სფეროს და არ არის მხოლოდ შიმშილის დაკმაყოფილების წყარო არამედ კულტურის ფენომენი.

დიდხანს საკვების ისტორიისა და კულინარიის მიმართ გულგრილი იყვნენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ბოლო დროს კი ერთბაშად დაიწყო „კულინარიული ბუმი“, რის შედეგადაც ისტორიის, ანთროპოლოგიის, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის, ეკონომიკის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის და ლინგვისტიკის სპეციალისტებმა მრავალი თვალსაჩინო და ბევრ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი ინტერდისციპლინარული ნაშრომები შექმნეს. ძალიან აქტუალური გახდა ეს თემა, მასთან კომპლექსური მიდგომა და სწორედ ამან განაპირობა ახალი ცნების – გასტრონომიული კულტურა, შემოტანა.

საკვების მომზადება კერძო რუტინული საქმიანობიდან საჯარო აქტი ხდება, რაც გამოიხატება მასტერ-კლასებში, სატელევიზიო კულინარიულ შოუებში, კულინარიულ დუელებში, და გასტრონომიულ ფესტივალებში, რაც ხელს უწყობს ტურიზმის ისეთი მიმართულების ბუმს, როგორიცაა „გასტრონომიული ტურიზმი“, რომლის მიზანია არა მარტო სამზარეულოს გაცნობა და საკვების დაგემოვნება, არამედ მისი მირთმევის და წამოშობის ისტორია და წესები. ასე რომ, ის უკვე ხდება კულტურის და ისტორიის ერის თვითმყოფადობის გამოხატვის ნაწილი.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კაცობრიობას მუდმივად აინტერესებდა ეს საკითხი, ამაზე მეტყველებს უძველესი ნაწერები და ტრაქტატები კვების შესახებ. ამ თემაზე აქცენტს აკეთებდნენ უცხოელი მოგზაურები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. მაგალითად კნეინა ბარბარე ჯორჯაძის პირველი ქართული სამზარეულო წიგნი „სრული სამზარეულო“[2], მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს უამრავ ისტორიულ, კულტურულ, გეოგრაფიულ და ეკონომიკურ ფაქტზე მიგვანიშნებს[3].

ყოველი ერის ტრადიციები დაკავშირებულია კვების კულტურასთან, ეროვნული სამზარეულო თვითმყოფადია და ერის ისტორიას, მის ნაციონალურ გემოს და ხასიათს ასახავს. მასზე დიდ ზეგავლენას ბუნებრივი პირობები, მდებარეობა, ისტორიული მოვლენები, სარწმუნოება[4]. გლობალიზაციის პროცესი უფრო მძაფრს ხდის ამ საკითხისადმი ინტერესს. როგორც ლევან ბერძენიშვილი თავის ესსეში[5] “იდენტობის კულინარიული დონე“ აღნიშნვს:

იდენტობის კულინარიული დონის მნიშვნელობის ნათელსაყოფად მხოლოდ ერთს ვიტყვი, მშობელ ეთნოსთან კავშირის გაწყვეტის მხოლოდ ბოლოსწინა საფეხური არის სრული ინდიფერენტულობა ეთნიკური წარმომავლობისადმი, ხოლო სულ ბოლოს კვების პროდუქტებისადმი ერთგულება კვდება[6].

თანამედროვე სამეცნიერო წრეებში ამ თემას უკვე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, მაგალითისათვის მოვიყვან ჰარვარდის უნივერსიტეტს, სადაც 2010 წელს გამოყენებითი მეცნიერებებისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე დაიწყეს საინტერესო საგნის სწავლება-მეცნერება და კულინარია, ლექტორები არიან, როგორც ჰარვარდის ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორები, ასევე კულინარიის სფეროს ცნობილი სპეციალისტები, კონტექსტი არის რასაკვირველია მეცნიერების, ტექნიკის, კულტურის ურთიერთდამოკიდებულება კვების კულტურასთან. მეცნიერმა ჰაროლდ მაკ გიმ თავის სახელმძღვანელოში ასახა On Food and Cooking: The Science and Lore of the Kitchen by Harold McGee.

