სამი ბეჭედი ელფ მეფეებს – ზეცის ქვეშეთში,
თინათინ გოგოჩაშვილის თარგმანი
შვიდი – ჯუჯების ხელმწიფეებს ქვის დარბაზებში,
ცხრა – სიკვდილისთვის ბედისწერით განწირულ კაცთა,
ერთიც – ბნელეთის ბნელ მბრძანებელს, მის საბრძანისში.
მორდორის მხარეს, სადაც მრუმე ჩრდილები წვება,
ერთი ბეჭედი – რათა მართოს და რათა ჰპოვოს,
ერთმა – მოკრიბოს და დააბას წყვდიადში ყველა –
მორდორის მხარეს, სადაც მრუმე ჩრდილები წვება.
მეორე ეპოქა რისხვის ომში ბელერიანდის განადგურებითა და მორგოთის დამარცხებით იწყება. სერიალის შესავალში ამ მოვლენების შესახებ გალადრიელი მოკლედ გვიყვება. მეორე ეპოქაში ერეგიონში მცხოვრებმა ელფებმა ვალარების მიერ გამოგზავნილ მეგობრად შენიღბული საურონის დახმარებით ძალაუფლების ბეჭდები დაამზადეს. თავად საურონმა კი მათ სამართავად საიდუმლოდ შექმნა ერთი, მთავარი ბეჭედი. თუმცა ამის შესახებ ელფებმა შეიტყვეს, რასაც სისხლისმღვრელი ომები მოჰყვა. ვისაც “ბეჭდების მბრძანებელი” წაუკითხავს ან მისი კინოეკრანიზაცია უნახავს, ალბათ ახსოვს, როგორ დასრულდა ეს სისხლისმღვრელი ომები, სხვები კი ყველაფერს სერიალში იხილავენ, რადგან ეს სერიალი სწორედ ძალაუფლების ბეჭდების დამზადებისა და შუახმელეთის ელფებისა და ნუმენორელი ადამიანების საურონთან დაპირისპირების შესახებ იქნება.
სერიალი მხოლოდ “ბეჭდების მბრძანებელსა” და მის დანართებზეა დაფუძნებული და რაკი “სილმარილიონში” მოთხრობილი ამბების გამოყენების უფლებაც კი არ აქვთ, სცენარისტებს ბევრი ახალი პერსონაჟის ან დამატებითი ამბის გამოგონება თავად მოუწევთ. მთავარია, მოვლენები ისე განვითარდეს და ბოლოს ყველაფერი ისე დასრულდეს, როგორც ტოლკინს აქვს მოთხრობილი. აჯობებს, სერიალს ისე შევხედოთ, როგორც დამოუკიდებელ ნაწარმოებს, რომელიც ტოლკინის წიგნებზე დაფუძნებული კია, მაგრამ ბევრ რამეს სხვაგვარად აღწერს.
Bogart: არსებობს ასეთი აფორიზმი – “რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის”, რომლის ტოლკინისეული ადაპტაციაც მოხსენიებულია “ბეჭდის საძმოში”, – “ოქროს ზოდიც კი არ ბრწყინავს მუდამ…” – შეიძლება ეს აფორიზმი კარგად შეესაბამებოდეს “ძალაუფლების ბეჭდების” ადაპტაციის მიმდინარე “ხარისხს”?
ასეთი შედარება მოვლენათა დრამატიზება მგონია. პირადად მე ტოლკინის ნაწარმოებების ეკრანიზაციებიდან ვერც ერთს ვერ ვუწოდებ “ოქროს”. ვერც ერთი ვერ ასახავს სრულად ტოლკინის ნაწარმოებების სულს. თუმცა, ჯექსონის “ბეჭდების მბრძანებელი”, როგორც ფილმი, ცალკე აღებული, ძალიან კარგია. რასაც ვერ ვიტყვი ჯექსონის “ჰობიტზე”. ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ “ბეჭდების მბრძანებელი” ტოლკინის ნაწარმოებებიდან ერთადერთია, რომლის ადაპტირებაც შედარებით მოსახერხებელია. “ჰობიტის” შემთხვევაში კი, როცა ფილმებში ახალი პერსონაჟების და დამატებითი ამბების გამოგონება გახდა საჭირო, ზუსტად იმავე ხალხმა, ვინც “ბეჭდების მბრძანებლის” კარგი ეკრანიზაცია შემოგვთავაზა, თავი დიდად ვერაფრით გამოიჩინა.
