ტილო, აკრილი © ნელი არაბულის შემოქმედება
ტილო, აკრილი © ნელი არაბულის შემოქმედება

ნელი არაბულის შემოქმედება ადამიანებსა და მათ ემოციებზე

წაკითხვა
4 წუთში წასაკითხი
BOGART: გვიამბეთ თქვენზე, რა უნდა იცოდეს მკითხველმა ნელი არაბულის შესახებ?

დავიბადე და გავიზარდე ქალაქ თბილისში. ვსწავლობდი 75-ე საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში განვაგრძე, ხოლო შემდგომ სამხატვრო აკადემიაში ჩავირიცხე.

პროფესიით ფერმწერ-გრაფიკოსი, გახლავართ როგორც მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირისა და ფოლკლორის ცენტრის, ასევე ხელსაქმის საერთაშორისო ასოციაციისა და მხატვართა ლიგის წევრი. ხშირად ვმონაწილეობ სხვადასხვა ფესტივალში, როგორც საქართველოში, ისე საზღვაგარეთ. პერიოდულად ვწერ ლექსებსაც. ამ მომენტამდე მქონდა ორი პერსონალური გამოფენა.

აქტიურად ვარ სოციალურ ქსელში მხატვრების სხვადასხვა ჯგუფებსა და მიმდინარე გამოფენებში. ახლახანს, ოქტომბრის თვეში, ვმონაწილეობდი ინდო-ქართულ საერთაშორისო ფესტივალში, სადაც თავდაპირველად ონლაინ, შემდეგ კი უშუალოდ თბილისში მოწყობილ ფესტივალში ჩავერთე. აქვე, აღნიშვნის ღირსია, საერთაშორისო საშემოდგომო ონლაინ გამოფენა, სადაც სერთიფიკატი გადმომეცა.

BOGART: რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით.

დიახ, უკვე 40 წელია მოსწავლეებს სახვითი ხელოვნების საფუძვლებს ვასწავლი და ვეხმარები სამომავლო პროფესიის სწორად არჩევაში. ძირითადად მე-40 საჯარო სკოლაში ხელოვნების პედაგოგად ვმუშაობდი, ასევე ფერწერა-გრაფიკის ლექტორად კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტსა და სახვითი ხელოვნების აკადემიაში გრაფიკის ლექტორად. ამჟამად ვმუშაობ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ჩუღურეთის ფილიალიში ხატვის წრის ფერწერა-გრაფიკის პედაგოგად.

BOGART: როგორია ბავშვებთან მუშაობა?
ნელი არაბული მოსწავლეებთან ერთად
ნელი არაბული მოსწავლეებთან ერთად

როგორც წესი, ბავშვებს ხატვა უყვართ, მაგრამ ყველას არ აქვს შემოქმედებითი უნარი გაღვივებული, ამიტომ ვცდილობ, რომ ბავშვებს ვასწავლო მისი დანახვა – მათ, ვისაც მხატვრულ-სივრცული ინტელექტი აქვს განვითარებული, უკვე არის შემოქმედებითი. მოსწავლე, რომელიც ახერხებს მიღებული ცოდნის სინთეზს და იყენებს ინტეგრირებულ-ანალიტიკურ უნარს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნიჭიერია. სხვა შემთხვევაში, ზოგს აქვს მიბაძვის უნარი და მხოლოდ გადახატვა ეხერხება, ზოგს – შედარებით ნაკლებად. ასეთ მოსწავლეებს ვურჩევ აბსტრაქტული კომპოზიციის შექმნას, სადაც ფერებითა და ხაზებით გადმოსცემენ პირად ემოციებს, რაც ასე მნიშვნელოვანია თვითგამოხატვის თავისუფლებისთვის.

BOGART: რა გამოარჩევს ნელი არაბულის შემოქმედებას სხვა ავტორებისგან?