ჩვენს მიზანს წარმოადგენს გასტრონომიული კულტურის როგორც სისტემის დანახვა, მასთან მიმართებაში კულტურის, ქვეყნის ისტორიის, გეოგრაფიის და ზნე-ჩვეულებების, ადათ-წესების მნიშვნელობის წარმოჩენა, როგორც ქვეყნის იმიჯის განმსაზღვრელი ფაქტორი.

ქართული ტრადიციული კერძების მრავალფეროვნება
ქართული ტრადიციული კერძების მრავალფეროვნება

რაც ტურიზმის აღორძინებას უწყობს ხელს, თანამედროვე ტურისტს მხოლოდ დანახვა უკვე აღარ აკმაყოფილებს, ის ცდილობს, რომ ქვეყანა „შეიგრძნოს.“ საკვები ხელს უწყობს, რომ ქვეყნის კულტურაში შეაღწიო და იგრძნო ის „სხვა“ არა მარტო ინტელექტუალურ დონეზე, არამედ გრძნობების დონეზეც[7]. გლობალიზაციამ და ყველაფრისადმი ხელმისაწვდომობამ საკვების როლის და მნიშვნელობის წინ წამოწევამ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახადა ტურისტული მარშრუტები, განსაკუთრებით კი გურმეებისათვის, ისტორიკოსებისა და ანთროპოლოგებისათვის. ისინი იკვლევენ ამა თუ იმ კერძის ფესვებს, ერის ინტერესებს, ყოფას და ადათებს. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მეცნიერებაში კომპლექსურად განიხილავენ სწორედ ცნებას გასტრონომიული კულტურა[8].

ბერძნული მითის თანახმად ათენში მედიცინის მფარველის ასკლეპიოსის ქანდაკება ქალიშვილ ჰიგიასა და მის მზარეულ კულინასთან ერთად იდგა, რაც იმის ნიშანია რომ ჯანმრთელობის საწყისი ჰიგიენა და სწორი კვებაა, რომ საკვებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისუნარიანობისა და არა მარტო. აქედან მოდის სიტყვა კულინარიაც – კულინა – სამზარეულო – კულინარია კი ხელოვნება სამზარეულოსა და საკვები პროდუქტების შესახებ. ასე, რომ ადამიანებს ოდითგანვე აინტერესებდათ კვების კულტურის საკითხი გასტრონომია, რაც ბერძნულად გასტროს-კუჭი და ნომოს-წესი – სწავლებას კულინარიასა და კულტურას შორის არსებული კავშირების შესახებ ნიშნავს.

გასტრონომიული კულტურის ისტორიულ და ეკონომიკურ ჭრილში ანალიზის პირველი ცდა „ანალების სკოლის“ წარმომადგენლებს ჰქონდათ. კვების, როგორც კულტურული ფენომენის თეორიულ შესწავლას უკვე სტრუქტურალისტების კვლევებში ვხვდებით, კლოდ ლევი-სტროსი ცნობილი ანთროპოლოგი და ფილოსოფოსი, თავის ნაშრომებში ხაზს უსვამს თუ როგორ გააკულტურა „ხორბალმა“ ადამიანი, ის აღნიშნავს, რომ საკვები უნდა იყოს „არამარტო სასარგებლო საჭმელად, არამედ საფიქრელადაც”[9].

სტრუქტურალისტებმა, ასე ვთქვათ, ბიძგი მისცეს ამ მიმართულების მეცნიერულ ხედვას, რაც დღეისათვის ძალიან ფართე კვლევის საგნად არის გადაქცეული, სადაც ჩართულია როგორც მეცნიერება, კულტურა, ასევე ბიზნესი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, ტერმინის გასტრონომიული კულტურა არაერთგვაროვანი დეფინიციები, რადგან ის ძალიან ფართო სპექტრში განიხილება.

გასტრონომიული კულტურის მკვლევარების გრეგ რიჩარდსის, ანნე მეტე ჰიალაგერის, მ.ვ. კაპკანის ნაშრომებიდან[10] შეიძლება დავასკვნათ, რომ გასტრონომიული კულტურა არის სისტემა, რომელიც თავის თავში მოიცავს სამ ძირითად ელემენტს:

