არჩევნის პრობლემა „მატრიცაში“

არჩევნის პრობლემა „მატრიცაში“

წაკითხვა
10 წუთში წასაკითხი

არჩევნის პრობლემა არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც წინ წამოწეულია ვაჩოვკსების „მატრიცაში“. მთავარი გმირის ნეოს ქმედებები მთლიანად მისი არჩევნის მიხედვით ვითარდება და ამით წყვეტს იგი სხვების ბედსაც. არჩევანი და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა განხილულია სხვადასხვა პერსონაჟების მიერ, შემოთავაზებული არის სხვადასხვა კონცეფციები, მაგრამ ადამიანი, რომელიც ამ კონცეფციებს გამოცდის და აღნიშნულ პრობლემას გადაწყვეტას უპოვის, არის სწორედ ნეო.

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ფილმში სწორედ ის კადრია, როდესაც ვხედავთ მორფეუსის წინ გამოწვდილ ხელებს და ის ნეოს სთავაზობს არჩევანს. ორი აბი – წითელი და ლურჯი.

კადრი ფილმიდან "მატრიცა" © Warner Bros. Entertainment Inc.
კადრი ფილმიდან “მატრიცა” © Warner Bros. Entertainment Inc.

აირჩევს ნეო ლურჯ აბს? მაშინვე გამოიღვიძებს და ყველა მისი ძიება, ეჭვი, ფარული შეხვედრები, გაახსენდება როგორც მხოლოდ სიზმარი და დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას. აირჩევს წითელს? ის გაიგებს შეულამაზებელ სიმართლეს.

მე მხოლოდ სიმართლეს გთავაზობ, მეტს არაფერს.

მორფეუსი

როგორც მორფეუსი ეუბნება, ის „აჩვენებს, თუ როგორი ღრმა არის კურდღლის სორო“ – მინიშნება თეთრ კურდღელზე, რომელსაც ლუის კეროლის ელისი გაჰყვება და თავისი სიზმრებისა და ირაციონალურის სიღრმეებში იმოგზაურებს.

ნეოსაც ეს გზა ელის – გაერკვეს რეალობაში, რომელიც გაცილებით უფრო რთული და მრავალდონიანი აღმოჩნდება, ვიდრე ეს მას და თავად მორფეუსს ეგონათ. არჩევანის გაკეთების შემდეგ მორფეუსი მხოლოდ რაღაც დონეზე აღმოჩნდება რეალობაში გარკვეული, ნეო უფრო წინ მიდის, გზას უკვალავს სხვებს და ყველა ამოცანას ამოხსნის, რადგან ის რჩეულია, ანუ მან გამოარჩია საკუთარი თავი ამისთვის. მისი არჩევანი უფრო ადრე მწიფდებოდა, ვიდრე ის მორფეუსს შეხვდებოდა. მორფეუსის ხელიდან წითელი აბის არჩევა მხოლოდ ამის დადასტურებაა, რაც გულში უდევს. ის თავის ახალ მეგობარს დიდი ხანია ეძებდა. და მორფეუსი მას მნიშვნელოვან რამეს ეუბნება: „მე მხოლოდ სიმართლეს გთავაზობ, მეტს არაფერს.“

მტანჯველი სიმართლე, რომელიც სასიამოვნო ტყუილს უნდა ჩაენაცვლოს. ყველა მითოსური (და რეალური) გმირის დილემა, როდესაც ორ გზას შორის უნდა გააკეთოს არჩევანი.

ორაკული, კადრი ფილმიდან "მატრიცა" © Warner Bros. Entertainment Inc.
ორაკული, კადრი ფილმიდან “მატრიცა” © Warner Bros. Entertainment Inc.

ის, ვინც ნეოს ამ არჩევანს მუდმივად შეახსენებს, არის ორაკული. მასთან ნეოს სულ სამი შეხვედრა ექნება. პირველ შეხვედრაზე ორაკული უხსნის, თუ როგორ ბრმად სწამს მორფეუსს ნეოსი, რომ ის მისთვის სიცოცხლესაც გაწირავს და მალე თავად ნეოს მოუწევს არჩევნის გაკეთება: გადაარჩინოს მეგობარი და თავად დაიღუპოს, თუ მორფეუსი მიატოვოს და თავად გადარჩეს.

ნეო ამას წინასწარ ვერ ხედავს, მაგრამ როცა მორფეუსს დაატყვევებენ, ნეო მატრიცაში ბრუნდება და მეგობარს გადაარჩენს, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდება: მატრიცაში შესვლის შემდეგ უკან ვეღარ გამოაღწევს და აგენტი სმითი მას კლავს.