ბავშვობიდან ვქმნი უჩვეულო ხელნაკეთ ნივთებს, რომლებშიც ნათლად ჩანს ჩემი სიყვარული თბილისისადმი. სხვადასხვა საფუძველზე, იქნება ეს თიხის ჭურჭელი, ხის ფესვი, ქვა თუ სხვა დეტალი, უჩვეულო სუვენირების სახით ვაშენებ თბილისის ხედებს, ხან წარმოსახვით, ხანაც რეალურებს. შემოქმედებაში გადამაქვს საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა საინტერესო შენობა-ნაგებობების დიზაინები: უშგული, შატილი, ვარძია და სხვები – თითოეულ მათგანს ადვილად ამოიცნობთ ჩემს პორტფოლიოში.

ამჟამად, ჩემი ძირითად საქმე ფერწერულ და გრაფიკულ კომპოზიციებზე მუშაობაა. იქედან გამომდინარე, რომ ვარ სიურრეალისტი მხატვარი, ვქმნი უჩვეულოდ რთულ  კომპოზიციებს, სადაც ძირითადად ყურადღებას ადამიანსა და მათ ემოცებზე ვამახვილებ. ჩემს უმრავლეს ნაწარმოებს თან ლექსი ერთვის, როგორც უშუალო ლუსტრაცია ჩემი შემოქმედებისა.

„როგორ გაუსწარი დროს?“ – აუცილებლად ვკითხავდი ჩემს ფავორტი მხატვარს, ბოსხს.

ნელი არაბული

უნდა აღინიშნოს, რომ ნამუშევრების უმეტესი ნაწილი უკვე გაყიდულია და იმის გათვალისწინებით, რაოდენ დიდი შრომაა ჩადებული თითოეული მათგანის შექმნაში, დანარჩენ ნამუშევრებს პირად კოლექციაში ვიტოვებ.

"ძველი თბილისი". გამოყენებული მასალა: ხის ფესვი, მუყაო, ქვა, ქოქოსის კაკლის ნაჭუჭი, მძივი, ქვის ფირფიტები, ქვის მტვერი © ნელი არაბულის შემოქმედება
ძველი თბილისი © ნელი არაბულის შემოქმედება
BOGART: როგორია ნელი არაბული, როგორც შემოქმედების გარე დამკვირვებელი? რომელ ერთ მხატვარს გამოარჩევდით?

თამამად მინდა აღვნიშნო, რომ ვაფასებ ნებისმიერ ნაშრომს, რადგან ყველა მხატვრი მისთვის დამახასიათებელი ფორმით გადმოსცემს საკუთარ დამოკიდებულებას და დებს იმ ემოციას, რომელსაც დაფასება და შეფასება სჭირდება. ჩემთვის თითოეული მათგან უპირობოდ საინტერესოა, თუმცა გამოვარჩევ ერთს, ჩემთვის ყველაზე საოცარს – ჰიერონიმუს ბოსხს – ნიდერლანდელ ფერმწერს („ტკბობის ბაღი“, „სამოთხე“, „მოგვთა თაყვანისცემა“) საოცარი შემოქმედებით. აუცილებლად ვკითხავდი – „როგორ გაუსწარი დროს?“, რადგან მისი ადგილი ჩვენს საუკუნეში, თანამედროვე დროშია. მაოცებს მისი მართლაც რომ სიურრეალისტური აზროვნება, როგორ მოახერხა ფანტასტიკურისა და რეალობის ასეთი შერწყმა?!

სალვადორ დალის აქვს გამონათქვამი – „ნორმალურობას ყოველთვის ჩიხში შევყავარ“ – ვფიქრობ, თუ რატომ გვეძახიან მხატვრებს და, სულაც ხელოვანებს, არანორმალური აზროვნების ადამინებს. ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ ჩარჩოებს მიღმა ვიმყოფებით, ვერ ვიხდენთ დაწესებულ ნორმებს და ვცდილობთ, რეალობას გავექცეთ ისეთ სამყაროში, სადაც მეტი თავისუფლებაა.

თუკი გსურთ, რომ ნელი არაბულის შემოქმედების შესახებ მეტი შეიტყოთ, იხილეთ ავტორის ოფიციალური Facebook გვერდი.