  • საკვების მომზადების კულტურა, კულინარიის ხელოვნება. გასტრონომიული კულტურის ცნებაში ეს ნიშნავს: საკვები პროდუქტების შერჩევას, მათ შეხამებას, ტრადიციული მეთოდების დაცვას ნაციონალური გემოს შესანარჩუნებლად.
  • საჭმლის მიღების-ტრაპეზის კულტურა, დღესასწაულები, რიტუალები, წესჩვეულებები, რესტორნები, დუქნები. გასტრონომიული კულტურის ცნებაში ეს ნიშნავს: საკვების მიღების-ტრაპეზის წესების, რიტუალების წეს-ჩვეულებების დაცვას, ტრაპეზის ორგანიზებას, სტუმრის მიღების და სუფრასთან ქცევის წესებს.
  • მომზადების და საკვების მიღების პროცესებზე რეფლექსია გასტრონიმიული კულტურის უფრო შემდგომი ეტაპია. ის ხელს უწყობს ტრადიციული კულინარიული ხელოვნების განვითარებას და შენარჩუნებას, მის შეთვისებას და პოპულარიზაციას, მის დახვეწას და მოდერნიზებას. რეფლექსიის ეს ფორმები შეიძლება მრავალგვარი იყოს, მაგალითად წიგნები სამეცნიერო კვლევები, სტატიები, სატელევიზიო გადაცემები, ხელოვნების ნიმუშები, კულინარიული ენციკლოპედიები, კულინარიული ლექსიკონები, რეცეპტებით ნაბიჯ-ნაბიჯ და ა.შ.

აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ გასტრონომიული კულტურა არის სპეციფიური ნორმების, ადათების სისტემა, გამოხატული საკვების მომზადების ტრადიციების და ტექნოლოგიების შერწყმაში და შემდეგ ამ პროცესებზე რეფლექსიაში ასახული. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული სამზარეულოები, მასთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი ქვეყნის და ერის ტრადიციების იმიჯია, მათი იდენტობის ერთ-ერთი გამოხატულებაა თანამედროვე გლობალურ სამყაროში. რამდენნაირიცაა ცხოვრების წესი, იმდენნაირი შეიძლება იყოს ტრაპეზის და მასთან დაკავშირებული თავისებურებების აქტი.

ტრაპეზი – ეწოდება ტაძარში ყველაზე მეტად განათებულ ოთხკუთხა მაგიდას, რომელიც მოთავსებულია საკურთხევლის შუაგულში და რომელსაც თეთრი ტილოთი და ძვირფასი ქსოვილით მოსავენ. ტრაპეზზე უხილავად სუფევს უფალი, როგორც მეუფე და მბრძანებელი ტაძრისა. მასთან მიახლება და ამბორი მხოლოდ ღვთისმსახურებისთვისაა დასაშვები. ტრაპეზი ეწოდებოდა ასევე ბერძნულ სამკუთხა ტაბლას, რომელზეც სანოვაგე ელაგა ანტიკური საბერძნეთის სიმპოზიუმში, ანუ ადგილი სადაც იკვებებოდნენ, უფრო მოგვიანებით კი თვით კვების პროცესს ეწოდა ტრაპეზობა[11]. ასე რომ, ტრაპეზის კულტურა, რომელიც გასტრონომიული კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, არის პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანების სოციო-კულტურულ ფენომენთან, მათ ქცევასთან, წეს-ჩვეულებებთან სამგლოვიარო, რელიგიურ და სხვა რიტუალებთან.

საინტერესოა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სათუთად იცავენ ტრადიციებს, და უფრთხილდებიან კულტურას, კვებას, ტრაპეზის კულტურას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. მაგალითად იაპონურ, ჩინურ, ფრანგული კვების ცერემონიალები. კლოდ ლევი-სტროსი თავის ესეში „ანთროპოლოგი თანამედროვე სამყაროს პრობლემების პირისპირ“, ამ თემას ეხება და იაპონიის შესახებ წერს:

იაპონია გაბედულად და მტკიცედ შევიდა თანამედროვე ცივილიზაციში და ამის გაკეთება დღემდე ინდივიდუალობის, მისი თავისებურებების დაკარგვის გარეშე შეძლო. …კულტურა თავისი თავის ერთგული უნდა იყოს, ამის საფასური კი ერთგვარი სიყრუეა მათი ღირებულებებისგან განსხვავებული ღირებულებების მიმართ, უგრძნობლობა მათთან მიმართებაში[12].