მეორე შეხვედრისას ორაკული ნეოს წითელ კანფეტს მიაწოდებს, რომელიც იმ წითელ აბს ჰგავს, მორფეუსის ხელიდან რომ მიიღო – ესაა ნიშნება, რომ მის მიერ გაკეთებული არჩევანი კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს. სხვათა შორის, ნეო კანფეტზე ცივად უარს ამბობს, თითქოს არ სიამოვნებს. ეს არის არჩევნის ბოლომდე ვერ გააზრების მომენტი, ცნობიერად ის მას უარყოფს, მაგრამ გაუაზრებლად, ინტუიციურად სწორედ ეს სურს.

პირველად მეგობრის გამო გაიღო მსხვერპლი და მხოლოდ შემდეგ მიხვდა, თუ რა აირჩია. ამჯერად ნეო ორაკულს უყვება თავისი სიზმრის შესახებ, თუ როგორ ხედავს, რომ ტრინიტი სიმაღლიდან ეცემა და ამ დროს იგი იღვიძებს. ორაკული ჩაფიქრებული ეკითხება, ხედავს თუ არა იგი ტრინიტის სიკვდილს, რაც ნეოს ჯერ არ უნახავს. „გინდათ თქვათ, რომ მე უნდა გადავწყვიტო, იცოცხლებს თუ არა ტრინიტი?“, კითხულობს ნეო. და აქ ორაკული აძლევს პასუხს, რომელიც უმნიშვნელოვანესი შენიშვნაა ამ ფილმში:

არა, არჩევანი უკვე გაკეთებული გაქვს. ახლა უნდა მიხვდე, რატომ აირჩიე ეს.

და მართლაც, ნეო მოგვიანებით ერკვევა, თუ რა აირჩია. არჩევანი მან გულით გააკეთა, მაგრამ გონება შემდეგ ერკვევა ყველაფერში. როცა წითელ აბს იღებდა, უთხრეს, რომ მორფეუსსა და საკუთარ თავს შორის უნდა აერჩია – რომელი მოკვდებოდა – არ უთქვამთ. იცოდა კი, ცხოვრების გზის არჩევისას ტრინიტის ბედი ამით უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა? არ იცოდა. ან იცოდა, რომ ორაკულთან მესამე შეხვედრის შემდეგ საკუთარი თავი უნდა შეეწირა, რათა თავისი ბნელი ორეული – აგენტ სმითი დაემარცხებინა საკუთარ თავში და მისგან გაეთავისუფლებინა ადამიანთა და მანქანათა სამყარო? არა, არც ეს იცოდა.

ამას არკვევს იგი გზადაგზა, თანმიმდევრობით და აღწევს საბოლოო გამონათებას, როდესაც როგორც ნეომ, ისე ყველა ადამიანმა თავისი გზის ბოლოს უკან უნდა მოიხედოს და დაინახოს, თუ რა აირჩია სინამდვილეში და ეს არჩევანი აისახება ყოველ ქმედებასა და პოზიციაში, რაც პიროვნებას ცხოვრების გზაზე განუხორციელებია.

ჩვენ ხშირად დაუფიქრებლად ვირჩევთ გზას, ან პიროვნებას, ან მოქმედებას გეგმას ისე, რომ არ გვაქვს გააზრებული პასუხისმგებლობა, შედეგები, თუ რისი აღსრულება მოგვიწევს საბოლოო მიზნის მისაღწევად. ნეოს მიერ ამოხსნილი ამოცანები არის შეხსენება იმ პასუხისმგებლობის, რომელსაც ჩვენი ყოველი არჩევნის დროს ვატარებთ.

რა გამოწვევას იღებს ნეო თავისი ბნელი ორეულისგან – აგენტი სმითისგან – არჩევანის ფენომენთან დაკავშირებით? როდესაც ბოლო გადამწყვეტ ბრძოლაში სმითი განრისხებულია ნეოს შეუპოვრობით, ის ეკითხება: „რატომ? რატომ ჯიუტობ?“, რაზეც ნეო პასუხობს: „იმიტომ, რომ ეს ავირჩიე.“

აგენტი სმითი, კადრი ფილმიდან "მატრიცა" © Warner Bros. Entertainment Inc.
აგენტი სმითი, კადრი ფილმიდან “მატრიცა” © Warner Bros. Entertainment Inc.