ტაურიელი, ესგაროთის ქალაქისთავი და მისი თანაშემწე, აზოგი და მისი ვაჟი, რადაგასტი – არც ერთი ეს პერსონაჟი და არც მათი სიუჟეტური ხაზები მაინცდამაინც დასამახსოვრებელი არ ყოფილა. ჩემი აზრით, ეს სერიალი ჯერჯერობით სადღაც შუაშია – “ბეჭდების მბრძანებელს” ვერ შეედრება, მაგრამ “ჰობიტზე” უკეთესია. მართალია, სცენარისტები მწირ მასალებზე დაყრდნობით მუშაობენ, მაგრამ ვფიქრობ, რაღაცები უკეთ გამოსდით, ვიდრე “ჰობიტის” შემქმნელებს.
Bogart: რისი თქმა შეგიძლიათ ტერფბალნიანების[1] შესახებ? როგორც სერიალმა აჩვენა, მათი სლოგანი – “Nobody goes off-trail and nobody walks alone[2]” – სინამდვილეში არც ისე მეგობრულად სრულდება, როდესაც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ელანორ ბრენდიფუტის მამას, ფეხმოტეხილ ლარგოს, მიგრაციისას ქარავნის ბოლოს უკრავენ თავს, გაურკვეველ მომავალთან შესახვედრად…
ჰობიტების მომთაბარე წინაპრების ცხოვრების წესისა და ტრადიციების შესახებ თავად ტოლკინი მაინცდამაინც ბევრს არაფერს წერს, ამიტომ როგორც ჩანს, სცენარისტებმა ტერფბალნიანების საზოგადოების აღწერისას ნამდვილად არსებული პრიმიტიული საზოგადოებების შესახებ არსებული ფაქტები გამოიყენეს. მაგალითად, აღმოსავლეთ პარაგვაის მკვიდრი აჩეს ტომის ხალხში უფრო მკაცრი ტრადიციაც არსებობდა: მოხუცებულ და დაუძლურებულ ქალებს, რომელთაც მომთაბარეთა ჯგუფისთვის სარგებლობის მოტანა აღარ შეეძლო, ხოცავდნენ, ხოლო კაცებს – ჯგუფიდან აძევებდნენ და უკან დაბრუნებას უკრძალავდნენ. ალბათ სერიალში ამ სცენით იმის ჩვენება სურდათ, რომ რეალობა სასტიკია და ჰობიტებსაც შეუძლიათ თანამოძმეები მკაცრად დასაჯონ.
“ბეჭდების მბრძანებლის” პირველი ტომის შესავალში “ჰობიტების შესახებ” ვკითხულობთ: “ჯერ კიდევ მთებს იქით გადასვლამდე, ჰობიტების სამი მოდგმა არსებობდა: ტერფბალნიანები, ჯანიანები და ბაცკანიანები. ტერფბალნიანები უფრო მუქი კანით გამოირჩეოდნენ, დაბლები და სუსტები იყვნენ, წვერი არ ეზრდებოდათ, ფეხსაცმელს არ იცვამდნენ; ჰქონდათ ლამაზი და მოხდენილი ხელ-ფეხი; საცხოვრებლად უმეტესად გორაკებსა და ფერდობებს ირჩევდნენ. ჯანიანები უფრო მხარბეჭიანები და ჩასხმულები, გრძელხელიანები და გრძელფეხიანები იყვნენ; მდინარის ნაპირებთან და დაბლობებზე სახლდებოდნენ, ბაცკანიანები კი ყველაზე ლამაზები და თმახუჭუჭები იყვნენ, დანარჩენებისგან სიმაღლითა და ტანადობითაც გამოირჩეოდნენ; მათ მწვანე ტყეები მოსწონდათ.
ტერფბალნიანები ძველად ჯუჯებთან მეგობრობდნენ და მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ მთის ძირებთან. ისინი ყველაზე ადრე დაიძრნენ დასავლეთისკენ და ერიადორში, ავდარწვეროს სიახლოვეს მომთაბარეობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა მათი თანამოძმეები ველური მხარიდან აბარგებას არც აპირებდნენ. ისინი ყველაზე ნორმალური და მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები იყვნენ ჰობიტების სამი მოდგმისა. ჰობიტებს საცხოვრებლის ხშირი ცვლა არ უყვარდათ და ყველაზე დიდხანს ინარჩუნებდნენ წინაპრების ჩვეულებას – მიწაში სოროებისა და გვირაბების გათხრას შიგ ჩასასახლებლად[3].”
