გასტრონომიული ტურიზმი და გასტრონომიული ტურისტი
გასტრონომიული ტურიზმი და გასტრონომიული ტურისტი

გასტრონომიული ტურიზმი და გასტრონომიული ტურისტი

წაკითხვა
9 წუთში წასაკითხი

გლობალიზაციის პროცესმა შეცვალა სამყარო, ბევრი რამ იცვლება ტურიზმის, კონკრეტულად კი – გასტრონომიული ტურიზმის სფეროშიც. იცვლება საკვები და გაქრობის საშიშროების წინაშე დგას ტრაპეზის კულტურა, რიტუალები და დამოკიდებულებები, რაც ერის იდენტობის ერთ-ერთი მახასიათებელია. ამ კონტექსტით შესაძლებელია წარმატებულად იქნეს განხილული გასტრონომიული ტურიზმის შესაძლებლობების განვითარება. ამას უკავშირდება ბოლოდროინდელი „გასტრონომიული ბუმი“. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე სტატიაში შევეცადეთ მოკლედ განგვემარტა გასტრონომიული ტურიზმის და გასტრონომიული ტურისტის ცნება, მისი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის და კულტურის გაძლერებაში.

მოვლენა, რომელსაც დღეს როგორც გასტრონომიულ, ზოგჯერ კი კულინარიულ ტურიზმად განიხილავენ, შეიძლება ითქვას, შორეული წარსულიდან მოდის, როდესაც ვაჭრები მოგზაურობდნენ სანელებლებზე საკმაზებზე, სამკურნალო მცენარეებზე, ჩაროზებზე, ღვინოსა და სასმელებზე წვდომის მიზნით.

გლობალიზაციამ თანამედროვე სამყაროში ყველა ეს პრობლემა თითქმის უკვე გადაჭრა. სუპერმარკეტში შესაძლებელი გახდა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში წარმოებული პროდუქტის ყიდვა. ტრაპეზი კი მაკდონალდიზაციის პროცესმა თითქმის ერთიანი და ერთნაირი გახადა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ გასტრონომიულ ტურებში მიემგზავრება იმ მიზნით, რომ დააგემოვნოს ნაციონალური სამზარეულო და გაიცნოს ერის ავთენტური გემო ადგილზე, სადაც ესა თუ ის კერძი თუ ღვინო წარმოიშვა და დღესაც ძველი წესით მზადდება. ამიტომაც არის, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სულ უფრო და უფრო მზარდ ტენდენციად მიიჩნევს გასტრონომიულ/კულინარიულ ტურებს.

ბუნებრივია, ნებისმიერი ტურისტს, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში ჩადის, მაინც აქვს კავშირის ქვეყნის სამზარეულოსთან, მის გასტრონომიულ კულტურასთან და ამით მნიშვნელოვან წარმოდგენას იქმნის ზოგადად ქვეყნის შესახებ და საერთოდ ერის შესახებ. კარგი და მაღალხარისხიანი ეროვნული სამზარეულო არის სწორედ კულინარიული ტურიზმის ეფექტურობისა და პოპულარობის განმსაზღვრელი ფაქტორი.

კულინარიული ტურიზმისა და გასტრონომიული ტურიზმის ცნებათა შესახებ

ტერმინი – „კულინარიული ტურიზმი“ (Culinary Tourism) 1998 წელს პირველად შემოიტანა ამერიკის ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის ბოულინგ გრინის (Bowling Green) ეროვნული კულტურის კათედრის პროფესორმა ლუსი ლონგმა. იმისათვის, რომ გამოეხატა თავისი იდეა, თუ როგორ შეიმეცნებენ ადამიანები სხვადასხვა კულტურებს საკვების და ტრაპეზის კულტურის მეშვეობით:

მე კულინარიულ ტურიზმს განვმარტავ როგორც შესწავლაზე დაყრდნობით წინასწარგანზრახულ მონაწილეობას კვებით აქტივობაში, რომელში მონაწილეობა მოიცავს მოხმარებას, მომზადებას, საკვების წარდგენა-მიწოდებას, სამზარეულოს, კვებით სისტემას ან კვების სტილს, რომელიც მიიჩნევა კულინარიულ სისტემად და არ არის ერთის საკუთრება. ეს განმარტება ხაზს უსვამს ინდივიდის, როგორც აქტიური მოქმედი პირის მნიშვნელობას ტურისტული გამოცდილების მიღებისას, რადგან მასში საკვები, როგორც ამ გამოცდილების ნაწილი, იწვევს ესთეტიკური რეაქციას

(Long 2004:20-21)