მთელი თავისი ძლევამოსილების მიუხედავად, აგენტ სმითს არ ესმის არჩევნის არსი. ის არის მიზანმიმართული არსება, რომელიც დაუფიქრებლად ქმნის თავის ასლებს – სხვა არჩევანი არ აქვს. ის კაცობრიობას თვლის ვირუსად, სინამდვილეში კი, თვითონ არის ვირუსი. ნეო იმარჯვებს არა ძალით, არამედ იმით, რომ ბრძოლა აირჩია. ძალით ის ძალიან ჩამორჩება აგენტს, მაგრამ ის იმარჯვებს თვითშეწირვით, რადგან კი არ გაექცა, არამედ თავად აირჩია ბრძოლაში სიკვდილი – საკუთარი სიკვდილი თავად აირჩია. აგენტს რადგან არჩევნის და თავისუფალი ნების ეს კონცეფცია არ ესმის, სიკვდილის წინ ამიტომ ამბობს: „ეს უსამართლოა!“ – სიკვდილის მომენტშიც კი ვერ გაიგო, რატომ დამარცხდა.

ლუციფერული არსებები არიან ისინი, ვინც განვითარებისას ჩამორჩნენ და განვითარებაში შემოაქვთ რაღაც უცხო. ეს ლუციფერული არსებები დაინტერესებულები არიან იმით, რომ დაეუფლონ ადამიანს ისე, რომ იგი ვერ მივიდეს თავისუფალ ნებამდე, რადგან თავად ვერ მოიპოვეს თავისუფალი ნება.

რუდოლფ შტაინერი

ნეო არჩევნის შესახებ მსჯელობას აწყდება მეროვინგენთან საუბარშიც. მეროვინგენი სამყაროში ყოველ მოქმედებას განიხილავს, როგორც გარედან დამდგარი მიზეზისა და შესაბამისი შედეგის ჯაჭვს.

მეროვინგენი, კადრი ფილმიდან "მატრიცა" © Warner Bros. Entertainment Inc.
მეროვინგენი, კადრი ფილმიდან “მატრიცა” © Warner Bros. Entertainment Inc.

მეროვინგენი – ეს ცინიკოსი, უფუნქციოდ დარჩენილი პროგრამა, რომელიც იატაკქვეშეთშია გამწესებული. მისი ცოლი როგორც აღნიშნავს, მეუღლე ოდესღაც ნეოს ჰგავდა, ანუ ისიც რჩეულის კანდიდატი იყო. მაგრამ მან ვერ შეძლო ეს, ვერ შეასრულა ის, რასაც ნეო ასრულებს, ამიტომ დეგრადირდა და უარყოფს არჩევნის კონცეფციას, რისი საწინააღმდეგო მაგალითია ნეო – რეალიზიებული რჩეული, რომელმაც ყოველ ჯერზე დაადასტურა, რომ იბრძვის იმისთვის, რაც აირჩია.

ფუფუნებაში, მარაზმსა და დეკადანსში ჩაძირული მეროვინგენი უნებისყოფოა, ხოლო ნეო საკუთარი არჩევნისთვის ბრძოლაში ნებას, ნებისყოფას ამჟღავნებს. არ კმარა იყო რჩეულობის კანდიდატი ან დაგასახელონ ასეთად, ნამდვილი გამორჩევისთვის საჭიროა ბრძოლა, ნამდვილი ნების ქონა, რაც მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, კარმას დაძლევს.

თქვენ მხოლოდ სხვის ნებას ასრულებთ. არჩევანი არის ილუზია.

მეროვინგენი (ზოგჯერ ფრანგსაც ეძახიან)

რა არჩევნის წინაშე დააყენებს არქიტექტორი ნეოს? არქიტექტორი სთავაზობს: მატრიცა სადაცაა უნდა გადაიტვირთოს, ხოლო მატრიცას გარიდებული და აჯანყებული ხალხი უნდა განადგურდეს. ამ დროს ნეოს გადასარჩენად მატრიცაში შემოსული ტრინიტის სიცოცხლე საფრთხეშია. არის ორი კარი:

  • გახვალ მარჯვენა კარით? მოასწრებ გარკვეული რაოდენობის ადამიანების ამორჩევას, რათა დიდი განადგურების შემდეგ კაცობრიობა ისევ გამრავლდეს, მაგრამ ტრინიტის ვეღარ გადაარჩენ.
  • გახვალ მარცხენა კარით? ტრინიტის იხსნი, მაგრამ კაცობრიობა განადგურდება.

ნეოს ყველა წინამორბედი მატრიცას წინა ვერსიებში ირჩევდა კაცობრიობის გადარჩენას, მათი ბმა თავიანთ მსგავს არსებებზე იყო აბსტრაქტული. მაგრამ ნეოს მიჯაჭვულობა სრულიად კონკრეტულია – ის შეყვარებულია. და ის ირჩევს ტრინიტის გადარჩენას. მაგრამ ამ განსაკუთრებული არჩევნით ნეო გვაჩვენებს, თუ როგორ ინარჩუნებს პასუხისმგებლობას: არქიტექტორის მშრალ და კონკრეტულ ამოცანას თურმე ამოხსნის სხვა ვარიანტებიც ჰქონია, გაკეთებული არჩევნით არ დგება მხოლოდ ის შედეგი, რომელიც მანამდე ჩანდა. ტრინიტის არჩევის გამო კაცობრიობა არ განადგურებულა, არამედ ნეომ თავისი საკუთარი გამოსავალი ნახა, რაც მას მართლაც რჩეულად აქცევს – ეს არის სწორედ „მატრიცა: რევოლუცია“, ანუ რევოლუციის მოხდენა მატრიცაში.