ნუმენორის შესახებ
ფეანორი ელდართა შორის ოსტატობითა და განსწავლულობით გამოირჩეოდა, აგრეთვე ყველაზე თავკერძა და ქედმაღალიც იყო. მან სამი ძვირფასი ქვა, სილმარილები, შექმნა და მათში ვალარების მიწის მანათობელი ორი ხის, ტელპერიონისა და ლაურელინის შუქი მოათავსა. ძვირფასი ქვები შურიანმა საყოველთაო მტერმა, მორგოთმა მოიპარა და ხეების განადგურების შემდეგ შუახმელეთში წაიღო. მტერი ძვირფას ქვებს თავის დიდ ციხესიმაგრე თანგოროდრიმში ინახავდა. ვალარების უნებართვოდ, ფეანორმა კურთხეული სამეფო დატოვა და შუახმელეთში გადასახლდა მრავალ ქვეშევრდომთან ერთად; სიამაყით დაბრმავებულს, მორგოთისთვის ძვირფასი ქვების ძალით წართმევა სურდა. შედეგად ელდართა და ედაინთა გაერთიანებული ლაშქარი თანგოროდრიმს დაუპირისპირდა. სისხლისმღვრელ ბრძოლაში მტერმა იმარჯვა. ედაინები (ატანები) იმ სამი ტომის ადამიანებს ერქვათ, რომლებიც პირველად გადმოვიდნენ შუახმელეთის დასავლეთში, დიდი ზღვის ნაპირებთან საცხოვრებლად და ელდარების მოკავშირეები გახდნენ საყოველთაო მტერთან ომში.
ელდარებმა და ედაინებმა მხოლოდ სამჯერ დაუკავშირეს ერთმანეთს სიცოცხლე: ლუთიენმა და ბერენმა, იდრილმა და ტუორმა და არუენმა და არაგორნმა. უკანასკნელი კავშირის შედეგად ნახევარელფთა გაყოფილი საგვარეულო ხაზი საბოლოოდ შეერთდა.
ლუთიენ ტინუვიელი იყო ასული დორიათის მეფე თინგოლ რუხიმოსასხამისა პირველ ეპოქაში. დედამისი მელიანი ვალართა მოდგმისა იყო. ბერენი იყო ძე ბარაჰირისა, ედაინთა პირველი საგვარეულოს მეფისა. ლუთიენმა და ბერენმა ერთობლივი ძალისხმევით მორგოთის რკინის გვირგვინიდან ჩამოჭრეს სილმარილი. ლუთიენი მოკვდავი გახდა და ელფებს სამუდამოდ ჩამოსცილდა. მის ვაჟს დიორი ერქვა. დიორის ასული იყო ელვინგი და სწორედ იგი ინახავდა სილმარილს.
იდრილ კელებრინდალი იყო ასული ტურგონისა, გონდოლინის ფარული სამეფოს მეფისა. ტუორი იყო ძე ჰუორისა, ედაინთა მესამე, ჰადორის საგვარეულოს მეფისა, რომელიც ყველაზე მეტად გამოირჩა მორგოთის წინააღმდეგ ომში. იდრილისა და ტუორის ვაჟს ეარენდილი ერქვა.
ეარენდილმა ელუინგი შეირთო ცოლად. მან სილმარილის ძალის გამოყენებით წყვდიადი დასძლია და უკიდურეს დასავლეთში გაცურა, სადაც ელფთა და ადამიანთა სახელით დახმარება ითხოვა მორგოთის დასამარცხებლად. ეარენდილს მოკვდავთა მხარეებში დაბრუნება აუკრძალეს და მისი ხომალდი სილმარილითურთ ზეციურ ზღვაში საცურაოდ, ვარსკვლავად აქციეს. ეარენდილის ვარსკვლავი საყოველთაო მტრის და მისი მსახურების მიერ შევიწროვებული შუახმელეთის მცხოვრებლებისთვის ახალი იმედის ნიშანი გახდა. სწორედ სილმარილებში ინახებოდა მორგოთის მიერ დაჭკნობილი ორი ხის უძველესი სინათლე; სამიდან ორი ქვა პირველი ეპოქის ბოლოს დაიკარგა. სრულად ეს ამბავი, ელფებისა და ადამიანების ისტორიასთან ერთად, “სილმარილიონშია” მოთხრობილი.