გასტრონომიული ტურიზმის, როგორც ახალი ტენდენციის შესახებ, ინტენსიური და საჯარო მსჯელობა დაიწყო 2001 წლიდან, როცა ერიკ ვულფმა (Erik Wolf) ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა, ეკონომისტმა, ანთროპოლოგმა და მწერალმა, კულინარიული ტურიზმის მსოფლიო ასოციაციის (ICTA The International Culinary Tourism Association, 2003) დამარსებელმა, პირველი დოკუმენტი წარადგინა კულინარიული ტურიზმის კონცეფციაზე. ეს კონცეფცია შემდეგ კვლევის სახით წარმოჩინდა მის წიგნში, სადაც ის აღწერდა კულინარიული ტურიზმის მზარდ ტენდენციებს და მის მნიშვნელობას. კულინარიული ტურიზმის მსოფლიო ასოციაციის მანიფესტი კარგად გამოხატავს ადამიანის უნარს, შეიმეცნოს ქვეყნის კულტურა, ისტორია, ერის მიდრეკილებები და ჩვევები კვების კულტურის მიხედვით. „საკვები – ეს ერის ხასიათის და ისტორიის კვინტესენციაა“[1].

არსებული მდგომარეობის ანალიზი

2012 წელს ბრიუსელში ჩამოყალიბდა გასტრონომიის, კულტურის და კულინარიული ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტი IGCAT, რომელიც კურირებს გასტრონომიული ტურიზმის მსოფლიო ასოციაციის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებს [2]. ამ სფეროში ერთ-ერთი ლიდერი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე World Food Travel Association (WFTA) [3].

იუნესკოს ეგიდით არამატერიალურ ნუსხაში შეტანილია ფრანგული სამზარეულო, მექსიკური სამზარეულო და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კვების სისტემა. ასევე იუნესკო ყოველწლიურად ატარებს კვლევებს საუკეთესო გასტრონომიული ქალაქის გამოსავკლენად. ამ სიაში შეტანილია კოლუმბიის ქალაქი პოპაიანი, სიჩუანური სამზარეულოს ერთ-ერთი ცნობილი ცენტრი ჩინეთში – ჩენდუ, შვედეთში – ესტერსუნდი, ხათაი – თურქეთში.

ამრიგად, გასტრონომიული ტურიზმი დიდი ბიზნესი და კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება ხდება. დღეისათვის კი ეს ტერმინი უკვე ტურისტული პროდუქტის მნიშვნელოვანი გამოხატულება გახდა მთელ მსოფლიოში.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ ტერმინის შემადგენელი ნაწილია ასევე ღვინისა და ლუდის თემატური ტურები, რომლებიც ცხადად გვაცნობენ ამა თუ იმ ქვეყნის ვაზის, ღვინის, და სხვადასხვა სასმელების კულტურას. როგორც ამ ბიზნესის და კულტურის სფეროს წარმომადგენელები ვარაუდობენ, ტურიზმის ეს ნიშა ბევრი უპირატესობის წინაპირობა გახდება სამომავლოდ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ტურისტისათვის კვება და სასმელი უპირველესი კომპონენტია მოგზაურობის დროს, მით უმეტეს, თუ ტური საერთოდ ნაციონალურ სამზარეულოს ეხება. ის მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება შემდგომი მოტივაციისათვის, რომ ჩახვიდე მოცემულ ქვეყანაში და ნაციონალურ სამზარეულოსთან ერთად, კულტურას და სხვა ფასეულობებს გაეცნო. გასტრონომიული ტურიზმი საშუალებას აძლევს ქვეყანას, რომ ტურისტს მთელი ეროვნული არამატერიალური თუ მატერიალური ფასეულობები, რიტუალები, ტრადიციები, ფოლკლორი, მუსიკა, ცხოვრების სტილი, სარეწაო საქმიანობა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება, ეროვნული განსაკუთრებული ტექნოლოგიური პროცესები ადგილზე ავთენტურ სიტუაციაში გააცნოს.

კიდევ უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ეროვნული სამზარეულო ასევე შანსს აძლევს ტურისტს თვითონ მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ ეროვნული, ქვეყნისთვის განსაკუთრებული კერძის მომზადებაში, რისთვისაც ბევრი ტურ-ოპერტორი ტურისტულ მარშრუტში დებს დეგუსტაციებს, კულინარიულ მასტერ კლასებს და ა.შ. საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ ასეთ ტურებს ხშირად სეზონი არ აქვს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება მოეწყოს. მნიშვნელოვანია ისიც, თუ კულინარიული ტური რამე ფესტივალს, ეროვნულ დღესასწაულს ან დიდ ზეიმს ემთხვევა.

ზემოთ მოყვანილი ლუსი ლონგის განმარტება კარგად ასახავს თუ როგორი ფუნქცია აქვს გასტრონომიული ტურიზმის ცნებას. დღეს ასევე სარგებლობენ ისეთი ცნებებით, როგორცაა „კულინარიული ტურიზმი“, ,,ფუდ ტურიზმი“ და ა.შ.

ერიკ ვოლფი წერს, რომ ეს ძალიან მარტივად გასასაზღვრი ცნებაა იმ თვალსაზრისით, რომ მოგზაურობისას დაუვიწყარი კერძი ქმნის გამოცდილებას და უნიკალურობის შეგრძნებას (“The pursuit and enjoyment of unique and memorable food and drink experiences, both far and near.”)[ Erik Wolf, 2003].

