სატელევიზიო მაუწყებლობის მოდელები და მათი ფუნქციონირება
სატელევიზიო მაუწყებლობის მოდელები და მათი ფუნქციონირება

სატელევიზიო მაუწყებლობის მოდელები და მათი ფუნქციონირება

წაკითხვა
6 წუთში წასაკითხი

ყველაფერი ფიზიკით დაიწყო. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მეცნიერები ცდილობდნენ ოპტიკური სიგნალი ელექტროსიგნალად გარდაექმნათ. ისინი ქმნიდნენ ტელევიზიას, თუმცა ამ სიტყვის მაშინდელი გაგება სრულიად განსხვავდება XXI საუკუნის ტელევიზიისგან. საუკუნოვანი განვითარების პერიოდში, ტელევიზიას აუდიტორიასთან ურთიერთობის საკუთარი, გასხვავებული ენა და ფორმა ჩამოუყალიბდა. ტელევიზია იქცა ინფორმაციის ძირითად წყაროდ მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, რისი მეშვეობითაც მოსახლეობა ეცნობა მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს, ამასთან ექმნება რეალური წარმოდენა თანამედროვე მსოფლიოზე.

ტელემაუწყებლობა მრავალმხრივ არის დაკავშირებული ქვეყნის პოლიტიკასთან და სოციალურ გარემოსთან. ამავე დროს ზემოქმედებს როგორც პოლიტიკაზე, ასევე – სოციუმზე. ტელევიზია თანამედროვე მსოფლიოში მასაზე ზემოქმედების ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტადაა მიჩნეული. სწორედ ამიტომ არ არის იგი დამოუკიდებელი პოლიტიკისგან. ყველა ქვეყანაში, იქაც კი, სადაც უმაღლეს დონეზეა დაცული სიტყვისა და ჟურნალისტიკის თავისუფლება, ხელისუფლება ზეგავლენას ახდენს ტელევიზიაზე. თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში რაც უფრო განვითარებულია ტელევიზია და რაც უფრო მაღალია პროფესიონალიზმი, მით უფრო ნაკლებად შესამჩნევია ხელისუფლების გავლენაც: მაღალი პროფესიონალიზმი იძლევა იმის საშუალებას, რომ რაც შეიძლება შეუმჩნევლად გატარდეს მათთვის (ხელისუფლებისთვის) საჭირო პოლიტიკა.

ეს რაც შეეხება სახელმწიფო ტელევიზიას. მოიაზრება ასევე კომერციული ტელევიზია, რომელიც შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვა ძალაზე და ეს, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება იყოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სავსებით ნათელია, რომ დღესდღეისობით, ტელევიზია მთელ მსოფლიოში ერთგვარ საბრძოლო იარაღადაა ქცეული.

არსებობს ტელევიზიის კიდევ ერთი ფორმა: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც დამოუკიდებელია როგორც ხელისუფლებისგან, ასევე სხვა ძალების ინტერესებისგან. ის ვალდებულია იმუშაოს საზოგადოებისთვის, დააკმაყოფილოს მისი ინტერესები და შეასრულოს მოთხოვნები. ის უნდა მუშაობდეს საზოგადოების ყველა ფენისთვის: ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, სტუდენტებისთვის და ა. შ.

საგულისხმოა, რომ თითქმის ყველა განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი. სხვადასხვა სოციალური ფენისადმი მიძღვნილი გადაცემების არსებობა ამცირებს საზოგადოებრივი არხის რეიტინგს, მაგრამ ზრდის მის როლს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში.

საზოგადოებრივი ტელევიზიის კლასიკურ მაგალითად მიჩნეულია BBC – ბრიტანული ტელემაუწყებელი, რომელიც 1922 წელს დაარსდა და დღემდე ამ ფორმით აგრძელებს მაუწყებლობას. მისი მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდბა, გართობა და შემეცნებაა.

ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი მაუწყებლის რაობის ორი ძირითადი კრიტერიუმი, რომლიც ზუსტად უნდა იყოს დაცული. კერძოდ:

  1. საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ზუსტ ინფორმაციას, ყოველგვარი გამძაფრების გარეშე. ამზადებს გადაცემებს, როგორც ზოგადად ყველასთვის, ასევე საზოგადოების კონკრეტული ნაწილისთვის კონკრეტულ თემებზე.
  2. საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პირობა არის ფინანსური დამოუკიდებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ შეიძლება დამოკიდებული იყოს რეკლამასა და სპონსორებზე (ის ფუნქციონირებს ხალხის მიერ გადახდილი ფულით და კონტროლდება ასევე საზოგადოების მიერ. წესისამებრ ირჩევა საბჭო, რომელიც კომპლექტდება საზოგადოებაში ავტორიტეტული და სანდო ხალხით).