ეარენდილის ვაჟები იყვნენ ელროსი და ელრონდი, პერედილები, ანუ ნახევარელფები. მხოლოდ მათში იყო შენარჩუნებული პირველი ეპოქის ედაინების მამაცი წინამძღოლების ხაზი; გილგალადის სიკვდილის შემდეგ კი შუახმელეთში უზენაეს ელფთა ხელმიწფეების გვარიც მათი შთამომავლებით იყო წარმოდგენილი.
პირველი ეპოქის მიწურულს, ვალარებმა ნახევარელფებს პირობა წაუყენეს ან ერთ, ან მეორე მოდგმას მიკუთვნებოდნენ. ელრონდმა ელფთა მოდგმა არჩია და ბრძენკაცი გახდა. შესაბამისად, მასაც, კვლავაც შუახმელეთში მცხოვრები უზენაესი ელფების მსგავსად, ეს მომადლეს: როცა მოკვდავთა მიწაზე ცხოვრებით დაიღლებოდა, რუხი ნავსაყუდლებიდან გემით გაცურავდა უკიდურეს დასავლეთში. ხოლო ელრონდის შვილებს უნდა აერჩიათ: ან მამასათან ერთად სამყაროს მიჯნებს გასცდებოდნენ, ანდა დარჩებოდნენ, მოკვდავები გახდებოდნენ და შუახმელეთში დაიხოცებოდნენ. შესაბამისად, ელრონდისთვის ბეჭდის ომის ნებისმიერი შედეგით დასრულება მაინც სევდანარევი იქნებოდა.
ელროსმა ადამიანთა მოდგმა არჩია და ედაინებთან დარჩა; თუმცა, ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, წარმოუდგენლად ხანგრძლივი სიცოცხლე მომადლეს.
მორგოთთან ბრძოლაში განცდილი ტანჯვაწამების სანაცვლოდ, ვალარებმა, სამყაროს მცველებმა, ედაინები შუახმელეთისგან მოშორებით, ზღვაში მდებარე კუნძულით დაასაჩუქრეს. მრავალმა ადამიანმა დატოვა შუახმელეთი და ეარენდილის ვარსკვლავის მეგზურობით, მოკვდავთა მიწიდან დასავლეთით, დიდ კუნძულ ელენამდე მიცურა. იქ მათ ნუმენორის სამეფო დააარსეს.
კუნძულის შუაგულში დიდი მთა იდგა, მენელტარმა. იმის მწვერვალიდან მახვილი მზერის პატრონი კუნძულ ერესეაზე, ელდართა ნავსადგურის თეთრ კოშკს ხედავდა. ელდარები ედაინებს ხშირად სტუმრობდნენ, ასწავლიდნენ და ასაჩუქრებდნენ; თუმცა, ვალარებმა ნუმენორელებს ერთი აკრძალვა დაუწესეს: კუნძულიდან დასავლეთში გაცურვა და უკვდავთა მიწაზე ფეხის დადგმა ეკრძალებოდათ. ვინაიდან, მართალია, უბრალო ადამიანებზე სამჯერ ხანგრძლივი სიცოცხლის უნარით დააჯილდოვეს, ნუმენორელებიც მოკვდავები უნდა ყოფილიყვნენ. ვალარებს უფლება არ ჰქონდათ ადამიანებისთვის მათი ეს ძღვენი წაერთმიათ (თავად ადამიანებმა კი, შემდგომში, ამ ძღვენს “მწარე ხვედრი” უწოდეს).
ნუმენორის პირველი მეფე ელროსი იყო და შემდეგში უზენაეს ელფურ ენაზე ტარმინიატურად იწოდებოდა. მისი შთამომავლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ, მაგრამ მოკვდავები იყვნენ. როცა ნუმენორი გაძლიერდა, ნუმენორელებმა წინაპრების არჩევანი დაიწუნეს და ელდართათვის მინიჭებულ უკვდავებასა და აკრძალვის უსამართლობაზე დაიწყეს წუწუნი. ასე დაიწყო ამბოხი, საურონის ავი სწავლებებისგან ჩაგონებული, რომელმაც ნუმენორის დაცემა და ძველი სამყაროს განადგურება გამოიწვია. ეს ამბები აკალაბეთშია მოთხრობილი.