პოსტსაჭოთა ქვეყნების სამეცნიერო წრეებში ეს თემა ბოლო დროს ძალიან აქტუალური ხდება, როგორც ეკონომიკური, ასევე ისტორიული, კულტურული და ბიზნესის თვალსაზრისით. სამეცნიერო წრეებში გასტრონომიულ ტურიზმს განმარტავენ როგორც ერის ისტორიის, მისი მრავალფეროვნებისა და ადათწესების მთელი პალიტრის შეცნობის ფაქტორს.

გასტრონომიული ტურიზმი უპირველესად არის ხალხების მენტალიტეტის შეცნობის, საუკუნოვანი ტრადიციების და ეროვნული სულის შეცნობის საშუალება საკვების მომზადებისა და მოხმარების კულტურის გზით. გასტრონომიული მოგზაურობა – პალიტრაა, რომლის მეშვეობითაც ტურისტს შეუძლია დახატოს თავისი შეხედულებები ამა თუ იმ ქვეყანაზე. საკვები გამოააშკარავებს ერების სულის საიდუმლოს, გვეხმარება გავიგოთ მათი მენტალიტეტი

(Сохань, И.В. 2011)

მაგრამ, საინტერესოა, ვინ არის გასტრონომიული/ფუდ ტურისტი და როგორი კატეგორიის ადამიანები არიან ისინი? რა ტიპის გასტრონომიულ ტურებს ირჩევენ ისინი?

გასტრონომიული ტურისტები არიან ადამიანები, რომლებიც, ასე ვთქვათ, ცხრა მთას იქით მიდიან, რომ თავიანთი გასტრონომიული ინტერესები გაიფართოვონ. აქ მსჯელობაა არ არის ჭამის მოყვარულებზე, არამედ, გურმეებსა და გურმანებზე, ისტორიის მკვლევარებზე, ანთროპოლოგებზე და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებზე. გასტრონომიული ტურიზმის ტურისტები ხშირად ისეთი ადამიანები არიან, რომელთაც მოგზაურობის ხანგრძლივი სტაჟი აქვთ და ახლა იმავე ქვეყანაში შეიძლება მხოლოდ გასტრონომიული კუთხით ქვეყნის გასაცნობად ჩავიდნენ. ამიტომაც უპრიანია, ყველამ ეკონომიკის სამინისტროში, თუ ტურიზმის დეპარტამენტში გააცნობიეროს, რომ ყველა ტურისტი არ მიდის მუზეუმში და გამოფენებზე, მაგრამ ყველა ტურისტი აგემოვნებს ქვეყნის საკვებს, ზოგი კი მიზანმიმართულად, რომ სწორედ ამ კუთხიდან გაიცნოს ესა თუ ის ეთნოკულტურა, რომლის ბუმიც XXI საუკუნეში დადგა.

თანამედროვე ტურისტს მხოლოდ დანახვა უკვე აღარ აკმაყოფილებს. ის ცდილობს, რომ ქვეყანა „შეიგრძნოს.“ ამას კი ყველაზე კარგად ფუდ ტურისტი ახერხებს. სწორედ საკვები უწყობს ხელს, რომ ქვეყნის კულტურაში შეაღწიო და იგრძნო ის „სხვა“ არა მარტო ინტელექტუალურ დონეზე, არამედ გრძნობების დონეზეც. საკვები ტურისტის დესტინაციის მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომელიც შეგრძნებებით ავსებს ტურისტულ შთაბეჭდილებებს.

გლობალიზაციამ და ყველაფრისადმი ხელმისაწვდომობამ, საკვების როლის და მნიშვნელობის წინ წამოწევამ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახადა ტურისტული მარშრუტები, განსაკუთრებით კი გურმეებისათვის, ისტორიკოსებისა და ანთროპოლოგებისათვის. ისინი იკვლევენ ამა თუ იმ კერძის ფესვებს, ერის ინტრესებს, გარემოს, ყოფას და ადათებს. რაც მხოლოდ ადგილზე შეიძლება „შეიგრძნო“.

ამგვარად, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ტურებს გასტრონომიული მიზნით. გასტრონომიული ტურისტი არის ტურისტი, ვისი მამოტივირებელი ფაქტორი ქვეყნის გასაცნობად არის საკვები და სასმელი. ეს ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის მიზანმიმართულად ირჩევს ლოკალურ, ადგილობრივ ავთენტურ საკვებს და არასდროს არ შედის მასობრივ კვების ობიექტებში.


გამოყენებული ლიტერატურა:

  • [1] Tourism and Gastronomy – by Anne-Mette Hjalager and Greg Richards, Routledge (UK), 2001. (245 გვ)
  • [2] ტურიზმი და გატრონომია, (ხელნაწერი სკრიპტი 202 A4 გვერდი) – ავტორი დალილა ცატავა
  • [3] Erik Wolf, Executive Director, World Food Travel Association, 2003, What is Food Tourism