არქიტექტორის ვარიანტები არ ახდა, რადგან ნეომ არა მხოლოდ აირჩია ორ შესაძლებლობას შორის, არამედ ბრძოლა არ შეწყვიტა უკეთესი მომავლისა და შედეგისთვის. ეს არის მისი გაკვეთილი: მაშინაც კი, როცა მკაცრად გვისაზღვრავენ შესაძლო ქცევების მოდელებს, ვიბრძოლოთ და ვიპოვოთ გაუმჯობესებული მოდელები, რადგან უკეთესი შედეგიც შესაძლებელია.

არქიტექტორთან საუბარში ნეო ამბობს: „არჩევანი. პრობლემა არჩევანშია“ – ის იაზრებს, რომ თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი გზა ამ ორ გამოსავალს შორის და ამ დროს თითქოს ორაკულის მანამდე ნათქვამი სიტყვები ისმის მასში:“ნუ დაიჯერებ იმას, რასაც ბედზე ჰყვებიან. შენს ცხოვრებას თავად მართავ.“

არქიტექტორი, კადრი ფილმიდან "მატრიცა" © Warner Bros. Entertainment Inc.
არქიტექტორი, კადრი ფილმიდან “მატრიცა” © Warner Bros. Entertainment Inc.

 ორაკული არაერთხელ უსვამს ხაზს, რომ ადამიანი ვერ ხედავს, თუ რა აირჩია, როდესაც ის არჩევანს აკეთებს იმათ შორის, რაც მან წინასწარ არ იცის. ის ასევე ახსენებს, რომ ისიც აკეთებს თავის არჩევანს და შემდეგ ამას აფუძნებს თავის რწმენაზე. როდესაც ყველა შედეგი დადგება, ნეო გაწირავს თავს და განახლებული ორაკული ბრუნდება, სერაფი ეკითხება მას: „იცოდით ეს ყველაფერი რომ მოხდებოდა?“, რაზეც ორაკული პასუხობს: „არა, მე მწამდა. უბრალოდ მწამდა.“

არჩევანი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ცხოვრების განმავლობაში, ხშირად ამოუცნობია თავისი სირთულით და ის, რაც ჩვენ გაგვაბედინებს, რომ ვიბრძოლოთ, მეტი მოვინდომოთ, არის გარკვეული რწმენა. არა სისტემატიზებული, არა გარედან დასწავლული, არამედ ის შინაგანი რწმენა, გულის ხმა, რომელიც არავისგან გვისწავლია, რაც ჩვენშია და თანდაყოლილია, რაც ყველაზე გამოუცნობ სიტუაციებში გვეხმარება, რომ დავძლიოთ სირთულეები. ამ რწმენით იწამა მორფეუსმა ნეო, როდესაც ერთგულ მეგობრად და თანამებრძოლად მოევლინა, ის არ არის გარკვეული მატრიცას და სამყაროს მოწყობის ყველა საიდუმლოში, მაგრამ მისი გამარჯვება ნეოსადმი მინდობით იწყება. ამ რწმენით უყვარს ტრინიტის ნეო, როდესაც სწამს, რომ ის მკვდარიც კი უნდა აღდგეს სიყვარულის ძალით და შედეგად იღებს იმას, რომ სიკვდილის წინაც კი უსაზღვროდ მადლიერია, რომ სწორედ ნეოს შეხვდა, რომ სწორედ ნეოს გამო მიიღო ყველაფერი, რაც დადგა, მათ შორის მისი სიკვდილიც, რომელიც მას არ აშინებს.

ეს რწმენა აკლია მეროვინგენს, რომელიც დაცემული რჩეულია და არ მიჰყვა საკუთარი შინაგანი რწმენის ხმას. ეს რწმენა აკლია არქიტექტორსაც, რომელიც ორაკულის ანტაგონისტია და სიამოვნებას მხოლოდ მშრალ ფორმულებსა და გათვლებში პოულობს.

რწმენის ფენომენს, როგორც არჩევნის გაკეთების აუცილებელ პირობას, ააშკარავებს ორაკული, რომელიც სულაც არ არის ყოვლისმცოდნე, არამედ მისი ცოდნა თავისივე შინაგანი რწმენიდან მომდინარეობს და ამის საფუძველზე აკეთებს პირად არჩევანს.