ქვემოთ ჩამოთვლილია ნუმენორელი მეფეებისა და დედოფლების სახელები: ელროს ტარმინიატური, ვალდამირი, ტარამანდილი, ტარელენდილი, ტარმენელდური, ტარალდარიონი, ტარანკალიმე (პირველი მმართველი დედოფალი), ტარანარიონი, ტარსურიონი, ტარტელპერიენი (მეორე დედოფალი), ტარმინასტირი, ტარკირიატანი, ტარატანამირ დიდი, ტარანკალიმონი, ტარტელემაიტი, ტარვანიმელდე (მესამე დედოფალი), ტარალკარინი, ტარკალმაკილი, ტარ-არდამინი.
არდამინის შემდეგ მეფეები ნუმენორულ (ადუნაურ) ენაზე იკურთხებოდნენ: არადუნახორი, არზიმრათონი, არსაკალთორი, არგიმილზორი, არინზილადუნი. ინზილადუნმა ძველი მეფეების ადათს მისდია და სახელი შეიცვალა: მან ტარპალანტირი “შორს მჭვრეტელი” დაირქვა. მისი ქალიშვილი მეოთხე დედოფალი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მეფის ძმისშვილმა ტახტი ძალით დაისაკუთრა. ეს იყო არფარაზონ ბრწყინვალე, ნუმენორელთა უკანასკნელი მეფე.
ტარელენდილის ზეობის დღეებში, ნუმენორელთა პირველი ხომალდები დაბრუნდა შუახმელეთში. მის უფროს შვილს, ასულს, სილმარიენი ერქვა. სილმარიენის ვაჟი იყო ვალანდილი, სამეფოს დასავლეთში მდებარე ანდუნიეს მმართველი, რომელმაც ელდარებთან მეგობრობით გაითქვა სახელი. მისი შთამომავლის, ამანდილის, ანდუნიეს უკანასკნელი მმართველის შვილი იყო ელენდილ მაღალი.
მეექვსე მეფეს მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდა, ასული. ის პირველი მმართველი დედოფალი გახდა. სწორედ მაშინ მიიღეს კანონი, რომ ტახტზე მეფის უფროსი შვილი, ვაჟი ან ქალი, ავიდოდა.
ნუმენორის სამეფომ მეორე ეპოქის მიწურულამდე იარსება და მისი დიდება და ბრწყინვალება განუზომლად იზრდებოდა; ასევე იზრდებოდა ნუმენორელების ცოდნა და განსწავლულობა, ცხოვრებით კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ. სიბნელის პირველი ნიშანი ტარმინასტირის, მეთერთმეტე მეფის ზეობის დღეებში გაჩნდა. სწორედ ტარმინასტირმა გაგზავნა დიდი ფლოტი გილგალადის დასახმარებლად. მეფეს უყვარდა ელდარები, მაგრამ იმავდროულად, შურდა მათი. ნუმენორელები უკვე დიდ ზღვაოსნებად ითვლებოდნენ, მთელი აღმოსავლეთის ზღვები გამოკვლეული ჰქონდათ და უკიდურესი დასავლეთისა და აკრძალული წყლებისკენ მიუწევდათ გული. რაც უფრო ბედნიერები და მხიარულები ხდებოდნენ, მით უფრო შენატროდნენ ელდართა უკვდავებას.
გარდა ამისა, ტარმინასტირის შემდგომი მეფეები მეტი ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოხვეჭას ცდილობდნენ. თავიდან ნუმენორელები შუახმელეთში საურონის მიერ გაწამებული უბრალო ადამიანების მასწავლებლებად და მეგობრებად ჩადიოდნენ, მაგრამ თანდათან მათი ნავსადგურები ციხესიმაგრეებად იქცა, საიდანაც ზღვისპირა ვრცელ მხარეებს იმორჩილებდნენ. ატანამირი და მისი შთამომავლები მძიმე ხარკს უწესებდნენ იქაურებს და ნუმენორული ხომალდები შინ ნადავლით დატვირთული ბრუნდებოდა.