CNN მსოფლიოში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი პირველი არხია რეიტინგით, რომელიც მთლიანად არის ორიენტირებული ახალ ამბებზე. ის მაუწყებლობს 24 საათი და გადმოსცემს მსოფლიოში მიმდინარე ყველა ქვეყნის მნიშვნელოვან და უახლეს ინფორმაციებს. აქვს სააგენტოები ბევრ ქვეყანაში და ახორციელებს პირდაპირ ჩართვებს მოვლენების განვითარების ეპიცენტრიდან. CNN ყოველთვის ცდილობს (და გამოსდის კიდეც), პირველმა მიაწოდოს მაყურებელს მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ახალი ამბავი. ის აგრეთვე აკეთებს გადაცემებს ბიზნესზე, თანამედროვე ტექნიკის მიღწევებზე, სპორტზე, მოდასა და მუსიკაზე. ეს გადაცემებიც კეთდება დაახლოებით ახალი ამბების სტილში. ანუ, არხის მთლიანი კონცეფცია ყველა გადაცემაშია დაცული.

XX საუკუნის ოთხმოციან წლებში გაჩნდნენ სპეციალიზირებული არხები, როგორიცაა Discovery, რომელიც 1985 წელს გავიდა ეთერში. ის შემეცნებითი არხია და ორიენტირებულია მეცნიერებაზე, ისტორიაზე, მსოფლიოს მეცნიერულ შემეცნებაზე. Discovery შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და რამდენიმე წლის მერე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გავრცელდა. არხის ძირითადი სამუშაო სფეროა დოკუმენტალისტიკა: მისი ეთერის უმეტესი ნაწილი დატვირთულია დოკუმენტური ფილმებით, რომლებსაც თვითონ აწარმოებენ.

Discovery–ს მოჰყვა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სპორტული არხი Eurosport, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია სპორტულ გადაცემებზე. ის პირდაპირი ტრანსლაციით გადმოსცემს სპორტის ნებისმიერი სახეობის დიდ ჩემპიონატებს. ამათ შემდეგ გამოჩნდა კიდევ ბევრი ამ ტიპის არხი, სპეციალიზირებული უფრო კონკრეტულ თემებზე. შეიქმნა არხები რომლებიც მხოლოდ მხატვრულ ფილმებს გადმოსცემს, არხები, რომლებიც მხოლოდ ფეხბურთზეა ორიენტირებული, კალათბურთზე, ცხოველებზე და ა. შ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ზემოხსენებული არხი კომერციულია და სწორედ ეს არის მათი ძირითადი შემოსავლის წყარო.

ტელევიზიაზე საუბრისას ძნელია გვერდი აუარო ისეთ საკითხს, როგორიცაა ჟურნალისტი და მისი ურთიერთობა რესპონდენტთან. საჭირო ინფორმაციის მიღება ხომ თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული ჟურნალისტის პროფესიონალიზმზე: მან უნდა შეძლოს მოიპოვოს რესპონდენტის ნდობა და დაუსვას ისეთი კითხვები, რომ მიიღოს მისგან მაქსიმალური ინფორმაცია. ეს კი მით უფრო შესაძლებელია, რაც უფრო მომზადებულია ჟურნალისტი ინტერვიუსთვის (ანუ კარგად არის გათვითცნობიერებული იმ საკითხებში, რაზედაც რესპონდენტს უნდა ესაუბროს და თავად რესპონდენტზეც აქვს საკმარისი ინფორმაცია მოპოვებული). ჟურნალისტი ვალდებულია იყოს ობიექტური და ნეიტრალური ნებისმიერ საკითხში – არ მიემხროს არც ერთ და არც მეორე მხარეს. ჟურნალისტისთვის აუცილებელია კომუნიკაციის ფსიქოლოგიის ცოდნა, რის გარეშეც შეუძლებელია გამოსახულების და ხმოვანი სიგნალის სწორი თანხვედრა. ასევე მნიშვნელოვანია სამუშაო ჯგუფთან სწორი ურთიერთობა, ამის გარეშე შეუძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა.

ფილოსოფოს ორტეგა ი. გასეტის აზრით, „შემოქმედებითი ცხოვრება შესაძლებელია ორ შემთხვევაში – ან უნდა იყო ის ვინც მართავს, ან იყო იმ სამყაროში, რომელსაც მართავს ის, ვის უფლებებსაც ვაღიარებთ“.

ჟურნალისტისთვის ასევე საჭიროა არავერბალური სიგნალების წაკითხვის ცოდნა, რაც ფსიქოლოგიაში ცნობილია როგორც Neuro-linguistic Programming.

ტელევიზია განვითარდა და ამასთან ერთად გაფართოვდა გადაცემების არეალიც. ჩამოყალიბდა გადაცემების ახალი ჟანრები. მათ შორის ყველაზე პოპულარული არის პოლიტიკური თოქ-შოუ, რეალური შოუ, კომედიური ჟანრის შოუები, თუმცა, როგორც წესი, ახალი ამბები მაინც რჩება ტელევიზიის მთავარ პრიორიტეტად.


(C) ტატო ბარჯაძე, “სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი” N2 (35), 2008, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.