თამაზ თოიძის პერსონალურ გამოფენა - „სტრიქონებს შორის“
თამაზ თოიძის პერსონალურ გამოფენა - „სტრიქონებს შორის“

თამაზ თოიძის პერსონალურ გამოფენა – „სტრიქონებს შორის“

წაკითხვა
1 წუთში წასაკითხი
თარიღი: 10-11-2022, 19:00 სთ.
მისამართი: თბილისი, გალერეა ვერე, სიმონ ჯანაშიას ქუჩა 9

გალერეა ვერე მოხარულია უმასპინძლოს თამაზ თოიძის პერსონალურ გამოფენას „სტრიქონებს შორის“.

თამაზ თოიძე დაიბადა თბილისში, ცნობილი მხატვრების დინასტიის ოჯახში. მისი სამხატვრო განათლება ღრმად სცდება აკადემიის სივრცეებს, რომელიც მან წარმატებით დაამთავრა თბილისში. გარემოცვიდან გამომდინარე, მისი მთავარი მასწავლებლები იყვნენ ოჯახის წევრები: მამა – ანდრო თოიძე, ბაბუა – ივანე თოიძე, ბიძა – გივი თოიძე. ახალგაზრდა მხატვარს, უნიკალური შესაძლებლობა ეძლეოდა მოსე და ირაკლი თოიძეების შესახებ გასცნობოდა საინტერსო ეპიზოდებს და ეკვლია მათი შემოქმედება.

1993 წელს თამაზს ქონდა პირველი პერსონალური გამოფენა. მან სწორედ ეს პირველი ნაბიჯი მიუძღვნა მშვიდობას და მამის ხსოვნას. იმ პერიოდის საქართველო ტრანსფორმაციის ძლიერ რყევებს განიცდიდა, სწორედ ამიტომ მხატვრის გამოფენის მთავარი ღერძი ადამიანის უფლებებისა და შემოქმედებითი თავისუფლების დაცვა აღმოჩნდა. გამოფენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თამაზმა მიიღო მოწვევა ბერლინისა და ყირიმის საერთაშრისო გამოფენებზე.

მთელი რიგი ფერწერული ნამუშევრების შექმნის შემდგომ, თამაზ თოიძის ინტერესმა გადაინაცვლა ხატწერის მიმართულებით. ბოლო ათწელეულის მანძილზე იგი დაკავებული იყო ფრესკების რესტავრაციით და კედლის მხატვრობით.

დღეს მხატვრის ძირითად ინტერესს წარმოადგენს შემოქმედებითი თავისუფლებისკენ სწრაფვა და მისი კვლევა. თვალსაწიერში შემოვიდა ისეთი საკითხები და მათი დამუშავების სურვილი, როგორიც არის: ბუნების დაცვა, სამყაროს პოზიტიური განწყობების ძიება და პიროვნების უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლების კონცეფცია. მის ნამუშევრებში ცენტრალური ადგილი უკავია ფერთა ინტენსიურ გამას, რომელიც ერთი მხრივ ფერწერული აზროვნების შთამომავლობითი ალგორითმის ნაწილია და, იმავდროულად, სრულიად თანამედროვე ხედვას ამკვიდრებს და ემსახურება იმ თემების კვლევას, რომელიც ასე ძლიერად გახდა მხატვრის კვლევის საკითხი.