პირველად ვალარების აკრძალვის წინააღმდეგ ტარატანამირი გამოვიდა და განაცხადა, რომ ელდართა მსგავსად, მასაც უფლება ჰქონდა მარადიულად ეცხოვრა. ამგვარად, წყვდიადი გაძლიერდა და სიკვდილის შიში უფრო მეტად ჩაიჭრა ნუმენორელთა გულებში. ნუმენორელები დაიყვნენ: ერთ მხარეს ელდარებისა და ვალარების მიმართ გაუცხოებული მეფეები და მათი მომხრეები იდგნენ, მეორე მხარეს კი – ისინი, ვინც თავს ერთგულებს უწოდებდნენ. ასეთები უმეტესად ნუმენორის დასავლეთ მხარეებში ცხოვრობდნენ.
მეფეებმა და მათმა მიმდევრებმა თანდათან სულ შეწყვიტეს ელდართა ენის გამოყენება; ბოლოს მეოცე მეფემ ტახტზე ასვლისას ნუმენორული სამეფო სახელი შეირჩია: არადუნახორი, “დასავლეთის მბრძანებელი”. ერთგულებს ეს ავის მომასწავლებად ენიშნათ, რადგან მანამდე მხოლოდ ვალარებს ან თავად ყოველთა უფალს უწოდებდნენ ასე. არადუნახორმა ერთგულების დევნა და ელფურ ენაზე მოსაუბრეების დასჯა დაიწყო; მას აქეთ ელდარები ნუმენორში აღარ მოდიოდნენ.
მაგრამ დიდი მეფეები ყოველთვის იღებენ იმას, რაც მათია
უთხრა საურონმა არფარაზონს
მიუხედავად ამისა, ნუმენორელთა ძალაუფლება და სიმდიდრე მაინც იზრდებოდა. სამაგიეროდ, სიკვდილის შიშით დათრგუნვილებს და დამწუხრებულებს, სიცოცხლის ხანგრძლივობა შეუმცირდათ. ტარ-პალანტირმა შეცდომის გამოსწორება სცადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ნუმენორში აჯანყება და ძმათა შორის დაპირისპირება ატყდა. მეფის სიკვდილის შემდეგ, მისმა ძმისშვილმა, აჯანყების მეთაურმა, ტახტი ხელში ჩაიგდო და მეფე არფარაზონი გახდა. არფარაზონ ბრწყინვალე ყველა მეფეზე უფრო ამაყი და ძლევამოსილი იყო, არც მეტი, არც ნაკლები, მთელი სამყაროს მბრძანებლობა სურდა.
ის თავად საურონს დაუპირისპირდა შუახმელეთზე გასაბატონებლად. მეფის წინამძღოლობით დიდი ფლოტი უმბარის ნავსადგურში შევიდა. ნუმენორელთა ძლიერება და ბრწყინვალება იმდენად აშკარა იყო, რომ საურონი მისმა მსახურებმაც კი მიატოვეს. საურონმაც მოწიწებით თაყვანი სცა არფარაზონს და მისი უძლეველობა აღიარა. შექებით გაბრუებულმა არფარაზონმა დატყვევებული საურონი ნუმენორში წაიყვანა. მალე საურონმა მეფე მოაჯადოვა და თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია; ყველა ნუმენორელის გული, გარდა ერთგულებისა, წყვდიადით აღავსო.
საურონმა მოატყუა მეფე, უთხრა, რომ ის, ვინც უკვდავთა მიწას ფლობდა, მარადიულად იცოცხლებდა; ხოლო აკრძალვის ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ ადამიანთა ხელმწიფეები ვალარებზე აღმატებულნი და დიადები არ გამხდარიყვნენ.
“- მაგრამ დიდი მეფეები ყოველთვის იღებენ იმას, რაც მათია,” – უთხრა საურონმა არფარაზონს. არფარაზონმაც დაუჯერა მის სიტყვებს, რადგან სიკვდილის შიშით შეპყრობილმა, აღსასრულის მოახლოება იგრძნო. მანამდე გაუგონარი სიდიდის არმადა შეკრიბა და დასავლეთისკენ გაცურა. მან ვალარების აკრძალვა დაარღვია და დასავლეთის მმართველებისგან მარადიულობის ძალით წართმევა სცადა. თუმცა, როგორც კი არფარაზონმა კურთხეული ამანის მიწაზე ფეხი დადგა, ვალარებმა დასახმარებლად ილუვატარს უხმეს და სამყარო შეიცვალა. ნუმენორი ზღვაში ჩაიძირა, ხოლო უკვდავთა მიწა სამყაროს მიჯნებს გასცდა. ასე ჩაესვენა ნუმენორის დიდების მზე.