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში ჩადის, ეჯახება გასტრონომიულ კულტურას და ამით მნიშვნელოვან წარმოდგენას იქმნის ზოგადად ქვეყნის შესახებ და საერთოდ ნაციის შესახებ. გლობალიზაციამ თანამედროვე სამყაროში ყველა ეს პრობლემა თითქმის უკვე გადაჭრა, სუპერმარკეტში შესაძლებელი გახდა ნებისმიერი მსოფლიო პროდუქტის ყიდვა, ტრაპეზი კი მაკდონალდიზაციის პროცესმა თითქმის ერთიანი და ერთნაირი გახადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ გასტრონომიულ ტურებში მიემგზავრება იმ მიზნით, რომ დააგემოვნოს ნაციონალური სამზარეულო და გაიგოს ნაციის ავთენტური გემო ადგილზე, სადაც ესა თუ ის კერძი თუ ღვინო წარმოიშვა და დღესაც ძველი წესით მზადდება. ამიტომაც არის, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სულ უფრო და უფრო მზარდ ტენდენციად მიიჩნევს კულინარიულ ტურებს.

ტერმინი „კულინარიული ტურიზმი“ პირველად შემოიტანა ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორმა ლუსი ლონგმა. დღეისათვის კი ეს ტერმინი უკვე ტურისტული პროდუქტის მნიშვნელოვანი გამოხატულება გახდა მთელს მსოფლიოში. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ ტერმინის შემადგენელი ნაწილია ასევე ღვინისა და ლუდის თემატური ტურები, ფესტივალები, რომლებიც ცხადად გვაცნობენ ამა თუ იმ ქვეყნის ვაზის, ღვინის, და სხვადასხვა სასმელების კულტურას. როგორც ამ ბიზნესის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, ტურიზმის ეს ნიშა ბევრი რამის მიზეზი გახდება სამომავლოდ. კულინარიული ტურიზმი საშუალებას აძლევს ქვეყანას, რომ ტურისტს მთელი ეროვნული არამატერიალური თუ მატერიალური ფასეულობები, რიტუალები, ტრადიციები, ფოლკლორი, მუსიკა, ცხოვრების სტილი, სარეწაო საქმიანობა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება, ეროვნული განსაკუთრებული ტექნოლოგიური პროცესები ადგილზე ავთენტურ სიტუაციაში გააცნოს.

კიდევ უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ეროვნული სამზარეულო ასევე შანსს აძლევს ტურისტს თვითონ მიიღოს ამა თუ იმ ეროვნული, ნაციისათვის განსაკუთრებული კერძის მომზადებაში მონაწილეობა[13]. ასე რომ ყველა ტურისტი არ მიდის მუზეუმში და გამოფენებზე, მაგრამ ყველა ტურისტი აგემოვნებს ქვეყნის საკვებს, ზოგი კი მიზანმიმართულად, რათა სწორედ ამ კუთხიდან გაიცნოს ესა თუ ის ეთნოკულტურა, რომლის ბუმიც XXI საუკუნეში დადგა.

ტურისტი აცნობიერებს თუ რა რადიკალური განსხვავება და რა საერთოა იმ ქვეყნის, თუ რეგიონის წარმამადგენლებს და მას შორის. ადგილობრივად ფესტვალებში მონაწილეობა და ტრადიციის თუ კულტურის ნაწილად ქცევის პროცესი კიდევ უფრო შთმბეჭდავს ხდის ტურისტის შთაბეჭდილებებს და სწორედ ამას იყენებს ტურიზმი, როგორც დიდი ბიზნესი.

ამრიგად, გასტრონომიული კულტურა არის სისტემა, რომელიც სამ ძირითად ელემენტს შეიცავს, კულინარიის ხელოვნება, ტრაპეზის კულტურა და ყველაფერ ამაზე რეფლექსია. ეს ისეთი სისტემაა, რომელიც არის მრავლისმომცველი და მრავალფეროვანი, ასეთი ფუნქციების ფართო სპექტრის გამო მისი რომელიმე კონკრეტული სფეროსადმი მიკუთვნება ძალიან გაჭირდება.

გასტრონომიული კულტურა მენტალობას, ერის ისტორიას მის განვითარებას და ახალი ეპოქის გამოძახილებს ეხმაურება და ახალ ფორმებს იძენს, ისტორიის, ადათ-წესების, ტრადიციების ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე, რაც გამოიხატება სამზარეულოში, ტრაპეზის წესებში, კულინარიულ ლიტერატურაში და სხვადასხვა გასტრონომიულ ღონისძიებებში.