ერთგულთა წინამძღოლები, ელენდილი და მისი ვაჟები, ჩაძირული კუნძულიდან ცხრა ხომალდით გამოიქცნენ, თან ნიმლოთის ნერგი და შვიდი შორსსაჭვრეტი ქვა (ელდართა საჩუქრები მათი საგვარეულოსთვის) მოჰქონდათ. მღელვარე ზვირთებზე ამხედრებულები გამოირიყნენ შუახმელეთის ნაპირებზე. იქ, ჩრდილოდასავლეთში, შუახმელეთს შეხიზნული ნუმენორელების სამეფოები არნორი და გონდორი დააარსეს. ელენდილი დიდი მეფე გახდა და ჩრდილოეთში, ანუმინასში ცხოვრობდა, ხოლო სამხრეთს მისი ვაჟები, ისილდური და ანარიონი განაგებდნენ. მათ დააარსეს ქალაქი ოსგილიათი, მინას ითილსა და მინას ანორს შუა, მორდორის საზღვრებთან ახლოს. მათ ეგონათ, რომ ამდენ უბედურებასა და ნგრევაში ერთი სასიკეთო საქმე მაინც გაკეთდა, საურონი აღესრულა.
თუმცა, ეს ასე არ იყო. საურონი ნუმენორის ნანგრევებში მოჰყვა და საკუთარი სხეული და გარეგნობა დაკარგა; შუახმელეთში მისი საზარელი სული დაბრუნდა. მას მერე ადამიანის თვალისთვის მომხიბლავი და მშვენიერი სახის მიღება აღარ შეეძლო, შავი და საზარელი გახდა, მისი ძალა კი მხოლოდ მის შემაძრწუნებლობაში იყო. ისევ მორდორში დაბრუნდა და იქ კარგა ხნით ჩუმად იცდიდა. როცა გაიგო, რომ მისთვის ყველაზე საძულველი ელენდილი ცოცხალი იყო და მისი სამფლობელოს საზღვრებთან სამეფო დაეარსებინა, სიბრაზემ შეიპყრო.
ამიტომაც, სანამ დევნილი ნუმენორელები შუახმელეთში ფეხს მოიკიდებდნენ, მათ ომი გამოუცხადა. ოროდრუინი ისევ ცეცხლოვანი გახდა და გონდორში ახალი სახელი ამონ ამართი, ბედისწერის მთა შეარქვეს. საურონს მეტისმეტად ადრე მოუვიდა ომის წამოწყება, რადგან ჯერ კიდევ არ იყო მოძლიერებული, ხოლო მის არყოფნაში გილგალადის ძალა გაზრდილიყო. “უკანასკნელმა კავშირმა” საურონი დაამარცხა და მას მმართველი ძალაუფლების ბეჭედი წაართვა. ასე დასრულდა მეორე ეპოქა[4].
Bogart: “ნუმენორის დაცემა” – ახალი წიგნი ტოლკინის სამყაროდან ამა წლის 10 ნოემბრიდან გამოიცემა. უახლოეს მომავალში ქართულ ენაზეც ხომ არ ითარგმნება? დამატებით რაიმე სიახლე ხომ არ იგეგმება, რაც ტოლკინთან კავშირშია?
გამომცემლობა “პალიტრამ” უკვე გამოსცა გიორგი გომართელის მიერ ქართულად თარგმნილი “ჰურინის შვილები”, “ბერენი და ლუთიენი” და “გონდოლინის დაცემა”. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, “ნუმენორის დაცემის” გამოცემის ჯერიც მოვა.
Bogart-ის შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას უხდის გამომცემლობა Palitra L-ს სტატიაში ციტირებული ოფიციალური თარგმანების გამოყენების ნებართვისთვის.
[1] Harfoots – “ბეჭდების მბრძანებლის” ოფიციალური ქართული თარგმანის მიხედვით – „ტერფბალნიანები“. რედ.შენ.
[2] ქართული თარგმანი – “ბილიკიდან არავინ უხვევს და ეულად არავინ დადის” – რედ. შენ.
[3] “ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო”, წინასიტყვაობა – ეს და ყველა შემდეგი ციტირებული თარგმანი შესრულებულია ნიკა სამუშიას მიერ
[4] “ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება”, დანართები