გასტრონომიული კულტურის როგორც სისტემის ანალიზი საშუალებას გვაძლევს უფრო ღრმა გლობალური საკითხების განსახილველად, როგორებიცაა იდენტობის ფორმულირება, ადათების, ტრადიციების, ფასეულობების ტრანსლირება, კულტურული თავისებურებების დანახვა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შეფასება თანამედროვე გლობალიური მსოფლიო გამოწვევების ფონზე. ამიტომაც არის უპრიანი, რომ ამ საკითხის ფართო მასშტაბით პოპულარიზება და რეფლექსიური ასპექტის დახვეწა.

აღნიშნული კვლევა მხოლოდ პირველი ცდაა კომპლექსურ ჭრილში განგვეხილა გასტრონომიული კულტურა და მისი რეპრეზენტირების ფორმები. სამომავლოდ ჩვენს მიზანს ამ ფენომენის უფრო ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა წარმოადგენს. კვლევის მიმართულება დაკავშირებული იქნება ერთის მხრივ თეორიული ცოდნის გაღრმავებასთან, როგორც მსოფლიო, ასევე ქართული გასტრონომიული კულტურის საკითხებისადმი. ასევე ქართული გასტრონომიული კულტურის თანამედროვე სიტუაციის ანალიზი გლობალური პერსპექტივების ფონზე.

გასტრონომიული კულტურის მედიატიზაცია ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, ამაზე პასუხი გასტრონომიული კულტურის რეპრეზენტირების ახალმა რელევანტურმა ფორმებმა უნდა გასცეს. საქართველოს გასტრონომიულ კულტურას კი აქვს იმის პოტენციალი რომ ამ გამოწვევებს უპასუხოს. ამ საკითხების გადაწყვეტა გასტრონომიული კულტურის პრობლემების მოგვარების საფუძველი გახდება, რომელიც ხელს შეუწყობს, გასტრონომიული ბიზნესის განვითარებას, ადამიანების მიერ საკუთარი იდენტობის, სხვადასხვა კულტურების და ცივლიზაციებისადმი დამოკიდებულების გაცნობიერებას, მცირე და დიდი ერების ადათების ფორმირების და მულტიკულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების, ტოლერანტულობის სწავლას გლობალიზაციის პირობებში.


გამოყენებული ლიტერატურა:

  • [1] UNESCO-s konvencia msoflio kulturuli da bunebrivi memkvidreobis dacvis Sesaxeb. gzamkvlevi. [45] 2014;
  • [2] კნეინა ბარბარე ჯორჯაძისა „სრული სამზარეულო“, გამოცემა შორაპნისა 1914;
  • [3] დალილა ცატავა, „რა დაგვიტოვა კნეინა ბარბარე ჯორჯაძემ“ გასტრონომიული კულტურის ისტორია, ჟურნალი კულინART, [72-78], აგვისტო/სექტემბერი 2016;
  • [4] Dalila Tsatava “Gergian Gastronomic Culture” Georgia to see, main Magazine about Georgia, March, 2016;
  • [5] ლ.ბერძენიშვილი „იდენტობის კულინარიული დონე“ [2] 2005;
  • [6] იქვე;
  • [7] Tourism and Gastronomy – by Anne-Mette Hjalager and Greg Richards, Routledge (UK), 2001. [3, 21, 36, 51, 55];
  • [8] იქვე;
  • [9] კლოდ ლევი-სტროსი „ანთროპოლოგი თანამედროვე სამყაროს პრობლემების პირისპირ“, [2] პარიზი 2011წ. თარგმანი გ. მარჯანიშვილი.
  • [10] Капкан, Мария Владимировна „Феномен гастрономической культуры“, [7, 8, 9, 37,38]2010;
  • [11] Виктор Бурлачук –Трапеза, как предмет социологического исследования [184, 185]2010;
  • [12] კლოდ ლევი-სტროსი „ანთროპოლოგი თანამედროვე სამყაროს პრობლემების პირისპირ“, [2] პარიზი 2011წ. თარგმანი გ. მარჯანიშვილი.
  • [13] Culinary Tourism, Lucy M.Long, [15, 20, 31]. University of Kentuky 2004;